რა სურვილებს ასრულებს „ოქროს თევზი“ ანუ რომანიდან ტელესერიალამდე – „ერთხელ ბათუმში“
მარინა მითაიშვილი: 593 31 73 90 –
„ტელესერიალში ყველაფერია მოსალოდნელი. . . უნდა დაველოდოთ“
ალბათ, სრულიად საქართველოს, მაგრამ, ვფიქრობ, აჭარის მოსახლეობას უფრო გაახარებს, ან დააინტერესებს მაინც ის ამბავი, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ტელესერიალის „ერთხელ ბათუმში“ გადაღებას შეუდგა. ინტერესის გასაღვივებლად, პირველ რიგში, ის ფაქტი გამოდგება, რომ მასში თამაშობენ ცნობილი მსახიობები ზურა ცინცქილაძე და ნუგზარ კვაშალი. როგორც იცით, ბატონი ნუგზარი მომღერალია პირველ რიგში. ვინც არ იცის ვეტყვი, რომ ზურაბ ცინცქილაძე, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მომღერალი, ტრადიციული გაგებით არაა, მაგრამ საუცხოოდ მღერის, ჩემი, როგორც არაპროფესიონალის, აზრით. რატომ ვამახვილებ ამაზე ამდენ ყურადღებას? სერიალი მუსიკოსების ამბავს მოგვითხრობს, ზურა ცინცქილაძე კი თამაშობს ბიზნესმენს, რომელსაც მუსიკოსები უყვარს და აფინანსებს.
სერიალის რეჟისორი ირაკლი კიკვაძე მაყურებელს ახსოვს ტელესერიალ „ყავახანათი“ („ტვ-25“), რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა მაყურებლებში. ამ სერიალთან დაკავშირებული კიდევ ერთი პიროვნება შეგვხვდება ახალ პროექტში – ზებურას როლის შემსრულებელი ჯემალ ველიაძე, რომლის გმირი „ყავახანის“ შემდეგ ისეთი პოპულარული გახდა ჩვენი რეგიონის მოსახლეობაში, რომ მისი მონაწილეობით არაერთი კომპანია არეკლამებდა თავის პროდუქციას. ამჯერად ჯემალ ველიაძეს სრულიად განსხვავებულ როლში ვნახავთ.
როგორც ირაკლი კიკვაძემ გვითხრა, ფილმში ბევრი მუსიკაა, მასში მონაწილეობენ ახალგაზრდა შემსრულებლები, მათ შორის გიორგი ნაკაშიძე, სულხან დევაძე და ასე შემდეგ. მუსიკის დომინანტურობა თუნდაც იმიტომ არის ბუნებრივი, რომ მუსიკოსები არიან ფილმის სცენარისტიც (ნუგზარ ერგემლიძე), პროდიუსერიც (კახა ფირცხალაიშვილი) და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელიც (ნუგზარ კვაშალი). ინტერესმოკლებული ნამდვილად არ იქნება ამ სერიალში მსახიობ თამარ დათუაშვილის ნახვა, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პირველად პოპულარული მოკლემეტრაჟიანი ფილმით – „კედელი“ გაიცნო, ბოლო ხანებში კი დასამახსოვრებელი სახე შექმნა ტელესერიალში – „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც, სხვათა შორის, ნუგზარ ერგემლიძის პარტნიორია.
– ეს ფილმი ყველაფერზეა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც – სიკეთეზე, ზურაა (ზურაბ ცინცქილაზე მსახიობ თამარ დათუაშვილის მეუღლეა) ერთ-ერთ მთავარ როლში, თამაშობს კეთილ ბიზნესმენს, რომელსაც კარგი საქმეების კეთება უნდა. მე ვარ გამწვანების სამსახურის – „მწვანე ბათუმის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თბილი, მცენარეების მოყვარული ადამიანი, ცოტა ექსცენტრიკულიც. ჩემს გმირს მცენარეები ისე უყვარს, რომ ელაპარაკება, როგორც სულიერ არსებებს. ზურას პერსონაჟს ფილმში საქმესთან დაკავშირებით გავიცნობ (მცენარეების მოშენებას მთხოვს თავისი სახლის ტერასაზე), შემდეგ კი რესტორანში დამპატიჟებს. . . რა თქმა უნდა, გამიხარდა სერიალში რომ მომიწვიეს. მსახიობს ყოველთვის უხარია როლი, ჩვენ ხომ დამოკიდებული პროფესია გვაქვს, ამ კორონავირუსმა კიდევ მთლად გაგვაჩერა. ძალიან სასიამოვნო და კარგი ატმოსფეროა გადაღებებზე. სერიალი ისეთი რამეა, წინასწარ არ იცი, სიუჟეტი როგორ განვითარდება, ასე რომ, ყველაფერი მოსალოდნელია. . . უნდა დაველოდოთ, – გვითხრა მსახიობმა ჩვენი შეკითხვების კვალდაკვალ.
რა თქმა უნდა, ბათუმელი ხელოვანის ნუგზარ ერგემლიძის მონაწილეობა ტელესერიალში, სრულიად ახალ (ყოველ შემთხვევაში – ჩვენთვის) ამპლუაში – სცენარისტად, კიდევ ერთი დამაინტრიგებელი გარემოებაა სერიალის სანახავად. თუმცა გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან მისი მრავალმხრივობის ამბავი ცნობილია. იმის გასარკვევად, როგორ გამოიჩენს იგი თავს ამ კუთხით, ბევრი ლოდინი აღარ დაგვჭირდება, რადგან რვა სერია უკვე გადაღებულია. პანდემიის გამო პაუზაც ამოწურულია და ამჟამად გადაღებები ინტენსიურად მიმდინარეობს, რაშიც გვარწმუნებს რეჟისორი ირაკლი კიკვაძე. ჩვენ მას რამდენიმე შეკითხვა დავუსვით, რომელთა პასუხებს კი ერთიანად გთავაზობთ.
– თავდაპირველი იდეა აჭარის ტელევიზიიდან წამოვიდა, რადგან გვაქვს სატელევიზიო სერიალის წარმოების პრაქტიკა. სწარაფად დავიწყეთ გადამღები ჯგუფის შედგენა კვალიფიციური ადამიანებით. სცენარის და მუსიკის ავტორი გახლავთ ნუგზარ ერგემლიძე. სცენარის ძირითადი ნაწილი აღებულია მისივე რომანიდან – ,,ოქროს თევზი”.
ისტორია, რა თქმა უნდა, ბათუმში ვითარდება. სერიალის ორივე მთავარი გმირი მუსიკოსია. ისინი იპოვიან ოქროს თევზს, რომელიც იწყებს მათი სურვილების ასრულებას. მთავარი ისაა, რომ სერიალში ბევრი მუსიკაა. ვეცდებით, წარმოვაჩინოთ ახალგაზრდა შემსრულებლები. უკვე გადავიღეთ მომღერლები გიორგი ნაკაშიძე და სულხან დევაძე, რომლებიც ეპიზოდურ როლებსაც თამაშობენ და თავისთავად, მღერიან კიდეც. დაგეგმილი გვაქვს 48 სერიის გადაღება. პირველი მრავალსერიიანი ტელეფილმია აჭარის მასშტაბით, რომელიც სტუდიური არაა, სხვადასხვა ლოკაციებში მიმდინარეობს გადაღებები. აქედან გამომდინარე, ბევრი სირთულე გვაქვს. ჩვენთვისაც პირველი შეჭიდებაა ასეთ საქმესთან და ასე ვთქვათ, ვყალიბდებით, ერთ-ორ კვირაში სარეკლამო ბანერებიც დაიდგმება, პრომოც გამოვა და დაახლოებით ერთ თვეში, ალბათ, ეთერში გავალთ. საზმაუს აჭარის ტელევიზია გვაფინანსებს, ძალიან მცირე ბიუჯეტი გვაქვს, სპონსორებზე კი ვართ ორიენტირებულები, მაგრამ პანდემიის გამო გაჩერდა აბსოლუტურად ყველაფერი. თანადაფინანსების მოლოდინი და დაპირებები არის. სპონსორები ჩვენი დაფინანსების სურვილს დაუეჭვებლად გამოთქვამენ, რადგან იციან, რომ სერიალს ბევრი მაყურებელი ჰყავს, ბუნებრივია, იგი აიტვირთება „იუთუბსა“ და სხვა ინტერნეტსაიტებზეც. ყოველ ორ სერიაში ახალ შემსრულებელს ჩავრთავთ. ძირითადად, ნუგზარ ერგემლიძის სიმღერები შესრულდება ახალი არანჟირებით. ვინაიდან სცენარი აგებულია ორი მუსიკოსის ისტორიაზე, ვერ ავცდით მუსიკალურობას. მართალია, არარეალური ისტორიაა მოთხრობილი, მაგრამ სახალისო საყურებელი იქნება და ვფიქრობთ, ყველა ასაკის მაყურებელს დააინტერესებს. მოქმედება თანამედროვეობიდან წინა საუკუნის სამოცდაათიან წლებშიც გადადის, რადგან მშობლების ახალგაზრდობისდროინდელი პერიოდის გახსენება მიდის და პარალელებიც იკვეთება.
ვფიქრობ, მაყურებლისთვის ისიც საინტერესო იქნება, რომ ამ სერიალით გაიცნობენ მსახობებს, რომლებიც ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ მათ არ იცნობს მოსახლეობის 99 პროცენტი. ძალიან საინტერესო ახალგაზრდები მონაწილეობენ ჩვენს პროექტში და მიხარია, რომ წარმოვაჩენთ მათ. დაკავებული გვყავს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მათ შორისაა ჩემი ასისტენტიც. ისინი პრაქტიკას გადიან ჩვენთან და ვფიქრობ, ეს პერიოდი არასოდეს დაავიწყდებათ. მაყურებელიც ბევრ ახალ სახეს გაიცნობს. ფილმზე მუშაობა ინტენსიურად მიდის. ერთადერთი, რამაც ხელი შეგვიშალა, ეს პანდემიაა, მაგრამ გადაღებები განვაახლეთ და სწრაფი ტემპით მივდივართ წინ, – გვითხრა ფილმის რეჟისორმა.
ახალ ტელესერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს ბათუმელების კიდევ ერთი საყვარელი მსახიობი მამუკა მანჯგალაძე, რომელიც თეატრალური როლებით შეიყვარა ჩვენმა მაყურებელმა და რა თქმა უნდა, ინტერესით შეხვდებიან მის კინოროლსაც. უნდა ვთქვათ, რომ ისიც ასრულებს ფილმში სიმღერებს, რადგან შესანიშნავად მღერის ბავშვობიდან. სერიალში ასევე თამაშობენ: გიორგი არველაძე , ანო ზურაშვილი, ალა ვიქტოროვა, მერი ნაკაშიძე. ოპერატორი გიორგი მეგრელიძე გახლავთ.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ერთი თვის გასვლას, სანამ ტელესერიალს ვნახავთ, წარმატებები ვუსურვოთ გადამღებ ჯგუფს და ბიზნესმენებს ვთხოვოთ, თუკი კინო და ჩვენი კუთხე უყვართ, არ დაინანონ სახსრები ტელესერიალის ფინანსური მხარდაჭერისთვის.