ლადო მგალობლიშვილი: ვცდილობთ, მაქსიმალურად სამართლიანები ვიყოთ და უსამართლობის განცდა არავის ჰქონდეს ამ ქვეყანაში
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30 –
5 ივლისს აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მესამე მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემა შეიცვლება. 18/3 – ასე განაწილდება მანდატები უმაღლეს საბჭოში. საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე ოპოზიციამ მოითხოვა, მომზადდა შესაბამისი კანონის პროექტიც, რომლის მიხედვითაც, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის, უნდა შეცვლილიყო უმაღლესი საბჭოს არჩევის წესიც, თუმცა რადგან გასულ წელს საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს პარლამენტში ჩავარდა, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს მომზადებული ცვლილებები სესიაზე არ გაუტანია. წელს საქართველოს პარლამენტი სრულად პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული წესით აირჩევა, ასეთივე წესით ავირჩევთ უმაღლეს საბჭოსაც. აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არა პროპორციულთან მიახლოებულ, არამედ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უჭერდნენ მხარს, თუმცა, გუნდურობის პრინციპით, ისინი ერთ პოზიციაზე შეჯერდნენ. სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე იყო უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატი ლადო მგალობლიშვილიც, რომელმაც, კოლეგების მსგავსად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. რატომ მიიღო დეპუტატმა ასეთი გადაწყვეტილება? ამ და სხვა საკითხებზე ლადო მგალობლიშვილს ვესაუბრეთ.
-ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით აჭარა გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. არსებულ კონსტიტუციაში გვეწერა, რომ ჩვენ 2024 წელსაც გვექნებოდა შერეული საარჩევნო სისტემა, მაგრამ სრულად გადავალთ პროპორციულზე. უმრავლესობის უმრავლესობის პოზიცია ამ კუთხით დაკმაყოფილებულია. კოლეგებს, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, გამოიჩინეს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ერთჯერადად, ანუ 2020 წელს იქნება პროპორციულთან მიახლოებული მოდელი, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.
-ბატონო ლადო, ოპოზიცია აპელირებს, რომ ის, რაც უნდა მიიღოს უმაღლესმა საბჭომ საბოლოოდ, არ იყო მოსახლეობასთან შეთანხმებული.
-გასული წლის ივლისში, ოპოზიციამ მოგვმართა წერილით, რადგან საქართველოს პარლამენტი გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ჩვენც გადავსულიყავით. დავიწყეთ კანონპროექტის ინიცირება, მაგრამ იცით, რომ საქართველოს პარლამენტში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩავარდა. თუმცა, ახლახან, საქართველოს პარლამენტმა, ოპოზიციასთან შეთანხმებით, მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდება. შესაბამისად, იგივე გადმოვიტანეთ აჭარაში და მათი არგუმენტი რაც იყო, რომ საქართველოს პარლამენტის მსგავსი საარჩევნო სისტემა გვქონოდა, შევასრულეთ. სამწუხაროდ, თითიდან გამოწოვილი მიზეზებით, არც საქართველოს პარლამენტში და არც უმაღლეს საბჭოში, ოპოზიცია მხარს არ უჭერს ცვლილებებს.
-ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ჩანხართ როგორც სატელევიზიო სივრცეში, ასევე აქტიურობთ სოციალურ ქსელში, რაც სამომავლოდ გათვლილ ერთგვარ პოლიტიკურ ნაბიჯებად ფასდება. მაგალითისთვის თქვენი საქმიანობის ვიდეოფორმატში შეჯამებას მოვიყვან, რომელიც სოციალურ ქსელში ტრიალებს.
-2016 წლის მოწვევის უმაღლესი საბჭო ერთ ერთი აქტიური იყო. ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია – ახალი რედაქციით, რაც ყველაზე მთავარ მიღწევად მიმაჩნია. ასევე, კანონი გრანტების შესახებ, ანუ, რეგიონის უმაღლესმა საბჭომ და სხვა ორგანოებმა კანონით მოიპოვეს გრანტების მიღების უფლება. ეს იყო ვახო წულაძის, დავით გაბაიძის და ნინო ჩხეტიას ინიციატივა, უშუალოდ მე კი გრანტების გაცემის უფლებამოსილებაზე ვმუშაობდი და 119 სტუდენსტს 320 ათასი ლარით გაეზარდა დაფინანსება. 70 სახელოვნებო პროექტი დაფინანსდა. როდესაც ჩვენ გადავედით სატენდერო სისტემაზე 2015 წელს, პრაქტიკულად, კულტურის სფეროს დაფინანსება შეჩერდა, რადგან იდეა ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, ტენდერით კი სხვას უნდა განეხორციელებინა. ჩემ მიერ მომზადებული კანონპროექტით, ეს საკითხი დარეგულირებულია. 12 500 ლარი, რომელსაც უცხოეთში სწავლისთვის სტუდენტს ვაძლევდით, იბეგრებოდა 20 პროცენტით. დღეს აღარ იბეგრება და თანხას სრულად ღებულობს. გარდა ამისა, ორი კანონი წარვადგინე საქართველოს პარლამენტში და ორივე დაამტკიცეს. ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა აჭარის უფლებამოსილებები ზოგადი განათლებს სფეროში. რეგიონის 229 საჯარო სკოლაში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლება და პრევენციული ზომების მიღება უკვე აჭარის განათლების სამინისტროს შეუძლია, ანუ, სამინისტრო ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. სრული დელეგირების კომპლექტი გაკეთდა ავტონომიურ რესპუბლიკაზე. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. ასევე, ქონების მართვის კანონში შევიტანეთ ცვლილება, რომლის თანახმადაც, განათლების სამინისტროს როდესაც უწერია პროგრამაში რაიმე ქონების, თუნდაც ლეპტოპების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებზე გადაცემა, თავისუფლდება ბიუროკრატიისგან და მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება. ყველა კანონმა იმუშავა, რაც ამ მოწვევის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. აქვე მინდა გითხრათ, ამ მოწვევის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა საგაზაფხულო სესია. წინ გვაქვს საშემოდგომო სესია, მაგრამ, პრაქტიკიდან გამომდინარე, მხოლოდ გავხსნით. ამ ეტაპზე დარჩენილია რამდენიმე რიგგარეშე სხდომა. საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ანგარიში ერთი თვის შემდეგ რომ გამეკეთებინა, წინასაარჩევნო პერიოდში აკრძალულ საქმიანობად ჩამეთვლებოდა. ამიტომ, კანონი არ დავარღვიე. რაც შეეხება სატელევიზიო ფორმატს, იყო მიმდინარე თემები და დაემთხვა, რომ ხშირად მომიწია გამოსვლები.
-ანუ, თქვენი ასეთი აქტიურობა არ უკავშირდება თქვენს პოლიტიკურ მომავალს?
-არა, ეს ჩვეულებრივი მიმდინარე საქმიანობაა.
– თქვენი ანგარიში რეკლამის სახით მიაწოდეთ სოციალური ქსელების მომხმარებელს.
-თუ ამაში ფინანსურ რესურსს გულისხმობთ, გეტყვით, რომ საკუთარი სახსრებით ვაფინანსებ ფეისბუქპოსტებს, თუმცა ბიუჯეტიდანაც რომ დაფინანსებულიყო, არც ეს იქნებოდა კანონდარღვევა. ამომრჩევლისადმი ერთგვარი ანგარიშით წარვსდექი, თუ რა გავაკეთე. უმაღლესი საბჭო უახლოეს პერიოდში გეგმავს, ანგარიშით წარსდგეს. ვფიქრობ, ვალდებულია საკანონმდებლო ორგანო, ამომრჩეველს ანგარიში ჩააბაროს. კოლეგები ამას უახლოეს მომავალში გაერთიანებულ ფორმატში გააკეთებენ.
– ამ დრომდე ყბადაღებულ თემად რჩება პოლიტპატიმები და 8 მარტის შეთანხმება,რომლის შეუსრულებლობის მაგალითად პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუა მოჰყავთ.
-8 მარტის შეთანხმებაში არსად წერია სიტყვა პოლიტპატიმარი და არც კონკრეტული სახელ-გვარები. ეს პოზიცია კიდევ უფრო განამტკიცა გერმანიის ელჩმა, რომელმაც თქვა, რომ შეთანხმებაში არ არის მითითება პოლიტპატიმრებზე. შესაბამისად, ეს არის ოპოზიციის მორიგი მიზეზი, რადგან მათ არ სურდათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერა. იციან, რომ არჩევნებში მოგების შანსი არ აქვთ და პროცესების რადიკალიზაციას შეეცდებიან. წინასაარჩევნო გარემო დაძაბული იქნება და საბოლოოდ, შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმაციაც ეჭვქვეშ დააყენონ. არც ისაა გამორიცხული, შეეცადონ პარლამენტის შტურმით აღებას და სხვა.
– პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების მომხრე რომ არის ოპოზიცია, ეს არაერთხელ უთქვამთ. . .
-ეს მათი ხელწერაა, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს. იგივეს სახელისუფლებო გუნდიდან წასულებზე ვერ ვიტყვი, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, კერძოდ, თამარ ჩუგოშვილი, თავის თანამოაზრეებთან ერთად, მარიამ ჯაში და სხვა ყველა, ვინც მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა.
– „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 8 წელი შევაფასოთ. წინა ხელისუფლება ციხის კადრებს გადაყვა, დღეს რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში?
-კარდინალურად სხვა ვითარებაა, მახსოვს ბათუმის ციხე გათვლილი იყო 250 ადამიანზე და იქ სასჯელს 1300 ადამიანი იხდიდა. გაუსაძლისი პირობები იყო. დღეს, როგორც ვიცი, სანდარტი შესაძლებლობების ფარგლებში დაცულია. დღევანდელი ციხე და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი ციხე ცა და დედამიწასავით განსხვავდება. ჩვენმა ხელისუფლებამ ც – ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ერთ-ერთი პირველი – ციხიდან დაიწყო და პატიმრებს უმკურნალა. მსაჯავრდებულებისადმი მიდგომა ამაშიც ჩანს.
– ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რას იტყვით?
-ადამიანის უფლებების დარღვევა დღეს სისტემური ხასიათის აღარაა. ინდივიდუალური გადაცდომები არამხოლოდ საქართველოში, ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, სისტემურ დონეზე, ჩვენი ინსტიტუციები ადამიანის უფლლებებს ნამდვილად იცავენ. წამება, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში თუ პოლიციის განყოფილებებში არ არის. ამ დღეებში, იცით, რომ ციხეების რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდა გერმანიიდან. სამართლიანობის აღდგენის კუთხით ესეც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
-სასამართლოს მისამართიცაც გვესმის, რომ სისტემაში არის კლანური მმართველობა და იქ წინა ხელისუფლებისდროინდელი მოსამართლეები აგრძელებენ საქმიანობას.
-თავის დროზე მოსამართლეების სისტემიდან გაშვების წინააღმდეგი წავიდა არასამთავრობო სექტორი, თუმცა მათი ნაწილი სასამართლოდან წავიდა, ნაწილი დარჩა და ნაწილიც ახალი შევიდა. აქ პიროვნენებზე არაა საქმე. ფაქტები უნდა განვიხილოთ. მაგალითად, თუ გამამართლებელი განაჩენები სააკაშვილის ხელისუფლების დროს წელიწადში 2 ან 3 იყო, დღეს ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ადმინისტრაციულ დავებს იგებენ მოქალაქეები. სასამართლოს ხარისხი, სააკაშვილისდროინდელ სასამართლოსთან შედარებით, ძალიან მაღალია, ამის დასტურია ის, რომ უამრავი მოქალაქე მიმართავს უწყებას, რამაც სასამართლოების გადატვირთვაც კი გამოიწვია. სისტემაში მაინც რჩება გარკვეული გამოწვევები, რაც ვფიქრობ, გამოსწორდება.
-საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეულ თავმჯდომარესაც არ ენდობა ოპოზიცია და ამბობს, რომ მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ უპირობოდ მორჩილი მოსამართლე იქნება.
-ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის დამოუკიდებელი ორგანოა. საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ მოსამართლეს ერთი ხმა აქვს და გავლენას ის სხვა მოსამართლეებზე ვერ მოახდენს. სასამართლოში საკმაოდ პრინციპული წარსულის მქონე მოსამართლეები არიან, იგივე მანანა კობახიძე. მერაბ ტურავა ერთ-ერთი გამოჩენილი იურისტი და მეცნიერია, დარგის აღიარებული სპეციალისტი. ოპოზიციის მხრიდან იყო მისი დისკრედიტაციის მცდელობა. მე კი მას ვიცნობ, როგორც მაღალი რეპუტაციის იურისტს.
-სოციალური ფონი როგორია ქვეყანაში?
-პანდემიამდე ჩვენ გვქონდა გარკვეული წინსვლა, იგივე სიღარიბესთან ბრძოლის და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. სამწუხაროდ, პანდემიის გამო მთელს მსოფლიოში დაიკარგა სამუშაო ადგილები, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. სიღარიბესთან და უმუშევრობასთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად რჩება.
-რას აკეთებს ამისთვის ხელისუფლება?
-დღეს არსებული სიტუაციის შენარჩუნებას და პრობლემების აღმოფხვრას ცდილობს, პანდემიას კიდევ არ ჩაუვლია. პანდემიის პირობებში რა რესურსიც ჰქონდა ქვეყანას, მიმართა სოციალური პრობლემების მქონე ადამიანებისკენ. მინიმალურ დონეზე, გარკვეულწილად, დაეხმარა ადამიანებს. სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფზე გაიცა კომპენსაციები, სამუშაო ვინც დაკარგა, მიიღო 200-ლარიანი დახმარება. ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ადამიანია და ვისაც დახმარება სჭირდება, მინიმალურ დონეზე მაინც ეხმარება. ვერ ვიტყვი, რომ დახმარებები სრულყოფილია, მაგრამ, არსებული რესურსების გათვალისწინებით, რისი გაკეთებაც შეუძლია სახელმწიფოს, მოქალაქეებს გვერდით უდგას.
-ადამიანებს, რომლებიც მეზობელ თურქეთში იყვნენ დასაქმებულები, საპროტესტო აქციების გამართვა მოუწიათ იმისთვის, რომ ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება მიიღონ.
-ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემაა, რომ საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყანაში ეძებენ სამსახურს, ამას პანდემია დაემთხვა. თურქეთში თვითდასაქმებულების ერთ-ერთ აქციაზე მეც ვიყავი. ადამიანები ითხოვდნენ ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას. ხსენებული თანხა ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ღირსეული ცხოვრების პირობებს, არ არის საკმარისი და ძალიან ცოტაა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახელმწიფოს მილიარდ 800 მილიონის შემოსავლები დააკლდა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, აჭარის მთავრობის შუამდგომლობით, გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანებმა ერთჯერადად მიიღონ 300 ლარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ მალე ალბათ პანდემიას გადავლახავთ და ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება სამუშაო ადგილები რომ შეიქმნას, ადგილზე დასაქმდნენ ჩვენი მოქალაქეები და არ მოუწიოთ უცხოეთში სამუშაოდ წასვლა.
-წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთან მოუწევს მისვლა. რას ეტყვით მათ, 2012 წელს გაცემული მთავარი დაპირება – სამართლიანობის აღდგენა შესრულებულია?
-ყველა ის საკვანძო ფიგურა, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალადობრივი რეჟიმის შექმნაში მონაწილეობდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. ნაწილმა მოიხადა სასჯელი, ნაწილი იხდის და ნაწილიც მიმალვაშია. რა დანაპირებიც 2012 წელს გავეცით, ამ კუთხით შესრულებულია, მაგრამ იყო გამოწვევები და სამართლიანობის აღგენის თვალსაზრისით ყველაფერი ვერ შესრულდა. ვცდილობთ, მაქსიმალურად სამართლიანები ვიყოთ და უსამართლობის განცდა არავის ჰქონდეს ამ ქვეყანაში.
-ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობაში ერევა…
-უმაღლესი საბჭოს მხრიდან ჩარევაში თუ მრჩევლთა საბჭოს არჩევას გულისხმობენ, ვიტყვი, რომ მრჩევლებს პოლიტიკური პარტიები ირჩევენ. რაკი ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ავირჩიეთ მრჩევლები, იმათ კი დირექტორი და დირექტორმა თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში გადადგა ნაბიჯები, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში ხმაური გამოიწვია. ცდილობენ დირექტორის საქმიანობასთან ჩვენს დაკავშირებას. ოპოზიცია მესმის, რატომ იქცევა ასე. გიგა ბოკერიამ ბორდში თავისი პარტიის მიერ ნომინირებულ წევრს თამარ წილოსანს პირდაპირ მოუწოდა, ჩარეულიყო დირექტორის იმპიჩმენტის პროცესში. ფიქრობენ, რასაც თავად აკეთებენ, ჩვენც ისე გავაკეთებთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რაც მრჩევლები ავირჩიეთ, მათთან არანაირი შეხება არ გვქონია, არც საქმიანი და არც არასაქმიანი. რაც ხდება, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ხდება და დირექტორს უფლება აქვს თავისი დისკრეციის ფარგლებში განახორციელოს სხვადასხვა საკადრო გადაწყვეტილებები.
-არა როგორც პოლიტიკოსს, რიგით მაყურებელს მინდა გკითხოთ, რამდენად არის მისაღები თქვენთვის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები?
-ჩემთვის მთავარია მაუწყებელში იყოს კრიტიკული აზრი და არავის არ შეექმნას პრობლემა იქ მისვლის. იქ არის კრიტიკული გადაცემები, კარგი წამყვანები, მომწონს და ვუყურებ კიდეც ირინა ყურუას, ლაშა ზარგინავას გადაცემებს და ვერავინ იტყვის, რომ ისინი ხელისუფლების მიმართ ლოიალურები არიან. მათგან არ მომისმენია, რომ ვინმე ერევა მათ საქმიანობაში და არ აძლევს მუშაობის საშუალებას. თუ დავინახავ საფრთხეს, მექნება შესაბამისი რეაქცია. ეთერებში ოპოზიციაც მონაწილეობს და აჭარის ტელევიზია, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთია მედიაცივრცეში, სადაც პოლიტიკური დებატები იმართება. ვფიქრობ, თავის ფუნქციას ასრულებს.
-ბოტები და ტროლებიც აქტუალურია. . .
-ეს მთელს მსოფლიოში გამოწვევაა. სამწუხაროდ, ფეიკნიუსებით მიზანმიმართულად გაავრცელებენ სიცრუეს და მერე თავი უნდა იმართლო. ყალბ ამბებს ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ყველამ. საფრანგეთმა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ კანონიც კი მიიღო. მეც მხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩემთან მიმართებაში, ერთ რაღაცას ამბობ და მეორეს აქვეყნებენ. თმენის ვალდებულება გვაქვს და ვითმენთ. სამწუხაროდ, საზოგადოებაში არის პრობლემა განსხვავებული აზრის მიმართ და სიძულვილის ენას იყენებენ. ვისურვებდი ეს საკითხი დარეგულირდეს. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები მხოლოდ სტატიის სათაურს კითხულობენ მხოლოდ და გადადიან ლანძღვა -გინებაზე. ჟურნალისტებს ამ კუთხით მეტი სტანდარტი სჭირდებათ. ვფიქრობ, არც ერთი ხმაურიანი ინტერვიუ არ ღირს იმად, რომ ჟურნალისტმა პროფესიულ სტანდარტზე უარი თქვას და კონტექსტიდან ამოგლეჯილი შინაარსით მოამზადოს სტატია. ეს, მართალია, ჟურნალისტის უფლებაა, მაგრამ მაღალი სტანდარტი ამას არ ითვალისწინებს.