ახალი კორონავირუსის კიდევ 6 შემთხვევა – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
გასული 24 საათის განმავლობში აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფიცირების ორი შემთხვევის შესახებ გუშინვე ითქვა (სასტუმრო „ოაზისის“ სტუმარი და მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი). გუშინ, დღის ბოლოს გამოვლენილი კიდევ ოთხი ინფიცირებულიდან ერთი საკონდიტრო „დონას“ ე.წ. კლასტერის კონტაქტია, ერთი საერთაშორისო გადაზიდვების ავტომობილის თურქი მძღოლია, ერთი საკარანტინო სივრციდანაა და ერთიც – ცხელების ცენტრიდან. ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 49 პაციენტი.
გუშინ კარვებს უფასო PCR ტესტისთვის ჯამში მიმართა 1494-მა მოქალაქემ, აქედან ბათუმში – 1443-მა, ქობულეთში კი 51-მა. პოლიკლინიკებს მიმართა 642-მა პირმა. ღია კაფე-ბარებში, ბუნგალოებსა და ღამის კლუბებში გაიტესტა 79 თანამშრომელი. „ოაზისში“ 924 ნიმუში აიღეს. კარვებში 1 სექტემბერს აღებული 600 კვლევის პასუხი ჯერ არ დასრულებულა.
– გასული 24 საათის განავლობაში აჭარაში 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი ინფიცირებულის შესახებ გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია – მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი და სასტუმრო „ოაზისის“ სტუმარი. დანარჩენი ოთხი ინფიცირებულია: სატვირთო ავტომობილის მძღოლი, უცხოელი, რომელიც დაბრუნდა სამკურნალოდ თავის ქვეყანაში. ერთი საკარანტინე სივრციდანაა, ერთი „დონას“ ე.წ. კლასტერთან კონტაქტირებული პირია, ერთმა კი ჩივილებით მიმართა ცხელების ცენტრს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. აჭარაში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს, როგორც მიზნობრივი ჯგუფების, ასევე დაინტერესებული პირებისთვის. გუშინ ბათუმისა და ქობულეთის კარვებში სულ აიღეს 1500–მდე ნიმუში, კაფე-ბარებსა და კლუბებში – 80, სასტუმრო „ოაზისში“ კი PCR კვლევისთვის 924 ნიმუში. ინფიცირებულთა ახლო კონტაქტში ნამყოფი პირები გადაყვანილნი არიან საკარანტინე სივრცეში. დანარჩენის ტესტირება გაფართოებული ტესტირების ფარგლებშია და მათ ერთჯერადად ჩაუტარდათ PCR ტესტირება. ისინი შედეგების დადგომისთანავე დაუბრუნდებიან თავიანთ რეგიონებს. ლაბორატორიული კვლევა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. სამ ლაბორატორიაში ყველა ზომაა მიღებული, რათა დროულად გახდეს მათი კვლევის პასუხები ცნობილი. ხუთი პირი მეთვალყურეობის მიზნით, საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი. კლინიკაში 49 პაციენტი მკურნალობს, 2 გამოჯანმრთელდა და გაეწერა. ავტობუსის მძღოლის ინფიცირების წყარო უცნობია. მოგეხსენებათ, ეს შემთხვევა გამოვლენილია უკვე დიდი ხანია, გეგმიური ტესტირების ფარგლებში, რადგან სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ტესტირებას ექვემდებარებიან, მათ შორის – მუნიციპალური ტრანსპორტისა. მათ კოლეგებს ახალჩატარებული აქვთ ტესტირება, ისინი მეთვალყურეობის ქვეშ არიან და კვლევები ურიგოდ ჩაუტარდებათ. რაც შეეხება ახლო კონტაქტებს, სამსახურში ორი კონტაქტირებული პირი თვითიზოლაციის წესს დაექვემდებარა. ასევე ოჯახის წევრებიც მოძიებულია და ისინიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათზე 12 დღის განმავლობაში იქნება მეთვალყურეობა. ჩვენ ვიცით, რომ შესაძლებელია ინფიცირება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ამიტომაც გაფართოებული ტესტირება ნებისმიერი პირისთვის დაიწყო – როგორც რისკჯგუფებისთვის, ასევე იმათთვის, ვისაც სურვილი აქვთ, ტესტირება ჩაიტარონ. გაფართოებული ტესტირება ტარდება ქობულეთსა და ბათუმში როგორც კარვებში, ასევე, ბათუმის ყველა პოლიკლინიკაში, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ.

