ვაჟა ანანიძე: აუცილებლად დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმეს
naira futkaraZe: 27 48 93 –
რამდენიმე თვეა, ბათუმის საზღვაო აკადემიის უკვე ყოფილი თანამშრომელი ვაჟა ანანიძე ერთკაციან საპროტესტო აქციებს მართავს. მისი ძირითადი მოთხოვნა რექტორ ირაკლი შარაბიძის სასწავლებლიდან ჩამოშორებაა. ის მიიჩნევს, რონ საზღვაო აკადემიაში განათლება ბორტს მიღმაა, ახლა კი თავადაც ბორტს მიღმა აღმოჩნდა. უმაღლესი სასწავლებლიდან მისი გათავისუფლების მიზეზებსა და იქ არსებულ პრობლემებზე ვაჟა ანანიძე დღეს ,,აჭარის’’ მკითხველს მოუყვება.
– ბატონო ვაჟა, მოკლედ მოგვიყევით თქვენ შესახებ, გაეცანით ჩვენს მკითხველს
– მადლობა თქვენ და გაზეთ ,,აჭარას,“ საზღვაო აკადემიაში არსებული პრობლემებისადმი ინტერესის გამოვლენისთვის, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მეც შემეხო.1986 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სპეციალობით. იმავე წელს დავიწყე მუშაობა ბათუმის ნ.ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საიდანაც მიზნობრივი ასპირანტურის წესით, გავემგზავრე მოსკოვში. საბჭოთა კავშირის დაშლის გამო ასპირანტურაში ყოფნის პერიოდი გამიხანგრძლივდა და სადისერტაციო ნაშრომი 1995 წელს დავიცავი. სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი. 2008-2009 წლიდან საზღვაო აკადემიის მიწვეული მასწავლებელი ვიყავი, ხოლო 2013 წლიდან – ასოცირებული პროფესორი. 2017 წელს დავინიშნე აკადემიის სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარედ. იმავე წელს გავხდი რექტორის თანაშემწე, თუმცა მოკლე დროით. მალევე გადამიყვანეს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წამყვან სპეციალისტად, ვინაიდან რექტორ ირაკლი შარაბიძეს არ მოეწონარექტორატისთვის გაკეთებული ჩემი ოთხი მოხსენებიდან არცერთი. ცნობისთვის: იმ პერიოდში ბათუმის საზღვაო აკადემიას ესპანური -ის მონაცემებით, მსოფლიოში 24300-ე ადგილი ეჭირა, ხოლო საქართველოში 63-ე. 2019 წელს ხელშეკრულებით ვიყავი საზღვაო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის კოორდინატორი. 2020 წელს საზღვაო აკადემიაში დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველო და მე დავინიშნე მის კოორდინატორად. აკადემიის რექტორმა ამ სამმართველოში ორი ქალბატონი თანამშრომელი ისე შეიყვანა, ჩემთვის არც კი უკითხავს. ამ ახალ სტრუქტურას, არავითარი კავშირი არ ჰქონდა საზღვაო აკადემიის სამეცნიერო საქმიანობასთან, არამედ მხოლოდ მის ბიბლიოთეკასთან, სადაც სამი ბიბლიოთეკარი ქალბატონია დასაქმებული, რომელთაც ჰყავთ დირექტორი.
ამ დანიშვნით, რექტორმა მიმართა ბიუროკრატიულ თამაშს – დამნიშნა ისეთ თანამდებობაზე, რომელზეც სამეცნიერო-კველევითი საქმიანობა შეუძლებელი იყო, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ბიბლიოთეკარებს არ აქვთ სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების შექმნის ვალდებულება. რექტორის მხრიდან ეს გახლდათ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტი – ჩემი პროტესტის მიუხედავად, საქმესთან უშუალო კავშირი არ მქონდა, ანაზღაურებას კი ვიღებდი. რეალურად, ირაკლი შარაბიძეს უნდოდა მოეხდინა ჩემი დისკრედიტაცია – ა, ბატონო, მივეცი ვაჟა ანანიძეს თანამდებობა, მან კი ექვსი თვეში ვერც გეგმა წარმოადგინა და ვერც შედეგები დადო. რატომ მოიქცა ასე? იმიტომ, რომ სურდა და სურს ისე მართოს საზღვაო აკადემია, როგორც მოეპრიანება! იგი თვლის, რომ მის მიერ შექმნილი რაღაც ნაწერები (მისი გაგებით, სამეცნიერო!) აქამდე არავის წაუკითხავს, არ შეუფასებია და რომ ეს სამომავლოდაც ასე მოხდება. ამიტომ სამეცნიერო კონტროლი, რომელსაც ვახორციელებდი როგორც სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე, შემდეგ კი როგორც აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინატორი, მას და მის მიერ ხელოვნურად გაპროფესორებულ ადამიანებს არ მოსწონდათ. არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი: ჩემი, როგორც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელმძღვანელის პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირაკლი შარაბიძეს უთხრეს, რომ უმაღლესი სასწავლებელი კვლევებში ყოველწლიურად უნდა ხარჯავდეს სასწავლებლის ბიუჯეტის 2-3 პროცენტს, რაც, საზღვაო აკადემიის შემთხვევაში, რამდენიმე ასეული ათასი ლარის ტოლია. ვინაიდან საზღვაო აკადემიაში შექმნილ ე.წ. ნაშრომებს არასდროს არავინ კითხულობდა და მით უმეტეს, არავინ შეაფასებდა, ირაკლი შარაბიძემ მოიფიქრა, გაეზარდა ყალბი ნაშრომების მოცულობა, დაერქვა მათთვის კვლევა და გამოეყო სოლიდური თანხები. სადღეისოდ მას ე.წ. კვლევებში ჩართული ჰყავს ის პროფესორები (უცხო თვალისთვის ვითომ კონკურსში გამარჯვებულები!), რომლებსაც რამდენიმეგვერდიანი ნაშრომის შექმნის შესაძლებლობებიც კი არ აქვთ. ნამდვილი, რეალური მეცნიერის გამარჯვების შანსები ასეთ კონკურსებში დაბალია. თუ რატომ, ამას მკითხველი, ვფიქრობ, ისედაც მიხვდება.
– ბატონო ვაჟა, უკვე დიდი ხანია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორ ირაკლი შარაბიძის ჩამოშორებას ითხოვთ უმაღლესი სასწავლებლიდან. რა გახდა ამ მოთხოვნის საფუძველი?
– რატომ? მიზეზი მრავალია. ა)საზღვაო აკადემიის წესდება მ.სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მის გამო შეცვალეს ძირფესვიანად. ამას მოჰყვა აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გაუქმება, მის მიერ კანცლერის თანამდებობის შეთავსება, რამაც იგი ერთპიროვნულ მმართველად აქცია. სადღეისოდ, მის ვერცერთ მოადგილესთან აკადემიის სტუდენტი თუ რიგითი თანამშრომელი მათთვის საინტერესო ვერანაირ საკითხს ვერ გაარკვევს. ამისათვის რექტორთან მოხვედრაა საჭირო. აქ კი ყოველდღიური რიგებია; ბ) შარაბიძე არ არის სრულფასოვანი რექტორი. არ მართავს სასწავლო და სამეცნიერო პროცესს, სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს მას არ აინტერესებს. მისი ინტერესების სფეროში შედის: სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და აქედან გამომდინარე, საზღვაო აკადემიის საბანკო ანგარიშის მართვა; გ) იგი არ გახლავთ მეცნიერი. მისი მეცნიერობა არის სრული ნონსენსი! წარმოიდგინეთ, გარკვეულ ხანს ი.შარაბიძე გახლდათ შორეულ ნაოსნობაში, შემდეგ დაბრუნდა ხმელეთზე, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის კავშირებით გახდა რექტორი და გაახსენდა, რომ სრული ბედნიერებისთვის პროფესორის წოდება და ანაზღაურება იყო საჭირო. ისმის კითხვა: რა სფეროში დაიცვა მან დისერტაცია? ამის შესახებ რატომ არაფერია ცნობილი? თუ სხვა სფეროებში დაცულ დისერტაციებზე მითითებულია, რა მიმართულებით იცავს კანდიდატი, ი.შარაბიძის შემთხვევაში ასე რატომ არ არის? ამის გადამოწმება შესაძლებელია ინტერნეტში. თუ იგი იყო შორეული ნაოსნობის კაპიტანი, რატომ არ დაიცვა დისერტაცია ნავიგაციაში? რატომ დაიცვა ი.შარაბიძემ დისერტაცია თემაზე: ,,შავ ზღვაში არსებული გოგირდწყალბადის ამოღების, დამუშავების ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები“? ამ თემაზე დაცული დისერტაციის შემდეგ ი.შარაბიძე ნავიგაციის დეპარტამენტის სრულ პროფესორად აირჩიეს. ისმის კითხვა: – ამ დისერტაციაში განხილულ საკითხებს რა კავშირი აქვს ნავიგაციასთან? სიტყვა ზღვა რომ არის ნახსენები, ნუთუ მხოლოდ ამის გამო? ახლა კი წარმოიდგინეთ – სამეცნიერო სფეროში ეს სრულიად გზას აცდენილი ადამიანი, მის ზემდგომ თ.იოსელიანთან (რომელიც ამ ეტაპზე არ არის მეცნიერი!) ერთად, მიმდინარე წლის აგვისტოში, საზოგადოებას ნავიგაციის სფეროში ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის მესვეურებად მოევლინნენ! ეს ადამიანები საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან და ამ საზოგადოებისთვის მომავლის წართმევით, მითვისებით, საკუთარი კეთილდღეობის უშრეტ, სტაბილურ წყაროს იქმნიან!
– რა წერია იმ განცხადებაში, რის საფუძველზეც თქვენ საზღვაო აკადემია დაგატოვებინეს?
– საზღვაო აკადემიიდან ჩემს გაძევებას გამოგონილი ამბები უდევს საფუძვლად. პირველი ბრალდება ეკუთვნის ამ დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ნინო ყურშუბაძეს, რომელსაც აკადემიაში მოსვლამდე სამეცნიერო ხარისხი ქიმიაში ჰქონდა დაცული, ხოლო აქ მოსვლის შემდეგ – ნავიგაციის (?!) პროფესორად იქცა/აქციეს! მის მიერ ჩემდამი წაყენებული ბრალდებებია: ტერორი, შანტაჟი, ბულინგი. ეს ბრალდებები უკავშირდება ჩემს მიერ მისი პროფესიული საქმიანობისადმი გაკეთებულ შენიშვნა-მოწოდებებს, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება მისგან გამოვლენილ მშობლიური ენის არცოდნის ფაქტს. ზემოაღნიშნული ბრალდებები მხოლოდ საბაბია საზღვაო აკადემიიდან ჩემი გაძევებისა, მიზეზების შესახებაც ნაწილობრივ უკვე მოგახსენეთ. რატომ ვთვლი ასე? 2019 წელს რექტორმა ი.შარაბიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსს, დაემუქრა კიდეც, მაგრამ ამის გამო არც ეთიკის კომისია შეკრებილა და არც ტერორისტად გამოუცხადებიათ. ინტერნეტსივრცეში არსებობს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე შეიძლება გავიხსენოთ სტუდენტების საქმეც, რომელსაც წინ უსწრებდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების მხრიდან. არც მაშინ შეკრებილა ,,ეთიკის კომისია.“ ასევე მინდა გავიხსენო ჩემ მიერ თანაავტორთან ერთად შექმნილი სახელმძღვანელოს მითვისების ფაქტი, რაც მოხდა აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, რომელიც რექტორისადმი ჩემი წერილობითი თხოვნის მიუხედავად, არ იქნა გამოძიებული. აქ დასკვნა ასეთია: საზღვაო აკადემიაში ეთიკის კომისია მხოლოდ არანათესავების და არაძმაკაცების (არათავისიანების!) წინააღმდეგ მოქმედებს. ასეთი კი, მოცემულ მომენტში, აღმოვჩნდი მე. ვფიქრობ, დანარჩენ კოლეგებსაც აქვთ დაგროვილი სათქმელი და ისინი ამის შესახებ გარკვეული დროის შემდეგ, რომელიღაც შესაბამის მომენტში აუცილებლად იტყვიან. ნ.ყურშუბაძისადმი გამოთქმული მოწოდებების გამო თუ რომელიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაძევებას იმსახურებს, მაშინ მოწოდებები, როგორც ასეთი, უნდა აიკრძალოს ქვეყანაში. თუმცა, აქვე მინდა განვაცხადო, რომ საზღვაო აკადემიის ფოსტაზე ჩემი განსხვავებული მოსაზრებების გამო ატეხილი ლანძღვა-გინებისათვის ჯერ არავინ დაუსჯიათ, მათ შორის, არც ნ.ყურშუბაძე, რაც აქ არსებულ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. შემდეგი ბრალდება ეკუთვნის ,,რექტორის“ აპარატის უფროს მამუკა ბარამიძეს. მისი განცხადების მიხედვით, მე დავუგდე საზღვაო აკადემიას პრესტიჟი, რადგან აკადემიის შიდა ფოსტაზე ვაქვეყნებდი განსხვავებული აზრებისა და პოზიციების შემცველ წერილებს (დაახლოებით 250 მომხმარებელი). პრესტიჟის დაცემა იმაში გამოიხატა, რომ ამ წერილებს თურმე სტუდენტები და მოწვეული მასწავლებლებიც კითხულობდნენ, რაც ღიმილის მომგვრელია, ვინაიდან სტუდენტებმა და მოწვეულმა მასწავლებლებმა ისედაც კარგად იციან, რა ხდება აკადემიაში. გარდა ამისა, ისმის კითხვა: – თუ საზღვაო აკადემიის შიდა ფოსტაზე გამოქვეყნებული წერილებით დაწესებულებას დავუგდე პრესტიჟი და გამაძევეს, ახლა, როცა აკადემიის პრობლემები მთელ ქვეყანას გავაგებინე, იმედია, მ.ბარამიძე, ი.შარაბიძის კარნახით, ქვეყნის პრეზიდენტს არ მიმართავს (ეყოფა ჭკუა!) ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნით! სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს აბარიათ ქვეყანაში საზღვაო განათლების ბედი!შემდეგი ბრალმდებელი გახლავთ ,,დაცვის პოლიციის“ უფროსი მიხეილ ბაჯელიძე, რომლის განცხადებითაც, მე სტუდენტ გოგონებს (დააკვირდით, ვაჟებზე არ არის საუბარი!), სხვადასხვა დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე. ,,ეთიკის კომისიის“ პირველივე სხდომაზე მე მას ვკითხე, ჩემს მიერ შეურაცხყოფის მიყენების რომელ ფაქტს შეესწარით-მეთქი? მან პასუხი ვერ გამცა! იგი ამბობდა იმას, რაც დაავალეს და ისე ასაღებდა, თითქოს თვითმხილველი იყო. მან ასევე, გააჟღერა მის წარმოსახვაში არსებული რაღაც ,,ფაქტები“, რასაც სინამდვილესთან, უბრალოდ, კავშირი არ ჰქონდა. გოგონებთან დაკავშირებით კი მინდა გითხრათ შემდეგი: მათ ამ საქმეში გამოიყენეს ის გოგონები, რომლებიც დაცვის პოლიციელებისა და სხვა თანამშრომლების საახლობლო-სანათესაო წრეს წარმოადგენენ და ან სწავლობდნენ აკადემიაში ან ამჟამად სწავლობენ. დააწერინეს წინა წლებით დათარიღებული წერილები, რომლებიც, გაფორმების თვალსაზრისით, ძნელია უმაღლეს სასწავლებელში შექმნილად ჩაითვალოს. მ.ბაჯელიძის ბრალდებები საზღვაო აკადემიის ,,ეთიკის კომისიამ“ ჩემი წარმომადგენლის მოთხოვნით გააუქმა, მათი დაუსაბუთებლობის და ხანდაზმულობის გამო. თქვენი გაზეთის მკითხველს კი მინდა ვუთხრა შემდეგი: სწორედ სტუდენტი გოგონების ხმათა უმრავლესობით მოხდა ჩემი დასახელება საუკეთესო ლექტორებს შორის, რისთვისაც მე მათ დიდ მადლობას მოვახსენებ. ასევე ვაჟებსაც. ეს ფაქტი დაფიქსირებულია სტუდენტური თვითმმართველობის ვებგვერდზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადღეისოდ დარჩენილია ორი – ნ.ყურშუბაძისა და მ.ბარამიძის – ბრალდება.
– სწორედ საზღვაო აკადემიის განცხადებაშიც, რომელიც ამ დღეებში გასაჯაროვდა, ვკითხულობთ, რომ თქვენს გათავისუფლებას საფუძვლად დაედო არა პლაგიატთან დაკავშირებული საკითხები, არამედ დისციპლინური/ეთიკური გადაცდომები – რაზეც თქვენ ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ. . .
– მაქვს თუ არა დისციპლინური/ეთიკური გადაცდომები? ამ კუთხით საკუთარ თავზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ამის შესახებ ზემოთ ნაწილობრივ მოგახსენეთ. ისე, ეს სხვებმა უნდა გააკეთონ. თუმცა მნიშვნელობა აქვს იმასაც, ეს სხვები ვინ არიან. თუ ეს სხვა ი.შარაბიძე, ნ.ყურშუბაძე, მ.ბარამიძე, მ.ბაჯელიძე და ა.შ. იქნებიან, ასეთთა საზოგადოებაში ჩემი და ჩემნაირების ადგილი არასდროს იქნება და ყოველთვის მომაკრავენ იარლიყებს, ან მათ მიერ ამოჩემებულ ნაკლოვანებებს! ხოლო თუ ეს სხვები ის სტუდენტები იქნებიან, რომლებმაც 2020 წლის იანვარში, აკადემიის ფეისბუქგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, საუკეთესო ლექტორებს შორის დამასახელეს, მაშინ სრულიად სხვა, ცხოვრებისგან ჯერ კიდევ შეულახავი, სუფთა, თავისუფალი, მომავალზე და ფასეულობებზე ორიენტირებული ახალგაზრდების გულში ადგილი უკვე მომიპოვებია და ზემოაღნიშნული ბრალმდებლები ვერასდროს ვერაფერს დამაკლებენ. იგივე შემიძლია ვთქვა ზოგიერთ კოლეგაზეც. ჩემი ბრალმდებლები საბრალონი არიან – პირად სარგებელზე და კომფორტზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც მზად არიან ამ კომფორტის გულისათვის ნებისმიერს ესროლონ ტალახი, ან უფრო უარესიც მოიმოქმედონ. მინდა განგიცხადოთ: სტუდენტები არასდროს დაგასახელებთ საუკეთესოთა შორის, თუ თქვენ ოდესღაც მაინც შეურაცხყავით ვინმე (მნიშვნელობა არ აქვს, სიტყვიერად თუ ფიზიკურად, სამართლიანად თუ უსამართლოდ!), ვინაიდან: ა)თქვენი ქცევა არ დაგტოვებთ, მას ისევ გაიმეორებთ; ბ)თქვენი ქცევა თაობებს გადაეცემა, იგი მათ ხსოვნაში რჩება, ასეთი ხსოვნა კი ხმების მიცემისას, სოლიდარობას იმის მიმართ იწვევს, ვინც თქვენ შეურაცხყავით და არა თქვენდამი.
– თქვენმა ერთკაციანმა საპროტესტო აქციებმა ბათუმიდან დედაქალაქშიც გადაინაცვლა, შეხვდით კომპეტენტურ პირებს? დაგპირდნენ საქმის შესწავლას?
– დიახ, თითქმის ერთ კვირაზე მეტხანს გახლდით დედაქალაქში, სადაც რამდენიმე დაწესებულებასთან, ვისაც ეხება უმაღლესი განათლება, გავმართე ერთკაციანი აქცია, თუმცა რამდენიმე ადგილას ისეთი რამ მოხდა, რასაც არ ველოდი. აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ჩემთან გამოდიოდნენ პასუხისმგებელი პირები და მთხოვდნენ შიგნით შესვლას და საუბარს მაგიდასთან, რასაც სიხარულით ვთანხმდებოდი. ეს მიპატიჟებები არ ჰგავდა იმას, რაც ვნახე ბათუმში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროში ჩემი შეხვედრები მაღალი რანგის მენეჯერებთან და ხელმძღვანელ პირებთან სამ-სამ საათს გაგრძელდა. ასევე საინტერესო შეხვედრა-საუბარი მქონდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ზემოხსენებულ სამინისტროებში ტერორისტებს არ იღებენ, არ უმასპინძლდებიან და სამ-სამი საათი არ ესაუბრებიან.
– იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაამტკიცებთ თქვენს სიმართლეს, ხომ არ აპირებთ სამართლებრივი გზით საქმის წარმოებას?
– დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. ეს საზღვაო აკადემიამ და მისმა დღევანდელმა ხელმძღვანელებმა უნდა დაამტკიცონ, რატომ არის 13 წლის სტაჟის მქონე, რვა სახელმძღვანელოს ავტორი, სტუდენტური გამოკითხვებით საუკეთესო ლექტორი ტერორისტი. ვის (ან რას) რა ტიპის ზიანი მიაყენა მან? ი.შარაბიძის და მისი ხელოვნური პროფესორების იმიჯი და რენომე ხომ არ დააზიანა? რექტორ ი.შარაბიძის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნ.ყურშუბაძის მხრიდან გამოვლენილი მშობლიური ენის არცოდნა ხომ არ გამოიტანა სააშკარაოზე? თუ ყალბი პროფესორების მხილება ტერორიზმად ითვლება, მაშინ ეს პროცესი გაგრძელდება! ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ მე მათ პირად თვისებებზე, ადამიანურ ნაკლზე თუ უნაკლობაზე არ ვსაუბრობ. ისინი ვერ აცნობიერებენ იმას, რომ საჯარო პასუხიმგებლობის მქონე პირები არიან და ამაზე მაქვს საუბარი. საქმის წარმოება დაწყებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამა წლის 19 აგვისტოს. პირველი წარმატება იმაშია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობა, დავის გადაწყვეტამდე არ მოხდეს ვაკანტური (გამოთავისუფლებული) თანამდებობების რეორგანიზაცია (საშტატო განრიგში გაუქმება) ან ამ თანამდებობებზე სხვა პირის დანიშვნა მუდმივ საწყისებზე.
– და ბოლოს, რა მოლოდინი გაქვთ?
-საზღვაო აკადემიის დღევანდელი ხელმძღვანელები თანამდებობებს ვერ შეინარჩუნებენ, რა ტიპის ბრალდებებიც უნდა წამომიყენონ და როგორადაც უნდა განვითარდეს მოვლენები ქვეყანაში თუ თვით აკადემიაში. ყველა ადამიანი საკუთარ მოქმედებებზე აგებს პასუხს. აქ დასაქმებულ ხელმძღვანელ პირებს კი იმდენად ბევრი ზიანი აქვთ მიყენებული საზღვაო აკადემიისთვის, რაც მათივე ხელწერებითაა დაფიქსირებული, რომ აუცილებლად მოუწევთ მათზე პასუხის გაცემა. მათი დანაშაული, საბოლოო ჯამში, მომავალი თაობების წინაშეა ჩადენილი. მათ წლების განმავლობაში უსინდისოდ მიითვისეს სტუდენტების შენატანები მოჩვენებითი რექტორობით, პრორექტორობით, დეკანობით, პროფესორობით და ა.შ. ისინი საზღვაო აკადემიისთვის შემთხვევითი ადამიანები არიან, რომლებმაც უმაღლესი განათლების რეგიონულ სეგმენტზე არსებული მაღალი მოთხოვნა პოლიტიკური გავლენებისა თუ სხვა კავშირების წყალობით, თავის სასარგებლოდ გამოიყენეს, რის შესახებაც მთელმა ქალაქმა იცის. ამ კავშირების გამო ისინი აღმოჩნდნენ მაღალ, მათთვის აბსოლუტურად შეუფერებელ თანამდებობებზე პირადი თუ ოჯახური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ეს პროცესი ყველა მოჩვენებითი, ადმინისტრაციულად დაწინაურებული პროფესორისთვის დასრულდება და საზღვაო აკადემიაში არსებული არასახარბიელო სასწავლო და სამეცნიერო, ასევე სხვა პროცესები უკეთესობისკენ შეიცვლება. რაც შემეხება მე, აუცილებლად დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმეს, სალექციო-პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობას და ღვთისგან ბოძებულ და კანონით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან საზღვაო აკადემიის შემდგომ განვითარებაში. გმადლობთ!
p.s ბუნებრივია, ვაჟა ანანიძესთან საუბრის შემდეგ ინტერვიუ ვთხოვეთ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორ ირაკლი შარაბიძეს. იგი ბათუმში არ იმყოფება, ამიტომ მასთან ვრცელ ინტერვიუს ვერ გთავაზობთ . ამჯერად კი ამ კომენტარით შემოვიფარგლებით: ,,ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი მოსაზრება საჯაროდ და აღნიშნა,რომ ბატონ ვაჟა ანანიძეს საზოგადოება შეჰყავს დიდ შეცდომაში. ის არ ამხელს, რომ მის განთავისუფლებას საფუძვლად დაედო ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და აკეთებს უსაფუძვლო განცხადებებს. ბატონ ვაჟას გადაეცა ეთიკის კომისიიის დასკვნა, რომელშიც განმარტებულია მისი განთავისუფლების საფუძველი, თუმცა ის კვლავ არასწორ განცხადებებს ავრცელებს, შეურაცხყოფს აკადემიის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და არ საუბრობს მისი აკადემიიდან განთავისუფლების რეალურ მიზეზებზე. მის განთავისუფლებას საფუძვლად დაედო თანამშრომლის მიერ ჩადენილი დისციპლინური/ეთიკური გადაცდომები“ (სტილი დაცულია), – გვითხრეს ბათუმის საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციაში.