დეპუტატი სესიაზე რამდენიმე მოქალაქის შეშვებას მოითხოვდა
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
დღეს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მთავრობის თავმჯდომარის რიგით მეორე ანგარიში უნდა მოისმინონ დეპუტატებმა. სხდომათა დარბაზში მინისტრთა კაბინეტი სრულად იყო წარმოდგენილი. სხდომის დაწყებისთანავე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რადგან, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიკე რიჟვაძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა. დეპუტატი მოითხოვდა სხდომათა დარბაზში რამდენიმე მოქალაქის შეშვებას, რისი უფლებაც მას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ არ მისცა. დავით გაბაიძემ ელგუჯა ბაგრატიონი ჯერ გააფრთხილა, შემდეგ დააჯარიმა და ბოლოს დარბაზის დატოვება მოსთხოვა, თუმცა მან სხდომათა დარბაზი არ დატოვა. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
– დღეს აქ მოვიდნენ თვითდასაქმებულები, ისინი გარემოვაჭრეები არიან. სურთ, კითხვები დაუსვან მთავრობის თავმჯდომარეს, მაგრამ ისინი დარბაზში არ შემოუშვეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ვთხოვე, ეს ადამიანები დარბაზში დაეშვა. თუმცა, როგორც ნახეთ, ამათ ხალხი არ აინტერესებთ. დავით გაბაიძეს აინტერესებს ქვისლი, თავისი ოჯახის წევრი, რომელიც ზედმეტი შეკითხვებისგან უნდა დაიცვას. დარბაზის დატოვებას არ ვაპირებ. ამათგან განსხვავებით, ყოველდღიურად ვხვდები მოსახლეობას, ვიცი მათი გასაჭირი და მათი ხმა ვარ დღეს უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, ყველა ის შეკითხვა და პრობლემა, რაც აწუხებს მოსახლეობას, უნდა დავუსვა თორნიკე რიჟვაძეს, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებას უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟოტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ელგუჯა ბაგრატიონის ქმედება საზოგადოების შეურაცხყოფა იყო.
– მოსახლეობამ დაინახა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხალხის უპრეცედენტო შეურაცხყოფა. დაუსაბუთებელ და არგუმენტმოკლებულ დემარშებს შეჩვეულები ვართ. ადამიანს როცა ეუბნები, რომ სხდომა პირდაპირი ეთერით გადაიცემა და ნებისმიერ ადამიანს საშუალება აქვს მთავრობის თავმჯდომარის გამოსვლას მოუსმინოს, არაფერი დამალული არაა. ყველა მიხვდება, რომ დესტრუქციას მიზანი და მიზეზი აქვს – სიტუაციის არევა, ამ ყველაფერს კი იმისთვის აკეთებენ, რომ პატარა კადრი შექმნან, დავალება შეასრულონ. სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის დროს ელგუჯა ბაგრატიონმა საპროვოკაციო თემა სწორად ვერ შეარჩია და თქვა, რომ მოსახლეობას სურს მოსმენა. მოუმზადებლობის, უსაფუძვლობის, გაუთვლელობის ფოიერვერკი ვნახეთ ჩვენ, – თქვა ილია ვერძაძემ.
უმაღლესი საბჭოს შენობასთან გარემოვაჭრეები არიან შეკრებილები და მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. უმაღლესი საჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ თქვა, რომ თუ მოსახლეობას შეხვედრის სურვილი აქვს, მათ ის საკუთარ კაბინეტში მიიღებს.
– რაკი ბაზრის მიმდებარედ არ შეიძლება ვაჭრობა, კი ბატონო, აქ ვივაჭრებთ. შეხვედრა გვსურს ბატონ თორნიკე რიჟვაძესთან, რაკი სხდომათა დარბაზში შესვლის შესაძლებლობა არ მოგვეცა, აქ დაველოდებით. კეთილი ინებოს მთავრობამ და უფლება მოგვცეს, ოჯახები ვარჩინოთ. ჩვენ 23–ე სკოლის უკან ვვაჭრობდით. გადაგვიყვანეს ავტოსადგურში, მაგრამ იქ ბაზრობამ არ იმუშავა და იძულებულები გავხდით, უკან დავბრუნებულიყავით. გვემუქრებიან 500-ლარიანი ჯარიმით და საქონლის ჩამორთმევით, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მზევინარ ქარცივაძემ.