რატომ არ მოისმინეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში?
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
დღეს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არ მოისმინეს. უმცირესობის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვეს, რაც მოქალაქე, რომელიც სხდომის გაგრძელების შემდეგ დარბაზში ელგუჯა ბაგრატიონმა შეიყვანა და საკუთარი სავარძელი შესთავაზა, იქ არ დასვეს. ქალბატონთან ერთად დარბაზიდან ოპოზიციის წარმომადგენლებიც გავიდნენ. დარბაზის დატოვებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი დიასამიძემ ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძეს მიმართა.
– ჩვენ ვტოვებთ სხდომას, თუმცა, ბატონო ზაალ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, 12 დღეა შიმშილობს ადამიანი ტელევიზიასთან, რაღაც სამედიცინო მეთვალყურეობა დააწესეთ, 12 დღე ორგანიზმისთვის, იცით, ცოტა არ არის. სანამ რამე მომხდარა, ეგებ, ამ ადამიანს ვინმე დაელაპარაკოს, – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან გარემოვაჭრეებთან შესახვედრად გავიდნენ.
–გვსურდა ჩვენთვის მოესმინათ, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქციეს. მართალია, ადგილი გამოგვიყვეს, ავტოსადგურთან, მაგრამ ორი თვე – მოწესრიგებას, ორი თვე ამუშავებას ველოდეთ. თვითონაც იციან, რომ იქ არავინ შემოდიოდა სავაჭროდ. ვერ ვიმუშავეთ და იძულებულები გავხდით, გარეთ გამოვსულიყავით. ან გარევაჭრობის ნება დაგვრთონ, ან სხვა, ალტერნატიული ფართი გამოგვიყონ, სადაც ადამიანები მოვლენ. გადავიხდით გადასახადს, ოღონდ ისეთი ადგილი მოგვცენ, სადაც რეალურად ვიმუშავებთ. დღეს ხელში გვიჭირავს საქონელი და ისე ვყიდით, რადგან სხვა საარსებო საშუალება ვერ ვნახეთ. ათი ადამიანი ვართ ასეთი, ვინც დავრჩით, დანარჩენები – ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგმაც მაღაზიები იქირავა. საქონელი ჩამოგვართვეს და არ დაგვიბრუნეს, – აცხადებს ნანა კინწურაშვილი, რომელიც სხდომათა დარბაზში ჯერ შევიდა მთავრობის თავმჯდომარის მოსასმენად, თუმცა, მისივე თქმით, უხერხულ სიტუაციაში ჩააგდეს და დარბაზი დატოვა .
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ კითხვები ჰქონდათ მთავრობის თავმჯდომარესთან, მაგრამ იქ, სადაც ხალხის ხმა არ ესმით, ვერ დარჩებოდნენ.
– გუშინ, საღამოს 6 საათზე, მივიღეთ შეტყობინება, რომ დღეს ჩატარდებოდა უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში. მიუხედავად ამისა, მაინც მოვამზადეთ კითხვები. ეს ადამიანები ისინი არიან, ვისაც უნდა ემსახურებოდეს უმაღლესი საბჭოს ყველა წარმომადგენელი. დღეს ერთ-ერთი სტუმარი, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარისთვის კითხვების დასმა სურდა, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ მან დარბაზი დატოვა. აქ არ შეიძლება დაჯდეთ, იქ არ შეიძლებაო და ქალბატონი იძულებული გახდა, დარბაზიდან გასულიყო. სოლიდარობის ნიშნად, ჩვენც დავტოვეთ სხდომა. იქ, სადაც არ ისმის ადამიანების ხმა, ჩვენი ადგილი არ არის. ბევრი კითხვა მოსახლეობამ მოგვაწოდა, ჩვენც მომზადებული გვქონდა, მზად ვიყავით მოგვესმინა მთავრობის თავმჯდომარისთვის და დებატებში მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა. ჩვენ ამ ადამიანების ხმას წარმოვადგენთ საკანონმდებლო ორგანოში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადაც არ ისმის ამ ადამიანების ხმა, ჩვენ იქ არ დავრჩებით, – აცხადებს ასმათ დიასამიძე. მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კითხვები ყველა სფეროს ეხებოდა, მათ შორის, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს, სოფლის მეურნეობას, განათლებას, ჩითილების ყბადაღებულ თემას, ტურიზმს, სასტუმროებს და ა. შ.
– 2019 წელს თორნიკე რიჟვაძემ 6 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა დააანონსა, რაც მცდარია, ამის შესახებაც გვსურდა გვეკითხა მისთვის. რაც უნდოდათ, იმას მიაღწიეს, მარტო დარჩენილიყვნენ და „დარი-დურით” დაამთავრებენ სხდომას, – განაცხადა ასმათ დიასამიძემ.