დავით გაბაიძე: ერთგვარი ანგარიში გამომივიდა „აჭარასთან“
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
„უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა“
„თუ ოპოზიცია ამბობს, რომ გვქონდეს განსხვავებული საარჩევნო სისტემა ავტონომიურ რესპუბლიკაში, განსხვავებული უკვე გვაქვს. თუკი სურთ, ცენტრალური ხელისუფლების მსგავსად შევცვალოთ, მაშინ უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად, საარჩევნო სისტემის შეძლებისდაგვარად, ადაპტირება მოვახდინოთ“
ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო სისტემა და პატიმრების შეწყალება კვლავაც აქტუალური საკითხებია. ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე აპელირებს, მმართველი გუნდი კი ირწმუნება, რომ ოპონენტები მიზეზებს ეძებენ, რათა მხარი არ დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ისევე, როგორც ცენტრში, რეგიონშიც ბევრს საუბრობს ოპოზიცია 8 მარტის ხელშეკრულებაზე. მეტიც, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში და ცვლილებების მოლოდინში არიან. როგორ დასრულდება შარშან ზაფხულში დაწყებული პოლიტიკური პროცესები და ვის გაუღიმებს ფორტუნა, ამას ოქტომბრის არჩევნებზე გადაწყვეტს ქართველი ამომრჩეველი, მანამდე კი პოლიტიკური შეფასებებით შემოვიფარგლებით.
რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „აჭარასთან“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ისაუბრა.
– ბატონო დავით, როგორც იურისტს, მინდა გკითხოთ, გვყავდა თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები?
-კატეგორიულად გამოვრიცხავ. ბოლო წლებში პოლიტპატიმრები საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ ყოფილან და არც არიან.
– საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ? ვგულისხმობ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.
– პრეზიდენტის გადაწყვეტილება პრეზიდენტის დისკრეციაა და მე მომწონს თუ არა, სხვა საკითხია. პრეზიდენტის ინსტიტუტი ცალკე დამოუკიდებელი ინსტიტუტია, ბუნებრივია, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ამ ინსტიტუტს, მისი დისკრეციის ფარგლებში.
– საზოგადოების ნაწილს და ხელისუფლების ოპონენტებს ნაკლებად სჯერათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
– ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება იყო და ამ დისკრეციის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება. საკითხის რევიზიას არ ვაპირებ, რადგან რევიზია შედეგის მომტანი არაა.
– იყო თუ არა საფრთხე, უცხოელი პარტნიორებისგან ვერ მიგვეღო ის, რაზეც მთავრობა საუბრობდა – სოლიდური ფინანსური მხარდაჭერა?
– შეიძლება, ეს იყო რაღაც წინაპირობა, მაგრამ თუ განცხადებებს გადავხედავთ, რაც კეთდება და გვესმის, საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებიც არიან. არ ვიცი, შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტი რა გარემოებებს დაეყრდნო, მაგრამ ვფიქრობ, ფაქტი ფაქტია და წარსულზე მუდმივად არ უნდა ვისაუბროთ. უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც შეიძლება მომავალში იყოს.
– და რა შეიძლება იყოს მომავალში? როგორ ფიქრობთ, არის კი მზად ოპოზიცია, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს? მათი მხრიდანაც არაერთგვაროვანი და ბუნდოვანი განცხადებები გვესმის.
– არაერთგვაროვნება არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაიზრდება და როცა კანდიდატების დასახელებაზე მიდგება საქმე – კიდევ უფრო მეტად. 30 მაჟორიტარი, რაზეც ოპოზიცია თანხმდებოდა, მათთვის ცოტა იქნება გამომდინარე იქიდან, რომ გამოდიან და ამბობენ – მაჟორიტარი უნდა იყოს ყველა ის პირი, ვისაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა აქვს. გაერთიანებულ ოპოზიციაში, მათივე განცხადებებით, ყველას მაღალი საზოგადოებრივი ნდობა აქვს. ზოგის რეიტინგი ერთ პროცენტზე ქვემოთაა, ზოგი ორ პროცენტს აღწევს. . . დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ ყველაფერზე სწორ დასკვნას გააკეთებს. ჩვენ კი არჩევნებს დამაჯერებლად მოვიგებთ!
– გიორგი რურუას გათავისუფლება – არგათავისუფლების საკითხი იქნება თუ არა გადამწყვეტი ფაქტორი ოპოზიციისთვის, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს?
– ოპოზიციისთვის ვერ გეტყვით რა არის გადამწყვეტი, მაგრამ თუ ფიქრობენ, რომ ეს საკითხი გადამწყვეტია, არ არის სწორი მიდგომა. რაზეც შევთანხმდით, ის უნდა შესრულდეს, უნდა შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და ამისთვის უმრავლესობა მზადაა. შესაბამისად, ოპოზიციამ, ვფიქრობ, მონაწილეობა უნდა მიიღოს პროცესში.
– რა მოლოდინი გაქვთ? მიიღებენ მონაწილეობას და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს?
– თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, მათი შეცდომა იქნება და, ბუნებრივია, შედეგებზეც თვითონვე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. მაქვს სურვილი, გადაწყვეტილება ერთხმად მივიღოთ. საკონსტიტუციო ცვლილებებში რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა მიიღებს მონაწილეობას, კარგი იქნება. ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა მხარდაჭერა ექნება პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს.
– აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის წესის შეცვლას ითხოვს ოპოზიცია. ამბობენ, რომ კანონპროექტი, რომელმაც ყველა შესაბამისი პროცედურა გაიარა, მმართველმა გუნდმა თაროზე შემოდო.
-ამ საკითხზე არაერთი კომენტარი გავაკეთე და კიდევ ერთხელ ვიტყვი. თავის დროზე, როცა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დავიწყეთ საუბარი, არ გვიმსჯელია რეგიონისთვის რომელი საარჩევნო სისტემა იქნებოდა კარგი თუ ცუდი. 8 პოლიტიკური სუბიექტის ხელმოწერილ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს პარლამენტი ცვლის საარჩევნო სისტემას. აჭარა საქართველოს შემადგენელი ნაწილია და რატომ არ უნდა გვქონდეს მსგავსი საარჩევნო სისტემა? ვინაიდან, სწორედ, საქართველოს პარლამენტის არჩევის მსგავსი სისტემა დაედო საფუძვლად საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის მომზადებას, ჩვენც ვიმუშავეთ და როდესაც საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი ჩავარდა, შემოგვიტრიალეს თემა, გვითხრეს, ცენტრალურ ხელისუფლებას რატომ ველოდებით, როცა ჩვენ ავტონომიური რესპუბლიკა ვართ და შეგვიძლია გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღოთო. თუ მათი პოზიციაა, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს – ცენტრალური ხელისუფლებისგან განსხვავებული საარჩევნო სისტემა ავირჩიეთ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების დროს. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა. თუ ოპოზიცია ამბობს, რომ გვქონდეს განსხვავებული საარჩევნო სისტემა ავტონომიურ რესპუბლიკაში, განსხვავებული უკვე გვაქვს. თუკი სურთ, ცენტრალური ხელისუფლების მსგავსად შევცვალოთ, მაშინ უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოს პარლამენტში და შესაბამისად, საარჩევნო სისტემის შეძლებისდაგვარად, ადაპტირება მოვახდინოთ. მე თუ მკითხავთ, კარგი გადაწყვეტილება იყო, თავის დროზე ჩვენი მომზადებული კანონპროექტი კენჭისყრაზე რომ არ დავაყენეთ, რადგან, დიდი ალბათობით, უმაღლეს საბჭოში არ ექნებოდა მხარდაჭერა და ახლა უკვე, პანდემიის ფონზე, ვერ გაიმართებოდა საჯარო განხილვები. აჭარაში, თუ თითიდან გამოწოვილ მიზეზებს არ მოვიფიქრებთ, საარჩევნო სისტემა საჯილდაო ქვად არ უნდა იქცეს.
– ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და თაროზე შემოდებულ კანონპროექტზე აპელირებს, თუმცა იყო თუ არა მათი მხრიდან კონსულტაციების გამართვის შემოთავაზება?
– მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ყველამ იცის, რა ტიპის საარჩევნო სისტემა იქნება. ეს არანაირ გავლენას არ ახდენს ქვეყანაში არსებულ ძალთა თანაფარდობაზე, პოლიტიკური რეჟიმის სახესხვაობაზე და ა.შ. მით უმეტეს, 120/30-ზეა საქართველოს პარლამენტში შეთანხმება და ჩვენთანაც 15/6-ზეა. დიდი განსხვავებაც არაა. იმდენად მცირეა გასათამაშებელი მანდატების რაოდენობა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. უბრალოდ, დროდადრო ადგილობრივი პოლიტიკოსები თემას წინა პლანზე წამოწევენ, რადგან როცა ცენტრში მათი პარტიის ლიდერი გააკეთებს განცხადებას, ფეხი უნდა აუწყონ.
– ბატონო დავით, სწორედ, 2018 წელს აჭარის კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა განსაზღვრა ისიც, რომ საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით წარსდგნენ მინისტრები „მინისტრის საათის“ ფორმატში და ამასთან, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემაც უნდა წარმოგიდგინოთ ანგარიში.
– უმაღლეს საბჭოს ორი მთავარი ფუნქცია აქვს – საკანონმდებლო საქმიანობა და მთავრობის კონტროლი. საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით, წინა მოწვევებს, კანონმდებლობის თვალსაზრისით, არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ. რამდენად აქტიურები იყვნენ, ამაზე, ბუნებრივია, ჩემი შეხედულება მაქვს, მაგრამ არ მინდა ყოფილი კოლეგები შევაფასო, თუმცა ჩვენ საკმაოდ აქტიურები ვიყავით. სხვა თუ არაფერი, აქტიური მონაწილეობა მივიღეთ კონსტიტუციური კანონის ცვლილებაში. ვის მოსწონს და ვის არა კონსტიტუცია, ამაზე მზად ვარ ნებისმიერ ოპონენტთან, ნებისმიერ ფორმატში ვისაუბრო. ძალიან ბევრი რეგიონის ძირითადი სადამფუძნებლო დოკუმენტი მაქვს წაკითხული და ვიცი, ჩვენი კონსტიტუციის ადგილი ამ დოკუმენტებს შორის სად არის. საკმაოდ კარგი კონსტიტუცია გვაქვს. პრობლემა აჭარის უმაღლეს საბჭოს ყოველთვის ჰქონდა მთავრობის კონტროლის კუთხით. ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ იმის ბრალი არ იყო, რომ დეპუტატები ან უმაღლესი საბჭო იყო ინერტული. ისე იყო მოწყობილი სახელისუფლებო ორგანოებს შორის ბალანსი, რომ კონტროლი, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო. მთავრობის თავმჯდომარეს ვერ დაიბარებდი ანგარიშისთვის – თავმჯდომარის დამტკიცებას 11 ხმა სჭირდებოდა, გადაყენებას – 14, ვეტოს დაძლევისთვის დიდი კვორუმი იყო საჭირო და სხვა. შეგიძლიათ ამოიღოთ თუნდაც ჩემი ერთგვარი საპროგრამო სიტყვა – 2016 წლის არჩევნების დროინდელი, სწორედ, ამ საკითხებზე მქონდა აქცენტები გაკეთებული. შესაბამისად, მივდივართ იმ კურსით, რაც მაშინ გავაჟღერე. ძლიერი ინსტიტუციისთვის სამი რამაა საჭირო – გამართული საკანონმდებლო ბაზა, გამართული ინფრასტრუქტურა და გამართული ადამიანური რესურსები. დღეს რომ ამბობენ, როგორი კარგი უმაღლესი საბჭო იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თუ ასე იყო, უნდა მიეღოთ ისეთი კონსტიტუცია, როგორიც დღეს გვაქვს. ვალდებულება უნდა გასჩენოდა ლევან ვარშალომიძეს, რომ მოსულიყო უმაღლეს საბჭოში და ერთხელ მაინც ჩაებარებინა ანგარიში რვა წლის განმავლობაში. ის მთავრობის თავმჯდომარის რანგში, ანგარიშის ჩამბარებლის ამპლუაში არ მისულა საკანონმდებლო ორგანოში და ამით ყველაფერი ნათქვამია. ერთი წელიც არაა გასული, რაც ახალი კანონმდებლობა ამოქმედდა და ჩვენ უკვე მოვასწარით „მინისტრის საათის“ ფორმატში მინისტრების მოსმენა და მთავრობის თავმჯდომარის ერთი თვის ანგარიში. უახლოეს მომავალში უმაღლესი საბჭო რეგიონის მთავრობის თავმჯდომარეს მეორედ მოუსმენს. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ უმაღლეს საბჭოს გამართული საკანონმდებლო ბაზა უკვე აქვს. რაც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, 2016 წელს, როცა უმაღლეს საბჭოში შევედი, მოვიკითხე, რომელი ელექტრონული საქმისწარმოებით სარგებლობდნენ. აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდათ და მამაპაპისეული მეთოდებით მუშაობდნენ. ახმეტის და ხულოს საკრებულოც კი ელექტრონულ საქმისწარმოებაზე იყო გადასული და უმაღლესი საბჭო – არა. მოწესრიგდა ვებგვერდი. იმის ჩამოთვლა, რა და როგორ გაიმართა, შორს წაგვიყვანს. დაგვირგვინება იყო ადგილმდებარეობის შეცვლა, რასაც დადებითი დატვირთვა აქვს. თუნდაც თქვენ, ასე ხშირად ვერ გნახავდით უმაღლეს საბჭოში, რადგან ჩაქვში მისადგომად ყველასთვის რთული მდებარეობა ჰქონდა საკანონმდებლო ორგანოს. პოლიტიკური დუღილის ცენტრი ვერ იქნებოდა ქალაქგარეთ მოქმედი საკანონმდებლო ორგანო. რაც ქალაქში გადმოვიდა უმაღლესი საბჭო, აღმოჩნდა, რომ დავით გაბაიძის ახირება არ ყოფილა. წარმომადგენლობითი ორგანოები სახეა მოსახლეობის, ყველა ძირითად შენობაში სწორედ წარმომადგენლობითი ორგანოებია.
– ადამიანური რესურსი?
– მივედით აქამდე – რაც უნდა კარგი კანონმდებლობა და ტექნიკური ბაზა, კარგი შენობა ჰქონდეს საკანონმდებლო ორგანოს, თუ არ არის შესაბამისი ადამიანური რესურსი, არაფერი გამოვა. როგორი დეპუტატი შევა საკანონმდებლო ორგანოში, ეს ამომრჩეველზეა დამოკიდებული, მაგრამ აპარატი, რომელიც მას დახვდება, მზად უნდა იყოს. ამისთვის საქართველოს პარლამენტთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მოვიპოვეთ გრანტი. ფინანსები მთლიანად კადრების გადამზადებას ხმარდება. შევქმენით ღია მმართველობის საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებულებაზე და ღიაობაზე იმუშავებს ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად. სამწუხაროდ, სხდომაზე, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მედიისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი ოპონენტების ხმამაღალი საუბარი, ვიდრე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს მხოლოდ სოციალური ქსელით მივაწოდეთ ინფორმაცია. საბჭო უზრუნველყოფს იმას, რომ პარალელურად შეიქმნება საკონსულტაციო ორგანო, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან აჭარაში მოქმედი ყველა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დიდი ბერკეტი ჩნდება, რომ უმაღლესი საბჭო არ იყოს დახურული. ისე, საკანონმდებლო ორგანო ყველაზე დახურულად სახელდებოდა. 2018 წელს ჩვენ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების თვალსაზრისით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ყველაზე ღია დაწესებულებად გამოგვაცხადა.
– თქვენ ამ კუთხით აჭარის მთავრობაში მუშაობის დროსაც გამოირჩეოდით.
– არასდროს ვყოფილვარ დახურული და არც ის ორგანო, სადაც მიმუშავია. ჩვენ კიდევ ბევრ კომპონენტს დავამატებთ საკანონმდებლო ორგანოში. არჩევნებამდე, ზუსტად ვიცი, რომ მოვასწრებთ იმას, რაც გაწერილი გვაქვს. ამასთან, მიმდინარეობს უმაღლესი საბჭოს საჭიროებების კვლევა, რომლის მიხედვითაც, გრანტით გათვალისწინებული თანხებით უნდა შევძლოთ უმაღლესი საბჭოს აპარატის გადამზადება. ერთგვარი ანგარიში გამომივიდა „აჭარასთან“. სამი მიმართულებიდან, რაც თავიდან ჩამოვთვალე, ორი უკვე დასრულებულია და მესამეზე მიმდინარეობს მუშაობა. თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება მუდმივად აუცილებელია. ის, რასაც საკონსულტაციო საბჭო დაწერს დოკუმენტის სახით უმაღლესი საბჭოს საჭიროებებზე, საჯარო დოკუმენტი არ იქნება, თუმცა მე მას გავასაჯაროებ, რადგან ამაში დასამალი არაფერია. კიდევ ერთი, რაც აუცილებელი და საჭიროა ინსტიტუციისთვის, არის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ ესეც მოვახერხეთ. შავი ზღვის ნატოს წევრი ქვეყნების ასამბლეის ასოცირებული წევრი ვართ. აქტიურად ვმონაწილეობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტების აპარატების ქსელში და ჩვენი აპარატის უფროსი და აჭარის უმაღლესი საბჭო არის ერთადერთი, რომელიც მონაწილეობს მის მუშაობაში. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, თორემ საერთაშორისო მიმართულებითაც უფრო აქტიურები ვიქნებოდით. ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ ოთხი წლისთვის არსებული რესურსების გათვალისწინებით, მინიმუმზე მეტი შევძელით. მომავალში ამაყი ვიქნები, რომ უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მივიღე. წინ კიდევ ხუთი თვე გვაქვს და ბევრი რამის გაკეთებას მოვასწრებთ.