ჭადრაკის გაკვეთილები – დისტანციურად
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
2020 წელს მსოფლიოში ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი მთლიანად შეიცვალა. ახალი კორონავირუსის პანდემიამ კორექტივი შეიტანა ყველგან და ყველაფერში. ერთ-ერთი, ვინც თვითიზოლაციაში დრო არა მარტო თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც სასარგებლო საქმიანობით დატვირთა, არის ცნობილი ბათუმელი მოჭადრაკე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.
სამი შვილის დედამ გამონახა დრო და 19 მარტს ინტერნეტში დადო პოსტი, რომლითაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჭადრაკის უფასო ონლაინგაკვთილებზე მიიწვია. სულ მალე ბევრი მსურველი გამოეპასუხა. სალომემ 115 ბავშვი 15 ჯგუფად გადაანაწილა და მუშაობას შეუდგა. აღსანიშნავია, რომ ჭადრაკის დისტანციურად შესწავლაში საქართველოს თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენელი ჩაერთო. მათ შორის იყვნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები – ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან. ბათუმიდან 20 ბავშვი მონაწილეობდა.
როგორც სალომემ გვითხრა, გაკვეთილებს კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს 11 დან 9 საათამდე ატარებდა. ყოველ ერთ საათში მორიგი გაკვეთილი ტარდებოდა.
– სკაიპით ჩატარებულ გაკვეთილებზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. ერთი თვე გაგრძელდა გაკვეთილები, რომლებმაც დაუვიწყარი ემოციები მომიტანა. 14 აპრილს, საკუთარ დაბადების დღეს, 115 ონლაინსტუმარი მყავდა. შვილისგან მორთმეულ ტორტს ათწუთიან შესვენებაზე შევავლე თვალი და მხოლოდ საღამოს, გაკვეთილების შემდეგ დავაგემოვნე. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ ამ გაკვეთილებში. მოუთმენლად ელოდებოდნენ ჩემთან შეხვედრას, დიდი ინტერესით სწავლობდნენ თითოეულ თემას. მეცადინეობების დასრულების შემდეგ კი ჭადრაკის შესწავლის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემმა შრომამ გაამართლა, ახალგაზრდები ინტელექტუალური სპორტის სახეობით დაინტერესდნენ. საერთოდ, ძალიან კარგი თაობა მოდის. ამ გაკვეთილებმა ბევრი ნიჭიერი ბავშვი აღმომაჩენინა. ჯგუფები, რომელიც გაკვეთილის ჩასატარებლად შევქმენი, დღემდე მყავს სკაიპის მეგობრებში და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ ბავშვებს დავეხმარო – თქვა სალომემ.
სალომე მელიამ მსურველები სამ კატეგორიად დაჰყო: ბავშვები, რომლებმაც თამაში საერთოდ არ იცოდნენ, რომლებმაც სვლები იცოდნენ და თანრიგოსნები. 15 ჯგუფიდან ორში თანრიგოსნები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მოტივაციის ასამაღლებლად სალომემ მათ სიურპრიზი შესთავაზა. სიურპრიზი საინტერესო აღმოჩნდა მწვრთნელებისთვისაც, რომლებიც მან ამ გაკვეთილებზე ახალგაზრდა თაობის გასაცნობად მოიწვია. მათ შორის იყვნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით ჯოჯუა და ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია ნიკუშაძე. თანრიგოსანმა ბავშვებმა გამოცდილი პედაგოგებისგან ჭადრაკის საფუძვლიანად შესასწავლად მნიშვნელოვანი რჩევები, საჭადრაკო ლიტერატურა და პროგრამები მიიღეს.
გაკვეთილების ჩატარებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა. დღის განმავლობაში წახემსება რომ მოესწრო, მას ახალგაზრდა პედაგოგი ლევან ბახტაძე შეუერთდა გაკვეთილების ჩასატარებლად. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ლევანმა ნახა სოციალურ ქსელში სალომეს პოსტის მოწონების და გაზიარების სიმრავლე, თავისი სურვილით დაუკავშირდა მას და განუცხადა მზადყოფნა გაკვეთილებში ჩართვისათვის. ისინი შუალედებში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
ჯგუფებისთვის სახელებიც ჰქონდათ შერჩეული. მაგალითად, 5-6-წლიან ჯგუფებს „პაიკებს“ ეძახდნენ. ბევრს უნდოდა სალომესთან ჭადრაკის შესწავლის გაგრძელება, მაგრამ სალომეს თქმით, ის ჯერ ამ ეტაპზე სამწვრთნელო პრაქტიკაზე არ გადასულა, ამიტომ ბავშვები სხვადასხვა სკოლაში ქალაქისა და უბნის, ასევე თითოეული ბავშვის სიტუაციის გათვალისწინებით, გადაამისამართა. გარდა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა, ჭადრაკის შესწავლის სურვილი დიდებმაც გამოთქვეს, მათ შორის, რამდენიმე 35 წლამდე ახალგაზრდაც იყო. ჭადრაკისადმი დიდი ინტერესი რომ არსებობს, ეს ძალიან ახარებს.
სალომეს სურს მადლობა გადაუხადოს ყველას, ვინც ინტერესი გამოხატა ფეისბუქზე გამოქვეყნებული მისი წერილის მიმართ, (გაკვეთილების ჩატარებასთან დაკავშირებით) ვინც გააზიარა და მოიწონა ის, რამაც ამდენ ბავშვს ბრძნული თამაშის სწავლის შესაძლებლობა მისცა.

