რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება № 01-227/ო-ს 25-ე დანართში გარკვევით წერია, რომ სპექტაკლების, კონცერტების და სხვა სახის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს; თეატრალური წარმოდგენა უნდა ჩატარდეს ერთ მოქმედებად, ანუ, თავისთავად, ანტრაქტის გარეშე. შიდა სივრცეში ადმინისტრაციებმა 5 მ2-ზე ერთი ადამიანის დაშვება უნდა უზრუნველყონ და სივრცე ისე მონიშნონ, რომ არ მოხდეს ადამიანების კონცენტრაცია. ამასთან, დახურულ სივრცეში სტუმრებისთვის სავალდებულოა ნიღბები. საგრძნობადაა შესაცვლელი სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელ ღონისძიებებსა და მოსამზადებელ სამუშაოებში.
სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებები:
• სარეპეტიციო სამუშაოს გრაფიკი უნდა შედგეს ისე, რომ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრები უშუალო კონტაქტში არ იმყოფებოდნენ ერთმანეთთან;
• სარეპეტიციო მუშაობის გრაფიკის ცვლების მიხედვით შედგენა;
• შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ცვლაში არ უნდა იყოს 10 ადამიანზე მეტი;
• იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი კოლექტივის სარეპეტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროება 10 (ათი) ადამიანს აღემატება, სარეპეტიციო სივრცეში უზრუნველყავით 5 მ2 ფართობზე თითო შემსრულებლის დაშვების შესაძლებლობა, ან მინიმუმ, 2 მეტრის უსაფრთხო დისტანცია შემსრულებლებს შორის;
• სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრეთ იმგვარად, რომ არ აღემატებოდეს 2 (ორი) საათს;
• უზრუნველყავით ცვლებს შორის ინტერვალის შესაძლებლობა, მინიმუმ, 1 – 1,5 საათი;
• ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია/ან გუნდის საფეხურებრივი განლაგება, დისტანციის დაცვით;
• გასახდელებსა და საგრიმიოროებში მსახიობებისთვის ავეჯი განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
• მაქსიმალურად შეამცირეთ რეპეტიციების, კონცერტებისა და სპექტაკლების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა;
• უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება;
• აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია;
• კონცერტის, სპექტაკლისა თუ სარეპეტიციო სამუშაოს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, გამოყენებული ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით;
• იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია, უზრუნველყავით ხელოვნური ვენტილაციის გამართული მუშაობის რეჟიმი გარედან შემოტანილი ჰაერის ცირკულაციითა და გარეთ გატანით.
ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) გამართვის მოსამზადებელი სამუშაოები:
• ღონისძიებების ბილეთების გაყიდვისთვის ელექტრონული სისტემის გამოყენება;
• ბილეთების სალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისის შეთავაზება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლარე აღჭურვეთ ხელთათმანებით, ხოლო სალაროსთან განათავსეთ ხელის სადეზინფექციო 60-70%-იანი საშუალებები;
• ორგანიზატორებმა უზრუნველყონ შენობაში მხოლოდ იმ თანამშრომლების დაშვება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებაში, ან მათი ყოფნა აუცილებელია ღონისძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად;
• სასცენო სივრცეში დეკორაციებისა და რეკვიზიტების მინიმალური რაოდენობის გამოყენება;
• სტუმართათვის განკუთვნილი ადგილების უსაფრთხო მანძილის დაცვით გადანაწილება (გარდა 12 წლამდე ბავშვებისა);
• ნიღბების გარეშე სტუმრების შესვლა შენობაში აკრძალულია.
ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) ჩატარების რეკომენდაციები დახურული სივრცეებისთვის:
• სტუმართა ნაკადის მართვა დიდი რაოდენობის კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით;
• შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის ასაცილებლად უსაფრთხო დისტანციის მონიშვნა;
• დახურულ სივრცეში სტუმართა დაშვება მხოლოდ ნიღბით;
• ღონისძიების სრული ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შემოსვლისა და შენობის დატოვების დროს;
• ღონისძიება უნდა გაიმართოს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე;
• სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზების აკრძალვა, რაც უშუალოდ არ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.
ამავე რეკომენდაცების თანახმად, ძირითადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის საერთოა.

