აჭარაში კოვიდ 19-ზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 608 ლაბორატორიული კვლევის შედეგად ახალი კორონავირუსი 4 პირსდაუდასტურდა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ორი ქობულეთში გამოვლენილი ინფიცირებულის კონტაქტია, ორი კი საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლი. ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა, მეორე – თურქეთის. თურქი მძღოლი, საკუთარი სურვილით, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთის რესპუბლიკაში გადაიყვანეს. ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 35 პაციენტი აგრძელებს. ერთი პაციენტი, ქუთაისის მკვიდრი, მკურნალობის გასაგრძელებლად, საკუთარი სურვილით, ქუთაისში გადავიდა.
უკვე მეოთხე დღეა, ბათუმსა და ქობულეთში კოვიდ 19-ზე პისიარ ტესტირება მიმდინარეობს. 21 აგვისტოდან ქობულეთის ზღვისპირა პარკსა დაბათუმის ბულვარში (ორ ადგილას) მოსახლეობას ახალ კორონავირუსზე უფასო ტესტირება უტარდება. კარვების გაშლიდან დღემდე აღნიშნული მომსახურებით 214-მა მსურველმა ისარგებლა, ყველა მათგანის კვლევის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.
ასევე, აქტიურდ მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. აქ ახალ კორონავირუსზე კვლევა უკვე ჩაუტარდა 157 თანამშრომელს, პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია. აჭარაში კოვიდ 19-ზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ბათუმის ტერიტორიაზე კარვები ბულვარში, კოლონადებსა და არდაგანის ტბასთან, აჭარული სახლის მიმდებარედ არის მოწყობილი, ქობულეთში – აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩამოთვლილ ადგილებზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად, დღის მეორე ნახევრიდან შეუძლია. ამ ეტაპისთვის ტესტირების პროცესი 17:00 -დან 22:00 საათამდე მიმდინარეობს.
21 აგვისტომდე აჭარაში კოვიდ 19-ზე კვლევა გაფართოებულ მიზნობრივ ჯგუფებში, აგრეთვე ცხელებისა და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში ტარდებოდა, მაგრამ ვინაიდან დაფიქსირდა ისეთი ერთეული შემთხვევა, რომლის ინფექციის წყარო არ იყო დაზუსტებული, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, დაწყებულიყო გაფართოებული ტესტირება. ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო დასვენებას. პირი, რომელიც კვლევას ჩაიტარებს, კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, პასუხს 24 საათის განამვლობაში მიიღებს.
დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 1429-ს შეადგენს, საიდანაც 1150 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმშია 7005 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ – 255, გარდაცვლილია 19 ადამიანი.