გიგი უგულავამ ბათუმში ბრიფინგი გამართა
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
ბათუმში, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში მისი ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების კითხვას – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება თუ არა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე, გიგი უგულავამ უპასუხა, რომ შესაძლოა, იყოს.
– ტარიელ ნაკაიძე ღირსეული ადამიანია, სწორი და კარგი რეპუტაციით, ჯანსაღი ღირებულებებით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გამიხარდება, თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგება. უბრალოდ, მინდა, თუ ეს თანამშრომლობა შედგება, პირველად მან თქვას ამის შესახებ. დიახ, გვქონდა საუბარი და ჩვენი პოზიციები მთელ რიგ საკითხებში ემთხვევა, განსაკუთრებით, რელიგიური თავისუფლების საკითხებში. თანამშრომლობის შემთხვევაში, ძალიან სასარგებლო იქნება ეს ადამიანი იმ რეგიონისთვის, რომელსაც წარმოადგენს. აჭარის მთიანეთის ღირსეული წარმომადგენელი იქნება, – განაცხადა გიგი უგულავამ.
იმ შემთხვევაში, თუ ტარიელ ნაკაიძე დათანხმდება არჩევნებში მონაწილეობას, როგორც მაჟორიტარი კანდიდატი, ის კენჭს იყრის ოლქში, რომელიც მოიცავს ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტებს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ნაწილს. ტარიელ ნაკაიძეს ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია თანხმობის შესახებ. მაჟორიტარული ოლქის საზღვრები ცესკომ უნდა დაადგინოს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით, ერთ ოლქში მინიმუმ 90 ათასი ამომრჩეველი იქნება. ამ ცვლილებით, აჭარას საქართველოს პარლამენტში ექვსი მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვლად, სამი ეყოლება.
გიგი უგულავა პრესკონფერენციაზე 8 მარტის შეთანხმების საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და ამაზე მართლმსაჯულების ნაწილში ელჩების განცხადებებიც მეტყველებს.
– 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებას არ შეუსრულებია. ეს ელჩების გუშინდელი განცხადებებიდანაც ცალსახად ჩანდა, როდესაც მხარეებს მართლმსაჯულების ნაწილზე და დეპოლიტიზაციაზე შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებდნენ. აქ ერთპიროვნულად იგულისხმება „ქართული ოცნება“. ჩვენ ვერანაირ მართლმსაჯულებაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ძალიან სასაცილო იყო ის ზეიმი, რომელიც გუშინ მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“, ასეთი იძულებითი ზეიმი, რომელიც ერთწლიანი ეპოპეის დასასრულს აღნიშნავდა, მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ მრავალგზის მოიტყუა და დაიხურა კარები, ეს თემა მაინც ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მოხერხდა,– განაცხადა გიგი უგულავამ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზეც ისაუბრა.
– მეორე საკითხია ეუთო–ოდირის რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ამ დისკუსიაში „ევროპული საქართველო“ თავიდანვე მონაწილეობდა, ეს საკითხი წელიწადზე მეტია, დამუშავების პროცესშია. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება” ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს არ ითვალისწინებს, კერძოდ, ყბად აღებულ თემად იქცა კოორდინატორების თავშეყრა საარჩევნო უბნებთან და ამის დარეგულირება. ამ პანდემიის პირობებში ეს თემა სხვა განზომილებას იძენს. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს. ასევე, მოსაგვარებელია ბლოკის საკითხი. ბლოკში პარტიებს შორის შეთანხმების თავისუფლება იზღუდება კანონით, რაც არასწორია. ამ დისკუსიაში ჩვენ ჩავერთვებით, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიებიც. უბრალოდ, საბოლოო კანონპროექტის, რაც იქნება, მიხედვით ვიმსჯელებთ, თუ ძალიან არ დაამახინჯა „ქართულმა ოცნებამ, – აღნიშნა გიგი უგულავამ.