მრწამსი
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
სხალთის ეპარქიას კიდევ ერთი გამორჩეული ტაძარი შეემატება
დაბა შუახევში მშენებარე სულთმოფენობის ტაძარი მართლმადიდებლური ეკლესიის შენობისთვის აუცილებელ ყველა პირობას აკმაყოფილებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ისა და სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით ადგილი ოთხი წლის წინ გამოინახა. შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ტაძრისთვის განკუთვნილი ტერიტორია ეკლესიას საკუთრებაში დროულად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადასცა, რაც, ბუნებრივია, საჯარო რეესტრში აისახა.
აჭარის მთიანეთის რიგი ტერიტორიები მცოცავი, მეწყერ ან ზვავსაშიშია, ამიტომ სპეციალისტებმა ადგილის ვარგისიანობაზე გეოლოგიური დასკვნა გასცეს. ყოველგვარი მშენებლობა არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტის შექმნას საჭიროებს. საქართველოს საპატრიარქოს სამხატვრო საბჭომ ასეთი პროექტები დროულად დაამტკიცა. მშენებლობის კონსტრუქტორია ბესო ბატიაშვილი. ასევე დიდია მთავარი კონსტრუქტორის ზურაბ ოქროშიძის წვლილი.
სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით სამშენებლო ბრიგადა შეიქმნა, რომელსაც მშენებელ-ინჟინერი დემურ მშვენიერაძე ხელმძღვანელობს.
კაცხისა და ბანას ეკლესიების სადარი ტაძრის ასაშენებლად დროულად გამოინახა დაფინანსების წყაროები. მთავარ დამფინანსებლად ფონდი „ქართუ“ რჩება. მშენებლობა საჭირო მასალებით დროულად მარაგდება. მშენებლობის ყველა პირობის უზრუნველყოფა, სამშენებლო სამუშაოების კონტროლი და ზედამხედველობა, რიგ პრობლემებზე პასუხისმგებლობა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სხალთის ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუფე სპირიდონს ეკისრება.
საძირკველში დუღაბის ჩასხმის დღიდან სამშენებლო ხარაჩოებთან მშენებელ თენგიზ, დავით ოყროშიძეებთან, თამაზ მსხილაძესთან, ანზორ ბერიძესთან, გია, მარადი სურმანიძეებთან, ბეჟან დავითაძესთან, ირაკლი შაინიძესთან ერთად დგას მეუფე სპირიდონი. ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად იმ დღესაც, როცა ათეულობით კუბური მეტრი ბეტონის დუღაბით კონქი შეიკრა, სამუშაოებს აკვირდებოდა.
2009 წლიდან მოყოლებული, სხალთის ეპარქიაში რამდენიმე ტაძარი აიგო. დაბა შუახევში მშენებარე ტაძარი ყველაზე მაღალი იქნება. მისი არქიტექტურული სტილიც გამორჩეულია. უფლის ნებით, კეთილი ადამიანების თანადგომით, მღვდელმსახურების ლოცვა-კურთხევით, მშენებლობას ხარაჩოები მალე მოეხსნება და სხალთის ეპარქიას კიდევ ერთი გამორჩეული ტაძარი შეემატება.