კონდიციონერის გარეშე, ღია ფანჯრებით, პირბადეებით – ასე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93 –
შეხვედრაზე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბათუმში, 31 მარტიდან არ მუშაობს. მოძრაობის აკრძალვამდე, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმის მუნიციპალური ავტობუსები სპეციალური ხსნარით მუშავდებოდა, ავტობუსებში დაამონტაჟეს სადეზინფექციო სითხის დისპენსერები, ასასვლელ კარებს არ აღებდნენ, მძღოლის ადგილიდან დაახლოებით 2 მეტრი კი წითელი ლენტები იყო შემოსაზღვრული. ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მუშაობა 29 მაისიდან განახლდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება და აკრძალულია კონდიციონერის გამოყენება, ფანჯრები უნდა იყოს ღია.
„მიკროავტობუსებში აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსება და ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა. მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარით. რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება ავტობუსების სალონებში არსებული ხელის სადეზინფექციო დისპენსერების შევსება. მძღოლის კაბინა შემოსაზღვრული იქნება შესაბამისი ლენტით. ის ლოკაცია, სადაც მძღოლებს უწევთ სამსახურში გასვლის წინ შესაბამისი აღრიცხვის გავლა, ყოველდღიურად დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით, ხოლო მძღოლებს სამსახურში გასვლამდე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ პირბადეები. ჯიპიეს სისტემის მეშვეობით მოხდება ავტობუსებში მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაციის მიღება. ავტობუსების მუშაობის პროცესში პერიოდულად გაჟღერდება მოწოდება სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით. როგორც მუნიციპალურ ავტობუსებს, ასევე, მიკროავტობუსებს ყოველდღიურად ჩაუტარდება შესაბამისი დეზინფექცია. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის კონტროლს მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს,“ – ვკითხულობთ მერიის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე.
– არის მთელი რიგი პირობები, რომლებიც უნდა დაიცვან, როგორც ჩვენმა მოქალაქეებმა, ისე გადამყვანმა ორგანიზაციებმა და ავტოსაშუალებების მფლობელებმა, რათა მაქსიმალურად შევძლოთ იმ ეფექტის შენარჩუნება, რაც გვაქვს ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის ყოფნა, ასევე აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა. ეს ამ ეტაპზე ეხება მიკროავტობუსებს და არ ეხება ავტობუსებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მგზავრები მუნიციპალურ ავტობუსებში ერთმანეთთან მიჯრით განთავსდებიან, – განაცხადა ლაშა კომახიძემ ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე.
მერის განცხადებით, მძღოლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სადეზინფექციო ხსნარით.
– ეს განსაკუთრებით ეხება მიკროავტობუსებს, ვინაიდან არა მხოლოდ მძღოლებისთვის არის განკუთვნილი, არამედ მგზავრებსაც მიაწოდონ, რათა მათ შეძლონ ხელის დამუშავება. რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, იქ განთავსებულია სადეზინფექციო დისპენსერები და მგზავრებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ, – თქვა ლაშა კომახიძემ.
ლაშა კომახიძემ მგზავრთა გადამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს და ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორს დაავალა, რომ ტრანსპორტით მგზავრობისას წესების ჩამონათვალი როგორც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, ისე გაჩერებებზე გამოაკრან.
მერის თქმით, აუცილებელია ავტობუსებს, ასევე მიკროავტობუსებს ყოველდღე ჩაუტარდეს დეზინფექცია. მძღოლებმა ყოველდღიურად უნდა გაიარონ თერმოსკრინინგი და ეს სპეციალურ ჟურნალში აღირიცხოს.
წესების დაცვის შესრულებაზე მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.
კომენტარი ვთხოვეთ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლ რამაზ სურმანიძეს, რომელიც ხვალ ახალი რეგულაციების გათვალისწინებით დაიწყებს მუშაობას.
– ის, რომ აუცილებელია ტრანსპორტის აღდგენა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც ასე აუცილებელია ყველასთვის. ვფიქრობ, ყველაფერი მაინც ადამიანების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული, რადგან დანარჩენი ავტობუსებში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბოლომდე დავამარცხოთ ვირუსი ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის ხდება მისი დეზინფექციია, დამაგრებულია სადენზინფექციო ხსნარიც, ფეხზე აღარავინ იდგება და შესაბამისად დისტანციაც დაცული იქნება, ჩვენ მძღოლებიც განცალკევებით ვიქნებით გაკრული იქნება ლენტი და ყველა მგზავრს ექნება პირბადე. მართალია უჩვეულოა ჩვენთვის, მაგრამ ვფიქრობ აუცილებელი, – გვითხრა მან.
– პირველ რიგში მიხარია ის, რომ ტრანსპორტი ამუშავდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან სახლიდან მოშორებით მაქვს სამსახური და უკვე ძალიან ბევრი ფული დამეხარჯა ტაქსიში. მიხარია ისიც, რომ ერთხელ და საბოლოოდ მოწესრიგდება ტრასპორტი.როგორც შიგნით, მგზავრებას აღარ მოუწევთ კუთხით ფეხზე დგომა, რაც ყველაზე ცუდი და არაკომფორტული იყო. პირბადეს და სადენზინფექციო ხსნარებს უკვე მიჩვეულები ვართ, და ჩვენს ყოველდღიურობადაც იქცა, თუმცა ზაფხულში კონდიციონერის გარეშე როგორ უნდა გავძლოთ არვიცი, – თქვა მოქალაქე ლიანა ახალაძემ.