15 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებულია
ნინო ცხვარაძე: 591 98 24 30 –
ისტორიული გადაწყვეტილება – ასე აფასებს 5 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, მესამე მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 18/3 პროპორციით ჩატარდება. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საარჩევნო სისტემის ცვლილებას სამივე მოსმენით მხარი უმრავლესობის 14-მა და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დაუჭირეს.
არჩევნები რეგიონში სრულად პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემით ერთჯერადად ჩატარდება – 2020 წელს, კონსტიტუციაში კი ჩაიწერება, რომ უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნები, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მსგავსად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზი უცვლელია. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება უნდა მიეჩვიოს დაპირებების შესრულებას.
-საკონსტიტუციო ცვლილებები ისე მიიღეს მესამე მოსმენით, საჯაროდ არ განხილულა. ამდენად, საზოგადოება არ არის საქმის კურსში და 15 კაცის ინფორმირება არ არის საკმარისი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. გარდა ამისა, არ არის შესრულებული 8 მარტის შეთანხმება. ზოგადად, ხელისუფლება უნდა მიეჩვიოს მიცემული სიტყვის, დაპირების შესრულებას, თუმცა როცა შენი ლიდერი „გადამგდებია“, ანალოგიურად – ხარ შენც, – აცხადებს ასმათ დიასამიძე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ოპოზიციის ბოიკოტს მათ პოლიტიკურ არჩევანს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი დღემდე ვერ ჩამოყალიბდნენ, რა სურთ.
– მიზეზი, რომ გიორგი რურუა არ არის თავისუფალი და აქედან გამომდინარე, უმაღლეს საბჭოში არ უნდა ესწრებოდნენ სხდომებს, უსაფუძვლია, – აცხადებს დავით გაბაიძე. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მისივე განმარტებით, მესამე მოსმენით დასრულდა ერთწლიანი პროცესი, რომელიც ავტონომიურ რესპუბლიკაში საარჩევნო სისტემის შეცვლას ისახავდა მიზნად.
-უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საბოლოო კონსენსუსის შედეგად, მოხერხდა და მივიღეთ ისეთი საარჩევნო სისტემა, როგორსაც წლების განმავლობაში ითხოვდა როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ისე – პოლიტიკური სპექტრი. შესრულებულია მოთხოვნა – უმაღლესი საბჭოს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, ბუნებრივი ბარიერის პირობებში. ერთჯერადად, პოლიტიკურ პარტიებს ბლოკების შექმნის შესაძლებლობა აქვთ. რაც მთავარია, შესრულდა მოთხოვნა, რომ საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარებულიყო მსგავსი საარჩევნო სისტემით. შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო სისტემით, თუმცა პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების ხვედრითი წილის მაქსიმალური გაზრდით. ამდენად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ უმაღლესი საბჭოში იქნება 18 პროპორციული და 3 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატი, – აცხადებს დავით გაბაიძე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ისტორიულ გადაწყვეტილებას უწოდებს.
როგორც აღვნიშნეთ, საკონსტიტუციო ცვლილებებს, უმრავლესობასთან ერთად, სამივე მოსმენით, მხარი დამოუკიდებელმა დეპუტატმა მერაბ ბლადაძემაც დაუჭირა. იგი ირწმუნება, რომ აჭარაში განსხვავებული საარჩევნო სისტემის არსებობა ანტისახელმწიფოებრივი იქნებოდა.
კონსტიტუციურ კანონს დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტში წარადგენენ.
უმაღლესი საბჭოს 5 ივლისის სხდომაზე, ასევე, 15 ხმით, მიიღეს უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „საქართველოს ორგანული კანონის პროექტის , „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ . საკითხი დეპუტატების წინაშე დავით გაბაიძემ წარმოადგინა.