რატომ ძვირდება სტომატოლოგიური მომსახურება?
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
„კბილებზე მკურნალობა ორი თვის წინ დავიწყე, საშინელი მდგომარეობა მქონდა. ახალმა კორონავირუსმა მომისწრო და იძულებული გავხდი, მკურნალობა სახლის პირობებში, ჩემი ექიმის ონლაინკონსულტაციით გამეგრძელებინა, მაგრამ ტკივილები დღემდე ვერ გავიყუჩე. კლინიკამ, სადაც ვმკურნალობ, უკვე მიიღო მუშაობის ნებართვა და 25 მაისის მიღებაზე ჩაწერილი ვარ, თუმცა, როგორც კლინიკიდან მაცნობეს, დამატებით უნდა გადავიხადო ექიმის ეკიპირების თანხა. ასევე, ცოტათი გამიძვირდა სტომატოლოგიური სერვისებიც. ალბათ ბევრ ადამიანს, საჭიროების მიუხედავად, გაუჭირდება სტომატოლოგთან ვიზიტი, რადგან აღნიშნული სერვისით სარგებლობა არც ადრე იყო იაფი, ახლა – მით უფრო, – გვითხრა ზურა ბერაძემ, რომელიც დიდი ხანია ელოდება სტომატოლოგიურ კლინიკებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას.
კლინიკებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, 22 მაისიდან შეეძლოთ საქმიანობის განახლება, თუმცა რამდენი კლინიკა შეასრულებს მოთხოვნებს და გაივლის ზემოთ აღნიშნული ორგანოების მონიტორინგს, ეს საკითხავია. კრიტერიუმების ჩამონათვალი დიდია, მაგრამ გვინდა თქვენი ყურადღება რამდენიმე მათგანზე შევაჩეროთ. პირველ რიგში, ყოველი პაციენტის მიღებისას, სამედიცინო პერსონალი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უნდა იყოს აღჭურვილი, როგორიცაა: სახის ფარი, დამცავი სათვალე, ერთჯერადი ხელთათმანები, სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი, ბახილები და ასე შემდეგ. ანალოგიური აღჭურვილობით უნდა იყოს პაციენტიც, ის სავარძელზე სპეციალური ხალათით, ბახილებით, სათვალით უნდა იჯდეს ექიმთან. ასევე, პანციენტმა უნდა შეავსოს სპეციალური კითხვარი, მას უნდა გაუზომონ ტემპერატურა. კლინიკაში დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია, პაციენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ახლდეს თანხმლები პირი, თუ ის არასრულწლოვანია, ან შშმ პირი.
თამარ შავაძე კლინიკა ,,ნიუ-დენტ XXI’’ -ის ექიმ- სტომატოლოგი და ხელმძღვანელია. მისი კლინიკა ერთ-ერთია ბათუმში, რომელსაც რეგულირების სააგენტომ მუშაობის განახლების უფლება მისცა. კონკრეტულად, რა ბარიერების გადალახვა მოუხდათ, ასევე, ვინაიდან თავად უწევთ საჭირო ეკიპირების შეძენა, რამდენად შეძლეს არსებული ფასების შენარჩუნება? ამ შეკითხვებს თამარ შავაძე უპასუხებს.
– ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, პაციენტების მიღება 18 მარტს შევწყვიტეთ. კლინიკა ,,ნიუ-დენტ XXI’’ არის ერთ-ერთი იმ პირველ კლინიკებს შორის, რომლებმაც გაიარეს შემოწმება და მიიღეს გეგმიური პაციენტების მიღების უფლება. მოთხოვნების ძირითადი ნაწილის შესრულება ადრეც გვევალებოდა, უბრალოდ, პანდემიის გამო დამატებითი მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. ყველა სტომატოლოგიური კლინიკისათვის აუცილებელი გახდა 2 კვირის სამყოფი ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების მარაგის შექმნა, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების გაზრდილი ფასები და მათი გამოყენების აუცილებლობა შესაბამისად ზრდის მომსახურების საფასურს. პანდემიის პირობებში, პაციენტის ყოველი ვიზიტი იქნება ფასიანი, რათა კლინიკებმა შეძლონ ფუნქციონირება. ამასთანავე, მაქსიმალურად დავიცვათ პაციენტი და მედპერსონალი ინფიცირებისგან. 22 მაისიდან განახლდა პაციენტების მიღება. აუცილებელი პირობაა წინასწარი ჩაწერა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული დისტანცია და პაციენტები ერთმანეთს არ შეხვდნენ. კლინიკაში შემოსვლისთანავე, ყოველ პაციენტს უტარდება თერმოსკრინინგი, აუცილებლად უწევთ სპეციალური ეპიდემიოლოგიური კითხვარის შევსება. კლინიკაში დაცულია უსაფრთხოების ყველა პარამეტრი და ვცდილობთ მომსახურების მაღალი ხარისხი შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს,- გვითხრა თამარ შავაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ იმ კლინიკებს და ცენტრებს ამარაგებს საჭირო თავდაცვითი აღჭურვილობით, რომლებიც ახალი კორონავირუსით
ინფიცირებულ პაციენტებს ემსახურებიან, ხოლო სხვა კლინიკებს თავად უწევთ აღნიშნულის შეძენა.