ოპოზიციამ მინისტრს კითხვები მედიის მეშვეობით დაუსვა
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ისევ ბოიკოტს უცხადებენ. დეპუტატები 22 მაისს საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ, თუმცა სესიას, რომელზეც „მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანგარიში წარადგინა, არ დაესწრნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მინისტრ ტიტე აროშიძეს ორი კითხვა მედიასაშუალებებით გაუგზავნეს.
– დღემდე არაა შესრულებული 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. ასევე, ველოდებით ანტიკრიზისული გეგმის და ბიუჯეტის წარდგენას. სწორედ ამიტომ, ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ორი კითხვა გვინდა დავუტოვოთ. პირველი ეხება 100 მილიონზე მეტ ლარს, რომელიც 2012 წლის შემდეგ დაიხარჯა აჭარის რეგიონში, თუმცა იმაზე ნაკლებ პროდუქციას ვაწარმოებთ, ვიდრე 2012 წელს. სად გაქრა ეს 100 მილიონი ლარი, კონკრეტულად რომელ ფერმერებს დაეხმარნენ? ამასთან, მინისტრისგან ველოდებით პასუხს, დაგვისახელოს რომელიმე განვითარებული ქვეყანა, სადაც სახელმწიფო დაკავებულია კიტრის და პომიდვრის მოყვანით, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ. დეპუტატს ვკითხეთ, რატომ მიმართეს მინისტრს მედიასაშუალებებით მაშინ, როცა შეეძლოთ, უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში, სესიის მსვლელობისას პირადად მიემართათ მისთვის და პასუხებიც იქვე მიეღოთ.
-ამ კითხვებს უკვე რანდენიმე წელია ვსვამთ. როდესაც ხელისუფლება არ ასრულებს მის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას, წინასაარჩევნოდ გასცემენ დაპირებებს და შემდეგ აღარ ასრულებენ, ეს ნიშნავს, რომ მიეჩვივნენ ტყუილების თქმას. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ხელისუფლებას მათ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების შესრულება. სათქმელია ისიც, რომ დღემდე არცერთ სახელმწიფო ინსტიტუციას რეაგირება არ მოუხდენია კორუფციაზე, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა თუ სხვა მნიშვნელოვან დარღვევებზე. აქვე გეტყვით, უმაღლესი საბჭოს 21 მაისის სესიაზე უმრავლესობის დეპუტატებმა ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა 20 წუთში დაასრულეს. ხელისუფლება არაადეკვატური და არაეფექტური გახდა, ის ვერ უძლებს კრიტიკას, რა წინადადებაც უნდა მიაწოდო, რეაგირებას არ ახდენენ, – გვითხრა გია აბულაძემ.