ბოლო ორი პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
ბათუმში, ბოლო ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი „მედალფას“ ბონის კლინიკას დღეს დატოვებს.
-დღეს ბოლო ორ პაციენტს, რომელიც მკურნალობის კურსს ჩვენს კლინიკაში გადიოდა, განმეორებითი ანალიზი ავუღეთ და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. შესაბამისად, ისინი გამოჯანმრთელებულები არიან, ორგანიზმში არ აღენიშნებათ კორონავირუსის არსებობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს, საღამოს 8 საათზე ისინი კლინიკიდან გაეწერებიან, – გვითხრა „მედალფას“ რეგიონული ქსელის დირექტორმა ლევან ანთაძემ. მისივე თქმით, ორივე პაციენტი 50-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონია. ერთი მათგანი საკარანტინე ზონიდან 27 აპრილს გადაიყვანეს „მედალფაში“, მეორე კი ერთი კვირის წინ დედაქალაქიდან გადმოვიდა სამკურნალოდ.
-27 აპრილს შემოსულ პაციენტს პნევმონია აღენიშნებოდა, ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა და იგი გამოჯანმრთელდა, რაც ორმაგი პსრ-ტესტითაც დადასტურდა. თბილისიდან გადმოსული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მსუბუქი იყო. ორივე მათგანმა გადმოკვეთა საზღვარი, გადაიყვანეს საკარანტინე ზონაში და კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მოთავსდნენ სამედიცინო დაწესებულებებში. სასიხარულო ფაქტია, რომ რეგიონში არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყავს. ახლა მთავარია, ყველამ დავიცვათ შესაბამისი რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რათა თავიდან ავიცილოთ ინფიცირების ახალი შემთხვევები, – განაცხადა ლევან ანთაძემ.