მიკროავტობუსების გადატვირთვა ფეხზე მდგომი მგზავრებით ახალი კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს
მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომას მიზანშეწონილად არ თვლის თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ვიცემერმა განმარტა, რომ ასეთია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება.
„ჯერჯერობით ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს მგზავრთა რაოდენობის კონტროლი, რათა არ გადაიტვირთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაგალითად, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა რომ არ დავუშვათ, რადგან სხვა შემთხვევაში ისევ მძიმე სურათი შეიძლება მივიღოთ და ეს არ უნდა მოხდეს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის 100%-იანი, სრული გახსნა არ არის მოსალოდნელი, თუმცა, ტრანსპორტი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა და რეჟიმები დარჩება იგივე. მთლიანი ავტოპარკი გავა სერვისში და მოემსახურება მოქალაქეებს. თუ ამან განაპირობა გარკვეული შეზღუდვა და ვიღაც ვერ გადაადგილდა, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის დისკომფორტია, თუმცა, ისევ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენივე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, – განაცხადა ხმალაძემ.
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მოქალაქეების მომსახურებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.