მაია ხაჯიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წელი შეაჯამა
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 21 მაისის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს და კენჭი უყარეს. საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა 2019 წელი შეაჯამა. ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა განხორციელებულ პროგრამებსა და დაგეგმილ აქტივობებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიამ უწყება არაერთი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, რის გამოც ახლებურად განსაზღვრეს პრიორიტეტები და შეასწორეს ბიუჯეტი.
მაია ხაჯიშვილს დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს სამინისტროს ნაყოფიერი მუშაობისთვის, დასვეს შეკითხვები და ამომწურავი პასუხებიც მიიღეს. ~
– 2019 ჩვენი უწყებისთვის გამორჩეულად წარმატებული წელი იყო. დეპუტატებს მოკლე ანგარიში წარვუდგინეთ იმ აქტივობებზე, რაც ჩატარდა ყველა მიმართულებით. შეიძლება ითქვას, ბიუჯეტის თითქმის 97-პროცენტიანი შესრულება იმის დასტურია, რომ სისტემაში შემავალი ყველა რგოლი აქტიურად ახორციელებს თავის მოვალეობას. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც იყო პროცესში ჩართული. ჩვენ მაქსიმალურად მივიტანეთ მოსახლეობამდე ყველა სერვისი, რაც გათვალისწინებული იყო პროგრამის ფარგლებში. გარდა ამისა, 2020 წელზეც ვისაუბრეთ, არსებულ გამოწვევებზეც. ჩვენს სამინისტროზე განსაკუთრებული გავლენა იქონია პანდემიამ, მაგრამ მოკლე ვადებში გავეცით პასუხები ყველა გამოწვევას. ჩემს ანგარიშში ვისაუბრე დისტანციურ სწავლებაზე, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე უმაღლეს სასწავლებლებში. შევეხეთ კულტურის პროექტებს, რაც მიმდინარეობს და სამომავლო გეგმებს, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა. მინისტრმა ისაუბრა იმ სიახლეებზეც, რასაც უწყება გეგმავს 2020 წელს.
-განხორციელებულმა პროექტებმა უპასუხა არსებულ გამოწვევებს, იყო ეს ონლაინმუზეუმები, ონლაინპლატფორმების გამოყენებით კულტურის შეთავაზება, დისტანციური სწავლება, ასევე სახელოვნებო სკოლების მიმართულება თუ სხვა. ეს იყო ის ნაბიჯები, რაც გამოწვევის საპასუხოდ გადაიდგა, – აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა. მინისტრმა ისაუბრა ახალგაზრდებისთვის კვალიფიციური განათლების მიწოდებაზეც.
-აუცილებელია ლაბორატორიების, ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა და გადაცემა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლებისთვის. ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია საზღვაო აკადემიაში საწვრთნელი აუზის მოწყობა, რომლისთვისაც სამუშაოები შესყიდულია და უახლოეს პერიოდში დაიწყება განხორციელება. ასევე, მნიშვნელოვანია საერთო საცხოვრებლები, რაც ახალგაზრდებს ხელს უწყობს სწავლის პროცესში ბინის ქირაზე შეღავათი ჰქონდეთ, – აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა. მინისტრმა, ასევე, თქვა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამხატვრო, სამუსიკო და სასპორტო სკოლების პედაგოგებისთვის და პანსიონში დასაქმებული პერსონალისთვის ხელფასის გაზრდა. მინისტრი აცხადებს, რომ პანდემიამ კულტურის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ხელი შეუშალა.
– ის, რაც ხალხმრავლობასთან ასოცირდება – ფესტივალები თუ კონცერტები, ყველაფერი შევაჩერეთ, თუმცა მზად ვართ, როგორც კი მოიხსნება შეზღუდვები და გვექნება შესაბამისი რეკომენდაციები და რეგულაციები, განვაახლოთ პროდუქტების მიწოდება. ჩვენი მსახიობები, მუსიკოსები არ წყვეტდნენ მოსახლეობის მხარდაჭერას, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, მინისტრის ანგარიშის შემდეგ, მედიკოსებთან ერთად, პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში განსაკუთრებული შრომისთვის მადლობა პედაგოგებსაც გადაუხადა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დეპუტატებმა ცნობად მიიღეს.
კანონმდებლებმა ასევე ცნობად მიიღეს 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, რომელიც სესიაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, მინისტრის განცხადებით, შემოსულობების ნაწილში – 106, 2, ხოლო ხარჯვითი ნაწილში – 95,3 პროცენტით შესრულდა. საბიუჯეტო მუხლების შესრულების პარამეტრების დეტალური წარდგენის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.
მინისტრის შემდეგ, საკითხთან დაკავშირებით, თანამოხსენებები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძემ და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავამ.
სესიაზე კანონმდებლებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი, გამარტივებული წესით (ერთი მოსმენით), მისმა ინიციატორმა – უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარუდგინა. ტექნიკური ხასიათის ცვლილება კანონის ამოქმედების ვადას ეხება და საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებითაა განპირობებული.
კანონის პროექტს 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

