ნიჭიერი მწერლის წიგნმა მარადიულ ღირებულებებზე მკითხველამდე რომ მიაღწიოს…
marina miTaiSvili: 593 31 73 90 –
„ერთი გმირის პროტოტიპი შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს, მაგრამ მაინც შენი პირმშოა ყველა გმირი“
ბოლო ხანებში სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდებოდა მწერლისა და მთარგმნელის ფრიდონ ქარდავას მხარდასაჭერი პოსტები, რომლებითაც მისი მეგობრები, მწერლები, პოეტები, საზოგადოებას სთხოვდნენ, ხმა მიეცათ მისთვის ლიტერატურულ კონკურსში გასამარჯვებლად. ეს კონკურსი გამომცემლობა პალიტრა L– მა, გამოაცხადა, მისი მთავარი ჯილდო გამარჯვებული რომანის წიგნად გამოცემაა, რაც საკმაოდ დიდი საქმეა ქარდა ქარდუხისთვის (ფრიდონ ქარდავასთვის), ზოგადად, ყველა მწერლისთვის, რომლებისთვის არც ისე ადვილია ნაწარმოებების გამოქვეყნება, გამომცემლების დარწმუნება, რომ წიგნი ბესტსელერად იქცევა და გამოცემის ხარჯებს არა მარტო აანაზღაურებს, არამედ მოგებასაც მოიტანს.
ფრიდონ ქარდავამ თავისი პირველი რომანი „ძაფზე მოფარფატე სული“ 2000 წელს დაწერა. ამ რომანის, ისევე როგორც მეორესი („ჰერმესის დახლიდარები“), გამოცემა საკმაოდ დიდხანს გაჭიანურდა. მან მხოლოდ მაშინ მიაღწია მკითხველის ფართო წრეებამდე, როცა სულმნათმა თამაზ ჭილაძემ წაიკითხა, დაინტერესდა და პატარა ნაწილი „მნათობში“ დაბეჭდა. მოგვიანებით ეს რომანი თავიდან ბოლომდე, გაგრძელებებით, თავის ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“ როსტომ ჩხეიძემ გამოაქვეყნა, ამას მოჰყვა წიგნად დაბეჭდვაც გამომცემლობა „საუნჯის“ მიერ. ჯერ კიდევ პირველი რომანის დაბეჭდვამდე, ფრიდონ ქარდავამ დაიწყო მეორე რომანის – „ჰერმესის დახლიდარები“ წერა, რასაც საკმაოდ დიდი დრო მოანდომა – 15 წელი. სწორედ ამ რომანით ღებულობს იგი მონაწილეობას ზემოთ ხსენებულ ლიტერატურულ კონკურსში. მისი გამოქვეყნების სურვილმა რამდენიმე გამომცემლობის შემოვლის შემდეგ მიიყვანა იგი „პალიტრა L“ რედაქციაში, სადაც შესთავაზეს კონკურსში მონაწილეობა, წარმატების შემთხვევაში კი შეძლებდა რომანის გამოცემას.
კონკურსი ორი ტურისგან შედგება. მწერლებს თავიანთი ნაწარმოებების 30-30 გვერდი ანოტაციასა და ბიოგრაფიასთან ერთად უნდა გაეგზავნათ ჟიურის სამსჯავროზე, რომლის წევრებმა 58 ავტორი შეარჩიეს და მათი რომანებიდან 30-30 გვერდი დადეს „პალიტრა ელის“ ვებგვერდზე, რათა მკითხველი გაეცნოს და სასურველ ავტორს ხმა მისცეს. ბათუმელმა მწერალმა ფრიდონ ქარდავამ პირველი ტური, მეგობრებისა და მკითხველის მხარდაჭერით, წარმატებით გაიარა. მეორე ტურში მკითხველის ხმების მიხედვით, სულ ათი მწერლის ნაწარმოებები გადავიდა, ათიც – ჟიურის წევრებმა შეარჩიეს. 4 ავტორი დაემთვხა, ასე რომ, ფინალში სულ 16 რომანი გადავიდა ) 9 ივლისს სრულდება მეორე ტური, რომელიც 25 ივნისს დაიწყო. ჟურნალის ვებგვერზე კონკურსანტთა რომანების შემდეგი 80-80 გვერდი დაიდო და ისევ დაიწყო ხმების მიცემა, რომლის დროსაც საბოლოოდ სამ გამარჯვებულს შეარჩევენ: პირველი – მხოლოდ მიცემული ხმების უმრავლესობით, მეორე – ჟიურის გადაწყვეტილებით და მესამე – 50/50-ზე ჟიურისა და მკითხველის ხმების შეჯამებით. ფრიდონ ქარდავა სრულიად სამართლიანად ფიქრობს, რომ რომანის დასაბეჭდად მწერალს ასეთი რთული გზის გავლა არ უნდა უწევდეს.
მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა შორის ჩვენი გაზეთის ჟურნალისტებიც არიან. ძალიან გაგვიხარდება, თუ ფრიდონს რომანის გამოქვეყნების საშუალება კონკურსის ურთულესი და დაძაბული გზის გავლის შემდეგ მაინც მიეცემა. „აჭარის“ ფურცლებზე არაერთხელ ყოფილა საუბარი ამ საინტერესო მწერალზე, რომლის შემოქმედებით ხურჯინში საკუთარ მოთხრობებთან და რომანებთან ერთად ინგლისურენოვანი მწერლების არაერთი თარგმანია. სანამ ძირითად თემაზე – ახალ რომანზე გადავიდოდით, ჩვენ სწორედ მისი შემოქმედების ამ საყურადღებო ნაწილზე ვისაუბრეთ.
– ცოტა მთარგმნელი თუ გვახსოვს კაცობრიობის ისტორიიდან, რომელსაც იხსენიებენ, როგორც ცნობილ შემოქმედს, მთარგმნელი თითქოს მათ ჩრდილშია, ვინც უკვე წარმატებას მიაღწია. . . თქვენ რატომ მოჰკიდეთ ამ საქმეს ხელი?
– თარგმანი ინგლისური ენის სწავლის დროს დავიწყე. როგორც მწერალმა ასეთი გზა მოვძებნე – რაღა დამეზეპირებინა სიტყვები, როცა შემეძლო დალოცვილი პოეზია მომეხმო საშველად, მეთარგმნა და ასე ჩავღრმავებოდი ჩემთვის ახალ ენას. შეიძლება ამას სასიამოვნოს სასარგებლოსთან შეხამება დავარქვათ. თუმცა მერე და მერე თარგმნაში ნელ-ნელა გაწაფვა ძალიან გამომადგა, რადგან როდესაც ვერ ვწერდი, პოეზიასთან ამგვარად მიახლება მაინც შემეძლო. არაერთ მწერალს უთქვამს, რომ როცა საკუთარს ვერ წერ, ყველაზე კარგი თავშესაფარი თარგმნაა. ვიღაცას ეუთქვამს: გავიგე მხოლოდ ის ლექსი, რომელიც ვთარგმნეო. უცხო ენა, რაც უნდა კარგად იცოდე, მშობლიური მაინც არ არის, და როდესაც თარგმნი, სიტყვის ყველა ელფერს იკვლევ, სხვანაირად ხედავ, თითქოს რენდგენში ატარებ. ამ თარგმანში, ამ თამაშ- თამაშში ( დიდი ილია ამბობს – უსაქმურობისადა გამო მეფე ლირის გადმოღება დავიწყეთო. საინტერესოა არა?) ამერიკული პოეზიიდან, რომელიც ძალიან მდიდარია, შევეჩეხე ედგარ ლი მასტერსის გენიალურ „სფუნ რივერის ანთოლოგიას“ – „აღსარებებს საიქიოდან“ ( ვახო ღლონტმა მირჩია, გენიალური პოემაა და ცადე თარგმნაო). ეპიტაფიებისგან შედგება მთელი პოემა, მიცვალებულები საუბრობენ ასე. . . ამიყოლია. არ ვთვლი თავს პროფესიონალ მთარგმნელად, რადგან ასეთმა რამდენიმე ენა უნდა იცოდეს აუცილებლად, გარდა ამისა, ის ენა, რომელზეც თარგმნის უნდა იცოდეს ძალიან კარგად და ბუნებრივია, მშობლიური ენა – სრულყოფილად, იმდენად, რომ მწერალი იყო. . . რატომღაც გვეგონა, რომ დავით წერედიანი მხოლოდ მთარგმნელი იყო, მაგრამ როდესაც მის პოეზიას ვეზიარეთ, მივხვდით, რომ იგი ვებერთელა პოეტია და ამიტომ თარგმნა ასე კარგად. . .
– თუმცა სახელი მაინც თარგმანებით გაითქვა.
– თავისთავად, მაგრამ ფაქტია, რომ თუ არ ხარ მწერალი, ალბათ ვერ თარგმნი. არ ვლაპარაკობ კანცელარიული მასალის, დოკუმენტების თარგმნაზე, თუმცა არ იქნებოდა ურიგო, რომ მასაც ენის კარგად მცოდნეები თარგმნიდნენ. ტესტებში პედაგოგები ხშირად აწყდებიან საოცრად ცუდ თარგმანებს, ამიტომაც ვერ იაზრებენ ბავშვები, რა დავალება უნდა შეასრულონ. ამით ენასაც ამახიჯებენ და სულსაც, რადგან საქართველოში, ვიცით, მთავარი მაინც ენაა და ყველა ქართველური ენა ერთ სივრცეში ქმნის ქართულ ლიტერატურას. თუ ქართული ბოლომდე შესისხლხორცებული არ გაქვს და მწერლური ნიჭიც არ მოგმადლა ღმერთმა, არ უნდა თარგმნო. ეს ჩემი დამოკიდებულებაა.
– პიროვნებას ბევრი რამ აყალიბებს, მათ შორის პროფესიაც, შეიძლება თავიდან ვერც აცნობიერებს, საით წაიყვანს არჩეული პროფესია. . . თქვენ საით წაგიყვანათ, რა გასწავლათ მხატვრულმა თარგმანმა?
– 4 წელი ვიმუშავე მასწავლებლად, ამჟამად არქივში ვმუშაობ. ჩემი პროფესია მწერლობაა. მთარგმნელობამ ბევრი რამ მასწავლა, ამით გემოვნება გეხვეწება. უიტმანს, დიკინსონს და სხვა ამგვარ ბუმბერაზებს რომ ეხები, შეუძლებელია ამან დადებით გავლენა არ მოახდინოს ადამიანზე. სწავლობ სათქმელის ზუსტად ჩამოყალიბებას, ზედმეტი სიტყვების მოშორებას აზრის ჩამოაყალიბებისას. სხვისი სულის მოძრაობაშიც იჭვრიტები ხანდახან. როგორც წეღან ვთქვი, თითქოს რენდგენით უყურებ შემოქმედის სულს, იმასაც გასწავლის, როგორ არ უნდა წერო. . . მწერლისთვის ეს, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხელის გასაწაფად, საკუთარის დაწერის გარდა, რა თქმა უნდა. თარგმნა დიალექტიკურ, ფრაზეოლოგიურ, სინონიმთა ლექსიკონებთან მუშაობას გაყვარებს. ხვდები, რატომ იწერებოდა ლექსიკონები, ბოტანიკურიც კი. სულხან-საბას ლექსიკონი საოცრებაა.
– სათქმელის სიზუსტეზე საუბრობდით, ქართული ენა კი ძალიან განსხვავებულია. თარგმნის დროს სირთულე არ შეუქმნია იმას, რომ იგი იმდენად ლაკონურია, ხანდახან ერთ სიტყვაში ეტევა ინდოევროპული ენით ნათქვამი მთელი ფრაზა?
– ხანდახან პირიქითაცაა. . . შინაარსია მთავარი, თუმცა ამაზე არანაკლებად მნიშვნელოვანია, ქართულად როგორ ჟღერს. ხანდახან ამას პირველ ადგილზეც ვაყენებ. . . იშვიათად, მაგრამ ამის გამო გავქცეულვარ ორიგინალიდან, თუმცა არა – შინაარსიდან. განწყობა გადმომიტანია. ეს ინდივიდუალურია. დავა – რომელია მთავარი, განწყობის გადმოტანა თუ შინაარსი? – იქნება ყოველთვის. რა თქმა უნდა, რუსულიდან ინგლისურზე და პირიქით თარგმნა ისე რთული არაა, როგორც ქაართულიდან ინგლისურზე ან პირიქით. ჩვენ ამ მხრივაც უნიკალურები ვართ. ბევრი ჩემი შემდგომი თაობის მთარგმნელი ფიქრობს, რომ თარგმნისას რიტმიკა არ არის აუცილებელი და პირდაპირ, კანცელარიული ენით თარგმნიან. ცოტა მეხამუშება ხოლმე. იქნებ მართლებიც არიან და არქაულ-რომანტიკული სტილი აღარ სჭირდება თანამედროვე ადამიანს?! მაინც მგონია, რომ რუსთაველის მოდგმის ხალხმა, რაც უნდა განვითარდეს, „ვეფხისტყაოსნის“ ენა არ უნდა დაივიწყოს. ებრაელებმა ძველი ენა დაიბრუნეს, ჩვენ რატომ უნდა დავკარგოთ რუსთაველის ენა?! ჩემი აზრით, ქართველი რომ წაიკითხავს, უნდა გებულობდეს მის უკვდავ პოემას. არ არის აუცილებელი ისეთი სიტყვების შემოტანა ენაში, როგორებიც „გაშიარება“ და „ლაიქებია“, თორემ დავკარგავთ ენას – ქართველი წაიკითხავს და ვეღარ გაიგებს რუსთაველის ნაწარმოებს.
– ეს გარემოება განვითარების კი არა, გამარტივებისკენ სწრაფვის, ცოტა სიზარმაცის ბრალია. . .
– რაც შეიძლება ის მაინც უნდა გავაკეთოთ, სახელმწიფოებრიობაზეა საუბარი. რეგულაციებით მაინც დავიცვათ ენა დაბინძურებისგან. ეს არ იქნება ცენზურა. ხომ მოითხოვენ, მაგალითად, რომ მანქანაში ღვედი გავიკეთოთ?! ზუსტად ასე უნდა იყოს. შეიძლება ჯერ პირველ არხზე, და შემდეგ კი სხვა არხებზეც დავამკვიდროთ, თორემ ზოგი ინფორმაცია ყურს ხვრეტს. ტელევიზიის გავლენა ამ საკითხში საოცარია.
– მოდით, კონკურსში მონაწილე რომანზე „ჰერმესის დახლიდარები“ გვიამბეთ.
– ფაბულა ჩვენი რეალობიდანაა აღებული. მოქმედების ადგილია გულანშარო, როგორც ვაჭართა ქალაქი. რომანის სახელწოდებაც აქედან მოდის – ჰერმესი ხომ ვაჭრობის ღმერთია, მაგრამ რაღაც მომენტში იყო შემოქმედების ღვთაებაც. ამიტომაა გასაოცარი ეს სახე, ჩემი აზრით. ჩვენი რეალობაც ასეთია – ორი მხარე აქვს, პრაგმატული და სულიერი. ამათ დაპირისპირებაზე და სულის გახლეჩაზეა ეს რომანი, თუმცა მთავარი მაინც ადამიანებია. შევეცადე, ადამიანების ურთიერთობიების ფონზე, პრაგმატულისა და სულიერების ორთაბრძოლაში ამესახა ადამიანთა ცხოვრება გულანშაროში.
– მთავარ გმირზე რას გვეტყვით?
ძნელია თქმა, რომელია მთავარი გმირი – ვინც ჩადის გულანშაროში, თუ იქ ვინც დახვდება. რამდენიმე მთავარი გმირია და ესეც დაპირისპირების ერთ-ერთი შრეა, უფრო დახლიდარები არიან. ძირითადი მასა ცხოვრებისეულ ძიებებში მაინც დახლისკენ გადაიხარა. ჩანგი, ცოტა ხნით მაინც, უკუაგდეს. უფრო სწორად, მათ ეგონათ ცოტა ხნით, მაგრამ როგორც კი გადახვალ იქით, მერე გზა აღარ გრჩება. . . ალბათ.
– მსგავსი მაგალითი ბევრია, ადრეც იყო და იქნება. . .
ახალ თემას, ბუნებრივია, ვერ გამოვიგონებთ, პრაქტიკულის და სულიერის ჭიდილს მიაქვს მთელი ცხოვრება, სიყვარულის ფონზე, რასაკვირველია.
– შეგიძლიათ თქვათ, რომ არ გიღალატიათ სულიერებისთვის, არა?
–ღმერთმა ქნას. . . ალბათ. . . რა ვიცი, მგონი ასეა (იცინის).
– ჩვენ ვიცით, რომ ამ რთულ გზაზე დადიხართ. გვიამბეთ, როდის იგრძენით ძალა, რომ რომანი დაგეწერათ? არაერთი დიდი მწერლის ტყავში გიგრძნიათ თავი თარგმნისას და აი. . .
– პირველი რომანის შემდეგ მოთხრობების კრებული გამოვეცი. მოთხრობები რომანზე ნაკლებად რთული არ არის. მცირეში უნდა ჩაატიო სათქმელი. საერთოდ, წერა უცნაურად დავიწყე პირველ კურსზე, როდესაც საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი. ვერაფერს ვაკეთებდი (ომში ხომ არ წავიდოდი ქართველების დასახოცად?), გამოკეტილი ვიყავი აფხაზეთში, ჩემს სოფელ შრომაში. . . არ ვიცი, როგორ მოვიდა წერის წყურვილი, მარამ დავიწყე რომანი. შინაარსის მიხედვით დედამიწელები სხვა პლანეტაზე მიდიან. . . ასეთი უნდა ყოფილიყო ალბათ პირველი რომანი, სათავგადასავლო ჟანრის (იცინის). დიდტანიანი გამოვიდა, სხვათა შორის. შეიძლება ოდესმე, სიბერეში თავიდან დავწერო. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, სანამ კიდევ დავიწყებდი რომანის წერას. ეს იყო 2000 წელს – „ძაფზე მოფარფატე სული“, მას ვთვლი ჩემს ნამდვილ პირველ რომანად, მეორე 2003 წელს დავიწყე. პირველს ბოლომდე ვერ ვბეჭდავდი, მხოლოდ დასაწყისი გამოაქვეყნა „მნათობში“ თამაზ ჭილაძემ, მაგრამ როგორც ქალიშვილს ათხოვებენ ოჯახიდან, უკვე გზაზე დაყენებულად ჩავთვალე, ვიცოდი, ოდესმე მაინც დაიბეჭდებოდა და ასეც მოხდა მთელი 12 წლის შემდეგ, დიდებულმა მწერალმა, როსტომ ჩხეიძემ უპატრონა მას. მაგრამ ამდენ ხანს ხომ არ გავჩერდებოდი, ძიების პროცესში ვიყავი. 2003 წელს, როცა ,,ჰერმესის დახლიდარების“ წერას შევუდექი, ძალიან მძიმე პერიოდი იყო – გარდატეხების. ზოგმა რევოლუცია დაარქვა,ზოგმა – გადატრიალება. იმ მძიმე რეალობას რომანის წერით გავექეცი, ამას გულანშაროში გადასახლება შეიძლება დავარქვათ, რამაც მიშველა. ალბათ ყველასთვის გასაგებია, რომ გულანშარო პირობითი ადგილია, მოქმედება სინამდვილეში საქართველოში ხდება და ყველა სახის უკან ჩვენი ნაცნობია. ძირითადად, მაინც კრებითი სახეებია, უმეტესად – გამოგონილი. ვერაფრით რომ ვერ შევძელი წიგნის გამოცემა, „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორ ირაკლი ჯავახაძეს (მან ჩემი მოთხრობებიც გამოსცა) ათი გვერდი გავუგზავნე და ვთხოვე, წარდგინების სახით დაებეჭდა. მართლაც, გამოაქვეყნა კონკურსამდე. მადლობელი ვარ მისი.
– თავისი დროის სულის გადმოცემით, მწერალი ყველა ეპოქაში მნიშვნელოვანი ხდება, ცდილობდით ამას თუ წერდით ისე, როგორც გეწერებოდათ?
– დროს მაინც ვერსად გაექცევი, წერისას იკვეთება დროც – ვერაფერს დაგეგმავ, მხოლოდ გაშალაშინება-დახვეწისას შეიძლება რაღაც შეცვალო, მაგრამ წერის პროცესს მთლიანად ვერ დაგეგმავ. ეგ კი არა, არ მჯეროდა ბავშვობაში, მაგრამ გმირებიც თავის ჭკუაზე მიგაქანებენ ხანდახან. მოქმედი გმირები პროტოტიპების თავიდან ბოლომდე მსგავსნი, ძირითადად, არ გამოდიან. ერთი გმირის პროტოტიპი შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს. მაინც შენი პირმშოა ყველა გმირი. ვაჟამ და სერვანტესმა თავისი დრო კი არა მთელი სამყარო გამოსახეს. მე კი არ ვედრები ამ გენიოსებს, უბრალოდ, მათგან უნდა ვისწავლოთ. ნებისმიერ ნაწარმოებში რაღაც მარადიულზე თუ არ არის საუბარი, ალბათ, ღირებული აღარაა. ყველაფერში უნდა იყოს მარადიულის ნასხლეტზე ფიქრი მაინც, სამყარო ხომ წიგნია გადაშლილი. . .
– დღეს ბევრი მოთქვამს სამყაროში უარყოფით ტენდენციებზე, ფასეულობების დაკარგვაზე, მოსალოდნელ საფრთხეებზე. . . შენ როგორ ფიქრობ, საით მიდის სამყარო?
– სამყარო იგივეა, არსად მიდის, ადამიანის სული არ შეცვლილა, რაც აწუხებდათ ადრე, იგივე აწუხებთ ახლაც. რაც უნდა ლიბერალური იყოს ადამიანებს შორის ურთიერთობა, რაც უნდა თავისუფალი იყოს, მაგალითად, სექსი, სიყვარულს მაინც ვერაფერი შეცვლის. უბრალოდ, ვიღაცებისთვის რაღაც ეტაპზე იცვლება ფორმა, სიყვარული კი რჩება მარადიული, რადგან აზრი არაფერს ექნება, თუ სიყვარული არ იარსებებს – არც შემოქმედებას, პრაგმატიზმსაც კი. ადამიანური ღირებულებები არ იცვლება, მარადულია. არც აქამდე შეცვლილა და არც ოდესმე შეიცვლება. შეიძლება დედამიწა მილიარდობით წლის შემდეგ ისე დაიწვას, ღვთის ნებით, რომ ადამიანის სულიერი მდგომარეობა ისეთივე იყოს, როგორიც ახლაა. ჩემ მიმართ გამოხატული უდიდესი მხარდაჭერაც სიყვარულია, თუმცა არ ველოდი… რედაქტორებზე მუდარას აშკარად აჯობა იმან, რომ მკითხველს ვთხოვე მხარდაჭერა. ეს ძალიან რთული მეგონა ადრე. რომანის დაწერის და გამოქვეყნების გზა იოლი არაა და უჩვეულოც. ალბათ არ უნდა ხდებოდეს ასე, მაგრამ მაინც ასე ჯობია რედაქტორების 80 პროცენტთან მუდარას. . . ამიტომ თითოეულ ადამიანს, ვინც ხმა მომცა, მადლობა მინდა ვუთხრა, ასევე, ჩემს მეგობრებს ბათუმსა და თბილისში. ისინი ჩემზე მეტს აკეთებდნენ და აკეთებენ, რომ ეს წიგნი დაიბეჭდოს. იმხელა სიხარული მივიღე მათი ჩემს მიმართ დამოკიდებულებით, რომ, ალბათ, წიგნის დაბეჭდვაც ვეღარ გამახარებს ამაზე მეტად.
p.s ხმა მიეცით მწერალ ფრიდონ ქარდავას, ხმის მიცემის დრო მალე იწურება, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება თქვენი წვლილი შეიტანოთ კარგ საქმეში – ნიჭიერი კალმოსნის, კარგი ადამიანის წიგნმა მარადიულ ღირებულებებზე მკითხველამდე უნდა მიაღწიოს.