ირაკლი ჯინჭარაძე: განვიხილავთ ღია კაფეებისა და ღამის კლუბების ამოქმედების საკითხსაც
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
„მალე გვექნება შესაბამისი რეგულაციები სანაპირო ზოლისთვის. გეტყვით იმასაც, რომ ეს რეგულაციები საკმაოდ მკაცრია, მაგრამ შეზღუდვების დაწესება ჯობია იმ გართულებებს, რომლებიც შეიძლება გაუფრთხილებლობით მოვიმკათ“
ახალმა კორონავირუსმა რთული გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი ქვეყანა. დაწესდა სხვადასხვა სახის შეზღუდვა, უმეტესად თავისუფლად გადაადგილებასთან დაკავშირებით. . . და ამან დაგვანახა, რომ ზოგიერთი სივრცე, მასში ყოფნა და სეირნობა წყალივით აუცილებელია ჩვენთვის, ბათუმელებისთვის. დიახ, ბულვარი ერთ-ერთი ისეთი ადგილია, რომლის ჩაკეტვაც შეუძლებელია, რადგან, როგორც კიდევ ერთხელ რეალობამ დაგვანახა, იგი მთავარი რეკრეაციული ზონაა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო, მთავარი ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, სოციალური დისტანციისკენ კვლავაც მოგვიწოდებენ. ბათუმის ბულვარი სწორედ ის ადგილია, სადაც რეკომენდაციების დაცვით, უსაფრთხოდ შეგვიძლია სუფთა ჰაერზე მშვიდად სეირნობა.
მაინც რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ბულვარი ახალ რეალობაში და როგორ ემზადება იგი საზაფხულო სეზონისთვის? ჩვენს კითხვებს ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ უპასუხა.
– ბატონო ირაკლი, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ბათუმის ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული ზონა?
– ყველაზე მნიშვნელოვანი რაც პანდემიამ დაგვანახა, არის ის, რომ ბულვარი ნამდვილად ქალაქის ფილტვებია. ამ პერიოდშიც კი, როდესაც ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობაა და მაშინაც, როცა პიკს ვუახლოვდებოდით, ბულვარი რჩებოდა იმ სივრცედ, სადაც ადამიანები გამოდიოდნენ და სუფთა ჰაერზე სეირნობდნენ. რთული იყო რეალობა, რომელშიც 139 წლის ისტორიის მქონე ბაღი აღმოჩნდა მაშინ, როცა მთავრობასთან ერთად მის დაკეტვაზე ვფიქრობდით. მოგეხსენებათ, რომ მას არ გააჩნია ჯებირები, შესასვლელ-გამოსასვლელი და რომ ის მთლიანად ღია სივრცეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გავიარეთ ყველა რეკომენდაცია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბაღი დაგვეტოვებინა ღიად, მაგრამ დაგვეცვა დისტანცია და დაგვეწესებინა რიგი შეზღუდვები. ამის შემდეგ დავხურეთ საბავშვო გასართობი სივრცეები, ჩოგბურთის კორტები, სპორტული მოედნები და ტრენაჟორები. იყო შემთხვევები, როცა მოქალაქეები არღვევდნენ რეკომენდაციებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, უმეტესობა მაინც იცავდა დისტანციას და გვემორჩილებოდა, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
– როგორც ვიცით, ამჟამად აქტიურ მუშაობაზე გადახვედით, რამდენად დაცულია თანამშრომლების უსაფრთხოება ?
– მკაცრად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს რეკომენდაციების შესაბამისად. ამ რთული პერიოდის დროსაც, როცა ჩვენი მუშა-სპეციალისტები მთლიანი დატვირთვით ვეღარ გამოგვყავდა სამუშაოდ, შევქმენით ჯგუფი, რომლის წევრებიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, უსაფრთხოდ, თავისი ეკიპირებით უვლიდნენ ბულვარს. ყველა ხედავდა, რომ ბაღი ყოველდღე დასუფთავებული, მოწესრიგებული და მოვლილი იყო. მინდა მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო. შესაბამისად, სამუშაოდ არ გამოგვიყვანია ასაკოვანი და რისკჯგუფებში მყოფი სხვა ადამიანები. გუშინ უკვე მთლიანად გადავედით აქტიურ მუშაობაზე. ყველა მუშა-სპეციალისტი ადგილზეა და ვემზადებით სეზონისთვის. ვიცავთ რეგულაციებს – სამუშაო დღეს ვიწყებთ თერმოსკრინინგით, გასახდელში შედის მხოლოდ ორი ადამიანი, დღის განმავლობაში ურიგდებათ საჭირო რაოდენობის პირბადეები და ყველგან განთავსებულია სადეზინფექციო საშუალებები. ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს თანამშრომლებს, რათა არც ერთი მათგანის ჯანმრთელობა არ დავაყენოთ საფრთხის წინაშე.
-ამჟამად რა სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმის ბულვარში ?
– როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე გამწვანებითი საგაზაფხულო-საზაფხულო სამუშაოები. ირგვება ახალი ყვავილები, მცენარეები, ხეები და ყველაფერი კეთდება ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ჩვეულ რიტმში.
– ვნახეთ და მოვისმინეთ ხმოვანი გაფრთხილებებით, როგორ მოუწოდებთ დისტანციისკენ ბულვარის ტერიტორიაზე მოსეირნე ადამიანებს, რამდენად ითვალისწინებენ ისინი ამ რეკომენდაციებს ?
– რადგან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დაგვეხურა ბულვარი, აუცილებელი იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვა. პირველი ამოცანა იყო, ადამიანებისთვის მოგვეწოდებინა, ესეირნათ დისტანციის დაცვით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მოვიფიქრეთ ხმოვანი გაფრთხილება. იგი ისმის როგორც ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე გოლფის მანქანებზე დაყენებულ დინამიკებში. ჩვენი თანამშრომლები დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე დადიან და ხმოვანი გაფრხილებებით მოუწოდებენ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რაც მთლიანად აღმოფხვრის საფრთხეს, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მეც კი, ამ ხმაზე წამში ვფხიზლდები. ვფიქრობ, არ არის შემაწუხებელი, პირიქით, სასარგებლოა, რადგან მობილიზებისკენ უბიძგებს ადამიანს. აქვე აღვნიშნავ, რომ ადამიანების ცნობიერება ისეა გაზრდილი, უმრავლესობა ზუსტად იცავს წესებს. რასაკვირველია, წითელი ალმებისა და აკრძალვის ნიშნების მიუხედავად, ზოგიერთი მაინც ვარჯიშობს ტრენაჟორებზე, ასეთი ფაქტებიც არის.
– რამდენად უსაფრთხოა ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილება?
– თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას და გაფრთხილებას, ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილება ნამდვილად უსაფრთხოა. თუ არ შევიკრიბებით 10 კაცზე მეტი და არ შევეხებით იმ ნივთებს, რომლებიც განლაგებულია ბულვარის ტერიტორიაზე, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსი არ გადადის სეირნობით, სუფთა ჰაერი კი აუცილებელია, მით უფრო, რომ ქვეყანაში დეპრესიული ფონია. ბულვარი ნამდვილად არის ის სივრცე, სადაც შესაძლებელია უსაფრთხოდ ვისეირნოთ, დისტანციის დაცვით.
– რამდენად მზად ხართ ამ მოვლენების ფონზე საზაფხულო სეზონისთვის ?
– საზაფხულო სეზონისთვის ბულვარი მზად არის, თუმცა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს განახლების პროცესი. ტერიტორიაზე როგორც მოვლითი, ასევე დასუფთავების სამუშაოები დავიწყეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მიმზიდველი ადგილი სანაპირო ზოლია, დაწყებულია გასწორებითი სამუშაოები, რაც დაახლოებით ათი დღეში დასრულდება. ჯანდაცვის სამინისტროსთან და სპეციალურ ჯგუფებთან ერთად ვმუშაობთ რეგულაციებზე, თუ როგორი სახით შეხვდება დამსვენებელს ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი წელს და ასევე, როგორ განთავსდება შეზლონგები. ყველაზე აუცილებელია დისტანციის დაცვა. მალე გვექნება შესაბამისი რეგულაციები სანაპირო ზოლისთვის. გეტყვით იმასაც, რომ ეს რეგულაციები საკმაოდ მკაცრია, მაგრამ შეზღუდვების დაწესება ჯობია იმ გართულებებს, რომლებიც შეიძლება გაუფრთხილებლობით მოვიმკათ. ასევე, განვიხილავთ ღია კაფეებისა და ღამის კლუბების ამოქმედების საკითხსაც.
– როგორია ბულვარის დირექტორის მთავარი მოწოდება მოქალაქეებისთვის?– დაიცავით დისტანცია, გაუფრთხილდით ერთმანეთს, თქვენს მეგობრებს და გარშემომყოფებს. თუ გავითვალისიწნებთ ყველა რეკომენდაციასა და რეგულაციას, უფრო დაცულები ვიქნებით. ნუ შეეხებით ბულვარის ტერიტორიაზე განლაგებულ ნივთებს და თავისუფლად, მშვიდად, იმედიანად შეგიძლიათ ისეირნოთ, ჩაისუნთქოთ სუფთა ჰაერი და განიტვირთოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!