აჭარაში გამოვლენილი ინფიცირების 27 ახალი შემთხვევიდან 16-ის წყარო უცნობია
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, რეგიონში გამოვლენილი კოვიდ–19–ის 27 ახალი შემთხვევიდან 16-ის წყარო უცნობია. სამი ინფიცირებული ბათუმის სამშობიარო სახლს უკავშირდება, ერთი ე.წ. ხოფის ბაზრობის თანამშრომელია, ორი კი საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა. რუსუდან შავიშვილის თქმით, ინფიცირებულებს შორის ორი საზღვაო ნავსადგურის თანამშრომელია. ახალი კორონავირუსი ასევე, დაუდასტურდა მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსის“ ერთ–ერთ დასაქმებულს. ბოლო 24 საათში ვირუსი ასევე დაუდასტურდა ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სახელოვნებო სკოლის პედაგოგს. ინფიცირებულებს შორისაა კომპანია „ნოვას“ თანამშრომელი, ასევე, ერთი პირი კარანტინიდან.
– კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში გამოვლინდა. აქედან ნაწილი გუშინ გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტირებული პირები, ძირითადად, ოჯახის წევრები არიან. 16 ინფიცირებულის წყარო ამჟამად უცნობია, მათ შორის ერთი კარანტინიდანაა, ასევე არიან წინა დღეებში გამოვლენილი უცნობი ინფიცირებულების კონტაქტირებული პირები. ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 პაციენტი მკურნალობს. 18 ინფიცირებული, რომლებსაც მინიმალური სიმპტომი აქვთ, საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი. ისინი 24–საათიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. პირები, რომლებსაც დაავადების დაწყებიდან 8 დღის ჩათვლით სიმპტომატიკა არ გამოუვლინდებათ, საკარანტინო სივრცეში გადავიყვანთ. მე-12 დღეს მათ ტესტირება ჩაუტარდებათ და 24–საათიან შუალედში, თუ განმეორებითი ტესტირებაც უარყოფითი იქნება, ისინი საკარანტინო სივრცეს დატოვებენ და თვითიზოლაციაში გადავლენ. გვაქვს შემთხვევები, როცა ადამიანს არაფერი აწუხებს, თუმცა ლაბორატორიული დასკვნით მათ ახალი კორონავირუსი უდასტურდებათ. დღევანდელ ჩამონათვალში ახალი კლასტერი და კერა არ არის, თუ არ გავითვალისწინებთ იმ 16 უცნობ შემთხვევას. გუშინ ლოკალური ტესტირება გავაფართოვეთ. კომპანია „ნოვას“, სამშობიარო სახლის, „ელიტ ელექტრონიქსის“ და სახელოვნებო სკოლის მენეჯერებმა და თანამშრომლებმა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ეპიდემიოლოგებთან და გვეხმარებიან, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე რეგიონი ჩაკეტვის საფრთხის წინაშე არ დგას. რუსუდან შავიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ დამალონ ინფიცირების წყარო.
– ეპიდკვლევისას არცერთი არ ადასტურებდა სარიტუალო დარბაზში ყოფნის ფაქტს. გუშინ უკვე წამოვიდნენ შემხვედრ ნაბიჯებზე და დაიწყეს იმ სარიტუალო დარბაზების დასახელება, სადაც იყვნენ, ამბობენ იქ ყოფნის თარიღებსაც. ვფიქრობ, სარიტუალო დარბაზებს უგულველყოფილი აქვთ მოწოდება რეკომენდაციების დაცვის შესახებ. ამას უკავშირებდნენ ინფიცირებულები, რომ თავადაც, ნებსით, თუ უნებლიეთ, გახდნენ წესების დამრღვევები, – განაცხადა შავიშვილმა.

