სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიში და პასუხები ოპოზიციას
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
აჭარის უმაღლესი საბჭოს 22 მაისის სესიაზე კანონმდებლებმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძეს მოუსმინეს.
მინისტრმა გასული, 2019 წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ უწყების ბიუჯეტი, რომელიც შარშან 15 მილიონ 362 ათას 854 ლარი იყო, 91 პროცენტით შესრულდა. განხორციელდა 9 პროგრამა და 20 ქვეპროგრამა. ტიტე აროშიძემ კანონმდებლების კითხვებს უპასუხა. ასევე, მედიის საშუალებით პასუხები გასცა ოპოზიციის შეკითხვებსაც. „აჭარამ” მას რამდენიმე კითხვით მიმართა.
– ბატონო ტიტე, ოპოზიციას აინტერესებს, 100 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა 2012 წლის შემდეგ აჭარის რეგიონში და იმაზე ნაკლებ პროდუქციას ვაწარმოებთ, ვიდრე 2012 წელს, სად გაქრა ეს თანხა?
– რეალურად საქმეში უნდა იყვნენ ჩახედულები, ასეთ კითხვას რომ სვამენ და მეორეკლასელის დონეზე არ უნდა ახდენდნენ საზოგადოების ინფორმირებას. პროდუქცია, რომელსაც ესენი ითვლიან, არის პირველადი წარმოების, მაგრამ, როგორც წესი, ეტაპებს გადის და შეიძლება, საბოლოო სახით სულ სხვა იყოს. იგივე კარტოფილი იქნება ეს, თუ სხვა პროდუქცია. იმ ხარჯებთან შესაბამისად, რაც გაწეულია როგორც რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ისე დონორი ორგანიზაციების მხრიდან, პროდუქტიულობა გაზრდილია და, შესაბამისად, მთლიან შიდა პროდუქტზეც აისახება. სამინისტრო რასაც ბიუჯეტის ფარგლებში ხარჯავს, აისახება მის პროდუქტიულობაზე. მარტივი სტატისტიკა შეუძლიათ ნახონ, რა ტერიტორიები იხვნებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ახლა რა ხდება და წლების განმავლობაში დინამიკურად როგორ მზარდია იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით ექსპორტირებული პროდუქციის ნამატი. თუ ამას გაითვალისწინებენ, ამ სტატისტიკას ნახავენ და არა, უბრალოდ, ციფრებს, რომელიც საქსტატზე გადაათვალიერეს, მაშინ ძალიან მარტივად მიხვდებიან, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე გადავიდა წარმოების ეტაპზე და უშვებს არა მხოლოდ პირველად პროდუქციას, რომელიც ფერმერულ მეურნეობებში ითვლება, არამედ უშვებს წარმოებებში და ქმნის მთლიან ღირებულებათა ჯაჭვს ეკონომიკაში. ამ სატატისტიკას შეხედონ, მაგრამ ამას პროფესიონალიზმი სჭირდება.
–ოპოზიცია აცხადებს, რომ არც ერთი განვითარებული ქვეყანა არაა დაკავებული კიტრის და პომიდვრის მოყვანით.
-წარმატებულმა ქვეყნებმა ვერ განახორციელეს დახვნის პროგრამები, ვერ აამუშავეს ტურიზმი, ვერ დაიბრუნეს ის ნიშნული, რომელიც ჰქონდათ პანდემიამდე, თუმცა ჩვენ ნელ-ნელა ვუბრუნდებით ძველ ნიშნულს. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სხვა. ჰკითხონ წარმატებულ ქვეყნებს, საქართველოსთან შედარებით რა აქვთ გაკეთებული. ჩვენ შევძელით უსაფრთხო სურსათის მიწოდება, პროდუქტებით დახმარება და კიდევ ბევრი რამ. გარდა ამისა, როდესაც საგანგებო ბიუჯეტზე გადავედით, დაახლოებით, 800 ათასი ლარი გავითვალისწინეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. თანხები მოხმარდება მიწის დამუშავებას და სასათბურე მეურნეობების ამუშავებას, უსაფრთხო პროდუქტის შექმნას და მოსახლეობისთვის მიწოდებას, საჩითილე მეურნეობის ამოქმედებას და ჩითილების საოჯახო მეურნეობებისთვის მიწოდებას. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ხორციელდება აჭარაში, მოიცავს იმ ფერმერებს, რომლებსაც გააჩნიათ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, – გვითხრა ტიტე აროშიძემ.
მინისტრის ანგარიშს დადებითად აფასებენ უმრავლესობაში.
-მინისტრის გამოსვლა საკმაოდ მოცულობითი და ამომწურავი იყო. ანგარიშის წარდგენამდე მზად მქონდა კითხვები, თუმცა უმრავლესობაზე მინისტრის სიტყვით გამოსვლისას მივიღე პასუხები. ერთადერთი, რაზეც უკმაყოფილება მრჩება და მინისტრიც დამეთანხმა, ეს არის ის, რომ დეპუტატები, მართალია, ბიუჯეტის შედგენაში ვმონაწილეობთ, მაგრამ, ასევე, აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები ჩვენი დამტკიცებული პროექტების მიმდინარეობაშიც. მადლობა მინდა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პანდემიის პირობებში საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები რიგ ღონისძიებებში და, ზოგადად, მთავრობის დამსახურებაა ის, რომ ასე გადავიარეთ პანდემიის ერთი ეტაპი. დარწმუნებული ვარ, ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შემოსავლები გვექნება, სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრიორიტეტებს სწორად დაალაგებს, – გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძემ.
-მინისტრის ანგარიში ამომწურავი იყო, კითხვები რაც მქონდა, 70 პროცენტზე ანგარიშისას მივიღეთ პასუხები, დანარჩენი კი უფრო დაზუსტების მიზნით იყო დასმული. ფაქტია, იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს რეგიონს აქვს, მაქსიმალურს აკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მართალია, გასული წლის ბიუჯეტში რამდენიმე პროგრამა ჩავარდა, თუმცა ეს არ იყო უწყების ბრალი, შემსრულებლის მხრიდან იყო პრობლემა. მინისტრის ანგარიში დადებითად შემიძლია შევაფასო, – აცხადებს უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე.
22 მაისის აჭარის უმაღლესი საბჭოს სესიას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე უძღვებოდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის წარმოდგენილი ინფორმაცია დეპუტატებმა ცნობად მიიღეს.

