აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა, – ამის შესახებ განცხადება რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
-მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს, ბოლო ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი რეგიონში განიკურნა, შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი. 30 აპრილის შემდეგ რეგიონში არ გვყავს ახალი ინფიცირებული პაციენტი, რაც საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგია. მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ არის მოდუნებისა და თვითკმაყოფილების საფუძველი. საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან ერთად უნდა გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან. ის ფაქტი, რომ აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ როგორც ეპიდრეგიონი საკმაოდ მომატებული რისკის მატარებელი იყო, ვინაიდან ჩვენთან მოეწყო რამდენიმე ათეული საკარანტინე სივრცე. აჭარა საზღვრისპირა რეგიონია და დასავლეთ საქართველოში ეპიდრეგიონის კუთხით ვიყავით რისკის მატარებელი. თუმცა, ყველამ ერთად, საზოგადოების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და თვითშეგნებით, შევძელით ეფექტურად გვემართა პროცესი, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და იქვე დასძინა, რომ უსაფრთხო რეგიონის და მწვანე ზონის სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებისას. -ამიტომ ყველამ ერთად დავიცვათ რეკომენდაციები, ფრთხილად დავუბრუნდეთ ეკონომიკის აღდგენის, განახლების ეტაპს და ვუმასპინძლოთ ტურისტებს. ამ ყველაფერში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მედიკოსებს და უწყებათაშორის საბჭოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვინაიდან ყველას კოორდინირებულმა მოქმედებებმა საშუალება მოგვცა გვქონოდა ის შედეგი, რაც გვაქვს, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დაიდება პროტოკოლი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა ტურისტის მიღებიდან დაწყებული, სასტუმროებში გადანაწილება და სხვა.
-მთლიანად ის ჯაჭვი, რაც ტურისტის მიღებასთან არის დაკავშირებული, მკაცრად გაკონტროლდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. მიუხედვად იმისა, დღეს პოზიტიური შედეგი გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია დამარცხდა. ტურისტებსაც მოუწევთ პროტოკოლის დაცვა, მათივე უსაფრთხოებისთვის, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

