თორნიკე რიჟვაძე: კოპლებიანი შარლატანების გამოხდომა გასაგებია
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში 6 მილიონი ლარის ღირებულების 18 ობიექტის მშენებლობა გაჩერდა, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის ფონზე კი მულიციპალიტეტის მაღალჩინოსნებმა ავტომობილები შეიძინეს.
– მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სიკვდილს და შიმშილს ვებრძოდით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხელვაჩაურში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების სეკვესტრს აკეთებდა. ფერდსამაგრების, წყლის სისტემის, ბაგა-ბაღების, ლაბორატორიის და სხვა ობიექტების მშენებლობისთვის საჭირო 6 მილიონი ლარი ამოიღეს ბიუჯეტიდან. სამაგიეროდ, სამი ახალი ავტომობილი შეიძინა ხელვაჩაურის მერიამ, რაშიც 200 ათასი ლარი დახარჯა. კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადეს ყველასგან დაფარულად. მთავრობის თავმჯდომარე სამი დღეა, 50-ლარიან ვაუჩერს ურიგებს მოსახლეობას და ხალხს ამასაც ახვეწნინებენ. 6-მილიონიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეწყვეტას სჯობდა, ავტომობილების შეძენისთვის გამოცხადებული ტენდერი შეეწყვიტათ, მაგრამ ხალხი გაწირეს და ეს ხალხი სათანადო პასუხს გასცემს მათ ოქტომბერში, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.
საკრებულოს წევრის განცხადებას კოპლებიანი შარლატანების გამოხდომას უწოდებს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე.
– კოპლებიანი შარლატანების გამოხდომა გასაგებია, ვინაიდან ჩვენ ბოლო სამი დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით ხელვაჩაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, იცით ისიც, რომ უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, რომელიც გათვლილია ყველა გლეხსა და ფერმერზე, აქტიურ ფაზაში შედის. 20 ათას ოჯახზე სასურსათო კალათები გადანაწილდება და ჩვენი ოპონენტები ძალიან ბოროტად ცდილობენ ამ ყველაფრის დაკნინებას. სწორედ ამას უკავშირდება მათი გაუგებარი განცხადებები, თუმცა აქვე გეტყვით, ქრონოლოგიას და ფაქტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. კონკრეტული სატრანსპორტო საშუალებები შეძენილია პანდემიის გამოცხადებამდე, უბრალოდ, მიეწოდათ ბოლო დღეებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არცერთ ჩინოვნიკს, მით უფრო დღეს, განსაკუთრებული ფუფუნების საშუალება არ ექნება, ამდენად, ოპონენტებს შეუძლიათ დაწყნარდნენ, – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.