,,ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას პიროვნულ თავისუფლებაზე ზემოქმედების უფრო ნაკლები უნარი აქვს, ვიდრე გვგონია”
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
„ეს ყველაფერი თავისუფლების შეზღუდვა კი არადა, ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენის დრო იყო და იმ ზედმეტობებისთვის ბუნებამ ცოტა დაგვსაჯა. უნდა ვიფიქროთ, ბევრი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც მოხდა, ბევრი კითხვა დავსვათ და პასუხებს დაველოდოთ»
დღეს 23 მაისია, დღე, როცა ქვეყანაში კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ თავისუფლად გადაადგილების უფლება გვაქვს. 23 მაისის 00:00 წუთიდან ყველამ თავისებურად გამოხატა აღნიშნული შეზღუდვების მოხსნის სიხარული. ქუჩებში მანქანები და ადამიანები გამოჩნდნენ, სოციალურ ქსელში დაიწერა არაერთი ე. წ. სტატუსი მონატრებული თავისუფლების შესახებ, სადაც მოქალაქეები აღნიშნავდნენ, რომ როგორც იქნა გათავისუფლდნენ შეზღუდვების ,,მარწუხებისგან”, რომ თავისუფლებაზე კარგი არაფერია და თვითიზოლაციის პერიოდმა კიდევ უფრო მეტად დაანახა მათ ეს, ბათუმის ცა კი ფოიერვერკებმა გაანათა. მართლაც, ადამიანები ყველაზე მტკივნეულად თავისუფლების შეზღუდვას განიცდიან. რთულია ცხოვრების ჩვეულ რიტმზე უარის თქმა, თუმცა როცა შეზღუდვა შენი და სხვისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლების დაცვას ემსახურება, ყველაფერი სხვაგვარადაა. გამონაკლის შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ ერი კანონმორჩილი აღმოჩნდა.
რამდენად იმოქმედა მსოფლიო პანდემიის ფონზე ჩვენს ქვეყანაში შემოღებულმა შეზღუდვებმა ადამიანების პიროვნულ თავისუფლებაზე? ამ კითხვით ,,აჭარამ” რამდენიმე რესპონდენტს მიმართა. პასუხები, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება.
მარი კორინთელი, გამომცემელი:
– თავისუფლება არის შენს თავად ყოფნა და შეუზღუდავად გამოხატვა იმის, რაც ხარ და ამას კავშირი არა აქვს ფიზიკურ მოცემულობასთან. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ პანდემია ჩემს თავისუფლების შეგრძნებას რამენაირად შეეხო. ფიზიკურად, რასაკვირველია, შემეზღუდა გადაადგილება, თუმცა თავისუფლების გაგება არ შემცვლია და არც შეზღუდულად მიგრძნია თავი. გამოხატვის თავისუფლება ჩემს ხელში იყო და დანარჩენს მნიშვნელობა არ ჰქონია.
ბაჩო ნაკაშიძე, ოპერის მომღერალი:
-კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი თავისუფლებაა, ჩემთვის თავისუფლება არის სულის ჰარმონია. ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი ნება და არავის აქვს უფლება, შეეცილოს მასში. შეიძლება, საერთო შეზღუდვა არ იყოს დაწესებული, მაგრამ შინაგანად იყო შეზღუდული და პირიქით, შეზღუდვა იყოს დაწესებული, მაგრამ შინაგანად, სულიერად იყო თავისუფალი. ამიტომ, თავისუფლება სულის ჰარმონიად მიმაჩნია. თუ სულიერად კომფორტულად გრძნობ თავს, ხარ თავისუფალი. მე პანდემიისგან გამოწვეულ შეზღუდვას დადებითი კუთხით მივუდექი – პირველად კაცობრიობის ისტორიაში შეგვიძლია, სახლში ჯდომით მსოფლიო გადავარჩინოთ.
მერაბ წულუკიძე, ჟურნალისტი:
– ჩემთვის თავისუფლების კლასიკური განმარტება ეს არის ,,თავის ფლობის უნარი”, ანუ რამდენად დამოუკიდებელი ხარ, ასე ვთქვათ, საკუთარი მეს მმართველობაში. ვერ გეტყვით, პანდემიის პირობებში სრულიად ჩაკეტილ სივრცეში მყოფ ადამიანებს რა განცდები ჰქონდათ, რადგან, პრაქტიკულად, ეს ორი თვე, საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, უფრო აქტიურ საქმიანობაში გავატარე, ვიდრე ჩვეულებრივ პერიოდში ხდება. ამიტომ მხოლოდ შთაბეჭდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვიმსჯელო. პანდემიის დროს უფრო დავრწმუნდი, რომ ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვა სულაც არ განაპირობებს პიროვნული თავისუფლების ხარისხს, თავისუფალი შეიძლება იყო როგორც ჩაკეტილ, ასევე ღია სივრცეში, ან პირიქით. ასე რომ, ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას, ჩემი აზრით, პიროვნულ თავისუფლებაზე ზემოქმედების უფრო ნაკლები უნარი აქვს, ვიდრე გვგონია. ეს სულ სხვა განზომილებაა, რომლის ხარისხზეც ფიზიკური, მატერიალური შეზღუდვა, ვერ აისახება. თავისუფალი ან ხარ ან – არა, ან გაქვს თავის ფლობის უნარი და სურვილი, ან – არა.
ციალა ქათამიძე, პროექტების მენეჯერი:
-კარანტინი პირველი 20-30 დღე იყო ძალიან რთული, მერე, ნელ-ნელა დავიწყე შეგუება, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ შევეგუე იმ ცვლილებებს, რაც უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში მოხდა. თავისუფლება ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ადამიანისთვის, ალბათ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებლად, სხვისი გავლენისგან თავისუფლად ფიქრს, მოქმედებას და ა. შ. ეს ყველაფერი პანდემიამ შეცვალა. ერთადერთი, რაც მეხმარებოდა, შედარებით მარტივად ამეტანა თავისუფლების შეზღუდვა, იყო საკუთარი და ოჯახის წევრების, გარშემომყოფების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის შეგრძნება.
ქეთევან დიასამიძე, პედაგოგი:
– თავისუფლება ჩემთვის ყველაფერია. თქვენმა შეკითხვამ ოთარ ჭილაძის სიტყვები გამახსენა: ,,თავისუფალ ადამიანს უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე მონას და მე სულაც არ მინდა, ვიყო მონა”, თუმცა ისიც კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ადამიანი ყოველთვის თავისუფალი ვერ იქნება. პანდემიამ გამიასმაგა თავისუფლების ფასი. თავისუფლება ჩემთვის ჟანგბადივითაა. ძალიან მოვიწყინე, ჩემს მოსწავლეებთან მინდა ყოფნა და ეს ლიტონი სიტყვები არაა. ონლაინგაკვეთილები კარგია, მაგრამ პირისპირ სწავლება სულ სხვა ემოციაა. ხვდები ამ დროს, რა სტკივა, რა უხარია მოსწავლეს. ადამიანებმა კარგად უნდა გავათვითცნობიეროთ თავისუფლების ფასი.
თემო ხასია, აჭარის უმაღლესი საჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე:
– თავისუფლება მესმის როგორც საკუთარი თავის მეტწილად ფლობა და მასზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ხოლო მისი დემონსტრირება აგრეთვე ხდება გადაადგილების, სიტყვისა და გამოხატვის, არჩევანის თავისუფლებაში.
რასაკვირველია, როდესაც გარკვეული პროცესი, ობიექტური მიზეზებით, თავისუფლების რომელიმე კომპონენტს გიზღუდავს, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თავისთავად იძენს და ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც.
მინდია დევაძე, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომელი:
– პანდემიამ ერთი რამ დამანახა – ზოგჯერ რა ტყულად ვხარჯავთ დროს, ენერგიას და ფინანსებს ისეთ რაღაცებში, რაც საერთოდ არ ყოფილა საჭირო და მთავარი – ადამიანებმა ერთმანეთთან ურთიერთობისთვის უფრო მეტი დრო გამოვნახეთ, რის ნაკლებობასაც განვიცდიდით. იცით რა, ის, რასაც ზედმეტ თავისუფლებას ვეძახით, პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჩარევასთან ბუნებასა და მის რესურსებში. ადამიანი ხომ შინაგანად ხარბია და ვერ ძღება ვერაფრით – ამიტომ ეს ყველაფერი თავისუფლების შეზღუდვა კი არადა, ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენის დრო იყო და იმ ზედმეტობებისთვის ბუნებამ ცოტა დაგვსაჯა. უნდა ვიფიქროთ, ბევრი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც მოხდა, ბევრი კითხვა დავსვათ და პასუხებს დაველოდოთ.
როინ აბუსელიძე, პოეტი:
– თავისუფლება, ზოგადად, არის სამართლიანობის და კანონმორჩილების ჩარჩო, შესაბამისად, რაც მეტია მოთხოვნა და შეზღუდვა, მით უფრო ძვირფასი ხდება იგი. აქედან გამომდინარე, სრული თავისუფლება არ არსებობს. თუ გოეთეს ნათქვამს გავიხსენებთ, თავისუფლება მსახურებაშია, მაგრამ თუ მსახურებაა, როგორ ხარ თავისუფალი? ე.ი. შენ ხარ თავისუფლების მსახური და პანდემიის პერიოდი ზუსტი მაგალითი აღმოჩნდა ამ ყველაფრის. თავისუფლება შინაგანი მდგომარეობაა და ვინც დაიცვა კანონი, წესი და დაემორჩილა სიმართლისა და წესრიგის დუღაბს, ყველაზე თავისუფალი იყო. ასეა ეს.
ნანა ჩარექიშვილი, სკოლა “პროგრესის” ბათუმის ფილიალის დირექტორი:
– თავისუფლება ჩემთვის ქმედების, აზროვნების, ხედვის შეუზღუდავი განვითარებაა. რა თქმა უნდა, შეკვეცილმა ქმედითმა მდგომარეობამ კიდევ უფრო მიმახვედრა, რა ბედნიერებაა, იყო შენი ნების უფალი, ანუ თავისუფალი.
გენრი დოლიძე, პოეტი:
– თავისუფლების შეზღუდვისას, თუნდაც ეს გადაადგილებას ეხებოდეს, უფრო მეტად გრთგუნავს ის ფაქტი, რომ ვიღაცამ შეგზღუდა და ამის გამო რაღაც არ შეგიძლია. ბევრს ისეთს ვიცნობ, პანდემიამდეც არ გამოდიოდა გარეთ და ფილმების ყურებაში ათენებდა კვირაობით, მაგრამ მათაც მიაყენა ტრავმა კარანტინმა. როცა რაღაც გეკრძალება, ორმაგად გიჩნდება მისი წყურვილი. ადამიანური ბუნებაა ასეთი.
ცოტნე ანანიძე, პოლიტიკოსი:
-ადამიანი იბადება თავისუფალი და მუდმივად რჩება თავისუფლების შენარჩუნების გამოწვევის წინაშე. თავისუფლების შენარჩუნებას სჭირდება პასუხიმგებლობა, პასუხისმგებლობა კანონის დაცვის, რადგან კანონის არდაცვას შეიძლება მოჰყვეს თავისუფლების აღკვეთა, რაც სასჯელის ყველაზე მაღალი ფორმაა ჩვენს ქვეყანაში. პანდემიის პერიოდში რეკომენდაციების შესრულება არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვაა, არამედ პასუხისმგებლობაა ჩვენი კერძო და საერთო სამომავლო თავისუფლებისათვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას და თავისუფლებას.
გენო თებიძე, ფონდ „ალილო 2015“-ის ხელმძღვანელი:
– ცხოვრების მცირე ნაწილი ასახავს იმას, რაც ხდება ჩვენ ირგვლივ, ხოლო დიდი ნაწილი, თუ როგორ ვრეაგირებთ ამაზე – ეს ფრაზა ზედმიწევნით გამოხატავს იმ ყოფით რეალობას, რაც გავიარეთ და რაც კიდევ დაგვრჩა გასავლელი. ფაქტია, რომ შეზღუდვებმა საზოგადოება, გარკვეული ხნით, რეალიზების გარეშე დატოვა, საკუთარი თავის რეალიზება კი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თავისუფლების გარეშე კაცობრიობის წინსვლა, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რადგან ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, მოქმედებას. ევროპაც მაშინ გახდა წარმატებული, როდესაც უმთავრესი ფასეულობა დედამიწაზე – თავისუფლება მოიპოვა, ადამიანი გახდა თავისუფალი. სწორედ თავისუფლება ქმნის ცივილიზაციას. პანდემიამ დაგვანახა, თუ რაოდენ ფასეულია ჩვენი ცხოვრება და მის ირგვლივ არსებული მატერიალური თუ არამატერიალური სიმდიდრე. ადამიანს მიეცა დაფიქრების დრო და საშუალება, რამაც გამოკვეთა მეტად და ნაკლებად მნიშვნელოვანი ფასეულობები და ღირებულებები, რომლებსაც ხშირად ვერც კი ვამჩნევდით. დეილ კარნეგი გვეუბნება: “ჩვენი ცხოვრების თითოეული წუთი და საათი ზღაპრულ სამყაროში გადის, მაგრამ ბრმები ვართ, რომ ეს ყველაფერი დავინახოთ და დავაფასოთ”. მართლაც, თავისუფლება არ ნიშნავს ყირაზე გადასვლას და უსაფრთხოების ზომების მივიწყებას, რადგან ყოველ წამს შეიძლება დაგვაბრუნოს უკან, უარესობისკენ! თავისუფლება უნდა გამოიყენო საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის, სამართლიანობისთვის, ურთიერთპატივისცემისა და უკეთესი ხვალინდელი დღისათვის.
თამილა ზოიძე, ჟურნალისტი:
– საკუთარი თავის ფლობა – თავისუფლბის ყველაზე მთავარი გამოხატულება შეგვიზღუდა პანდემიამ. გალიაში დამწყვდეული ცხოველივით ვგრძნობ თავს, რომელსაც თითქოს მისცეს რაღაცის უფლება, მაგრამ არჩევანის გარეშე. თავისუფლებას ვერ ისწავლი, მისი მნიშვნელობა და ფასი ან იცი, ან – არა. შესაბამისად, ვინც იცოდა მისი ფასი, ღირებულებაც იგივე დარჩა.
მირდატ ქამადაძე, პოლიტიკოსი:
– ადამიანის თავისუფლების ხარისხი პირდაპირპროპორციულია მისი პასუხისმგებლობის ხარისხისა. შესაბამისად, ჩემთვის თავისუფლება პასუხისმგებლობას ნიშნავს. მხოლოდ მონებს არა აქვთ პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლიანი მონა – ასეთი მცნება არ არსებობს! ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ამ განსხვავებულობის მიღება არის კიდევ ჩემთვის თავისუფლება. ყველაზე ძირითადი და ფუნდამენტური უფლება, რაც კი ადამიანს გააჩნია, სიცოცხლის უფლებასთან ერთად, თავისუფლების უფლებაა, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლეზე ძვირფასი უფლებაც კი! თავისუფლება არ განისაზღვრება ადამიანის ფიზიკური თუ გეოგრაფიული მდგომარეობის მიხედვით, გისოსებს მიღმაც არსებობენ თავისუფალი ადამიანები. ყველა ადამიანი შეგუებულია იმ აზრს, რომ ოდესღაც ჩვენი სიცოცხლე დასრულდება, თუმცა არ მეგულება თავისუფლებისმოყვარე ადამიანი, რომელიც ეგუება აზრს, რომ ის შესაძლოა, არ იყოს თავისუფალი! ადამიანებს ღმერთიც იმიტომ გვიყვარს, რომ ჩვენს წარმოსახვაში იგი თავისუფლებასთან ასოცირდება. აბა, ერთი წამით წარმოიდგინეთ მონა ღმერთი, რომელიც დაცლილია პასუხისმგებლობისგან და არ ჰგუობს განსხვავებულ ადამიანებს. . . ხომ საშინელებაა?
ხატია იაშვილი, ჟურნალისტი:
– თავისუფლება თავისუფლებაა. თუ იმ ჭრილში შევხედავთ, პანდემიამ ხომ არ წაგვართვა, ვიტყვი, რომ – არა! ცალკეული შეზღუდვები, ვფიქრობ, კარგიც იყო, უფრო მეტი თავისუფლება მქონდა. უამრავი დრო მომეცა რაღაცების გადასაფასებლად, შესაფასებლად. «დარჩი სახლში” არ ნიშნავდა იმას, რომ ჰაერზე არ გავსულიყავი. რაც შეეხება ხელების ჰიგიენის დაცვას – ეს ისედაც სავალდებულოა. ერთი რამ მაკლდა და მაკლია – ადამიანებთან ურთიერთობა და ამასაც უახლოეს დღეებში შევივსებ.