„მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, შემდგომი შემსუბუქებების გადაწყვეტილება მიღებულია“
– ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დაწყებამდე.
მან ხაზი გაუსვა, რომ არსებული ვითარება არსებული შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქების საშუალებასაც გვაძლევს. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, შემდგომი შემსუბუქებების გადაწყვეტილება მიღებულია.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 8 ივნისიდან აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსნებს სასტუმროები და ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.
- ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ მუშაობა. 8 ივნისიდან, ასევე, გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა. იმუშავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. ეს ნაბიჯები მიღებულია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
კონკრეტულად რა შეზღუდვები მოიხსნება
– 29 მაისიდან ამოძრავდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, თუმცა მგზავრებისთვის და მძღოლისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება:
– პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები:
– 8 ივნისიდან რესტორნებში დაიწყება ყველა სახის მომსახურება. შესაბამისად, რესტორნები სრულად ამუშავდება;
– 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლების გაივლიან შემოწმებას და ექნებათ შესაბამისი ნებართვა;
– 8 ივნისიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.