ლადო მგალობლიშვილი: ყველა წინასაარჩევნო კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს მთავრობას
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილმა ოთხი წლის განმავლობაში სამი ინიციატივა საქართველოს პარლამენტში წარადგინა და სამიც – აჭარის უმაღლეს საბჭოში. იგი ფიქრობს, რომ 2016 წლის მოწვევის უმაღლესმა საბჭომ კანონშემოქმედებითი კუთხით კარგად იმუშავა.
-ზედმეტად კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველა წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოსგან განსხვავებით, კანონშემოქმედებითი კუთხით 2016 წლის მოწვევამ კარგად იმუშავა. უშუალოდ მე მოვამზადე სამი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. სამი ინიციატივა მქონდა აჭარის უმაღლეს საბჭოშიც. ჯამში ეს მართლაც, კარგი შედეგია. კიდევ შეიძლებოდა ინიციატივების მიღება, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, – ამბობს ლადო მგალობლიშვილი.
– ბატონო ლადო, მოდით, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს თქვენი ინიციატივები.
– გამოვყოფდი იმას, რომ საჯარო სკოლებში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის სრული დელეგირება გადმოეცა რეგიონის მთავრობას და დღეს აჭარის 229 საჯარო სკოლაში სრულ კონტროლს ახორციელებს ადგლობრივი ხელისუფლება, რაც წლების წინათ წარმოუდგენელი იყო. ჩემს კოლეგებს ამის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ვერ მოხერხდა. უკვე აჭარის განათლების მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, საჭიროების შემთხვევაში ათავისუფლებს არჩეულ დირექტორს. ეს ყველაფერი სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე აისახება. ასევე, აჭარის სამინისტროებს მიენიჭა გრანტის გაცემის უფლებამოსილება, რის შედეგადაც სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, 20 პროცენტით გაეზარდათ დაფინანსება. ნებისმიერი კანონი იმით უნდა შევაფასოთ, რამდენად სასარგებლოა მოქალაქეებისთვის და როგორ მუშაობს პრაქტიკაში. ასევე, უმაღლეს საბჭოში მივიღეთ განათლების მხარდაჭერის შესახებ კანონი, ხოლო კულტურის მხარდაჭერის შესახებ კანონი ალბათ საგაზაფხულო სესიაზე გავა. ვისაც საკანონმდებლო სივრცეში უმუშავია, იცის, რომ არ არის მარტივი საქმე აჭარის უმაღლესი საბჭოდან სამი ინიციატივის გატანა საქართველოს პარლამენტში, მაგრამ, ჩვენ ეს შევძელით. კონსტიტუციაში ცვლილებების შემდეგ კანონების მიღების კუთხით უფლებები გაიზარდა.
– რა იყო გამორჩეულად მნიშვნელოვანი ამ ოთხი წლის განმავლობაში?
-2016 წლის მოწვევის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთი საუკეთესო იყო საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით. ახალი კონსტიტუციის მიღებით გამორჩეული იყო. საერთაშორისო ურთიერთობის კუთხითაც კარგი შედეგები გვაქვს. გამოვყოფ იმასაც, რომ ევროპის რეგიონალური პარლამენტი დავიმეგობრეთ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ამ კუთხით მართლაც მნიშვნელოვანი სამუშაოები აწარმოა.
– ამის მიუხედავად, ოთხი წლის განმავლობაში ხშირად გაკრიტიკებდნენ ოპონენტები.
– გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ჩახედონ აჭარის კონსტიტუციას, შეაფასონ საკანონმდებლო საქმიანობის რა სივრცე გვაქვს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ დავით გაბაიძის ინიციატივა ჯილდოებთან დაკავშირებით ძალიან კარგია. თანხებით, რომლებიც დაახლოებით 5 ათასი ლარიდან იწყება, რეგიონს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დააჯილდოოს, ანუ არსებული სამართლებრივი სივრცე 90 პროცენტით ავითვისეთ, ყველაფერი გავაკეთეთ. მომავალ უმაღლეს საბჭოს ბევრი სამუშაო არ ექნება. დეპუტატებმა უნდა მოახერხონ ცენტრალური ხელისუფლებიდან სხვადასხვა უფლების დელეგირება, რათა აჭარის მთავრობამ უფრო ეფექტურად იმუშაოს.
– უმაღლესი საბჭოს ორი მთავარი ფუნქცია კანონშემოქმედებითი საქმიანობა და მთავრობის კონტროლია. პირველზე უკვე ვისაუბრეთ, მთავრობის კონტროლზე რას იტყვით?
-კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით თვითკმაყოფილება არ მაქვს, მაგრამ, არსებობს სტატისტიკა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს ხელი მიუწვდება და შეუძლია შეადაროს წინა მოწვევების უმაღლესი საბჭოს საქმიანობას. რაც შეეხება მთავრობის კონტროლს, ვფიქრობ, ამ კუთხითაც კარგად ვმუშაობდით. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, ხშირად, სამინისტროსთვის, რომელსაც ეს კომიტეტი კურირებს, მწვავე შინაარსის წერილებითაც კი მიგვიმართავს. ინფორმაცია გამოგვითხოვია. ვიბარებდით მინისტრებს „მინისტრის საათის“ ფორმატში და თუ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე შევა ნებისმიერი მსურველი, ნახავს, რომ სადეპუტატო შეკითხვებსაც ვაგზავნიდით. ამ კუთხით დავით გაბაიძე რეკორდსმენია. სადეპუტატო შეკითხვა მთავრობის კონტროლის ერთგვარი მექანიზმია. ოპოზიცია, ვფიქრობ, არაკვალიფიციურად იყენებდა მთავრობის კონტროლის ამ მექანიზმს. ვერ ვიხსენებ, რომ სადეპუტატო შეკითხვით მიემართოთ მთავრობისთვის. არც ინტერპელაციის წესი გამოუყენებიათ, ანუ არ გაუგზავნიათ კითხვა, რომლის პასუხისთვის მთავრობის რომელიმე წევრი უმაღლეს საბჭოში დაებარებინათ. მჯობნის მჯობნი არ დაილევა და მომავალში ალბათ უფრო ეფექტურად გამოიყენებენ სადეპუტატო შეკითხვების მექანიზმს კანონმდებლები.
– ოპოზიცია მუდმივად აპელირებდა იმასაც, რომ უმრავლესობის დეპუტატებს მხოლოდ კომფორტი აინტერესებთ და საკანონმდებლო ორგანოში შტატებიც გაბერილი აქვთ.
-კომიტეტებში რამდენი შტატიც იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ახლაც იმდენივეა. შტატები დიდად არ გაზრდილა. რა პრივილეგიაც გვაქვს უმრავლესობის დეპუტატებს, იგივეთი სარგებლობენ ისინიც – ფრაქცია ღებულობს საბიუჯეტო დაფინანსებას, თანამდებობის ოპოზიციონერ პირებსაც ისევე ემსახურება ავტომობილი, როგორც ჩვენ. ოპოზიცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ იყო ბოიკოტის რეჟიმში და პრაქტიკულად, უმაღლეს საბჭოში არც დადიოდნენ. ამ ბოლო დროს შემოიტანეს ორი ინიციატივა და შემდეგ საკომიტეტო მოსმენაზე არ მოვიდნენ. ამიტომ, ვურჩევ მათ, რომ სამომავლოდ უფრო კვალიფიციურად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკითხებს. ბოიკოტისთვის არ აურჩევია ისინი ხალხს და არაფრის კეთებაშიც არ უნდა იღებდნენ 3 700 ლარ ხელფასს.
– ბოიკოტის მიზეზად 8 მარტის ხელშეკრულების შეუსრულებლობას ასახელებენ. ამბობენ იმასაც, რომ საკანონმდებლო ორგანოში დროის ფუჭად კარგვას მოსახლეობასთან შეხვედრებს ამჯობინებენ.
– ისე ხშირად არ ტარდება პლენარული სხდომები და კომიტეტები, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის დრო არ რჩებოდეთ. ეს მათი მხრიდან უსაფუძვლო არგუმენტია. დღესაც, მოსახლეობას წინასაარჩევნო დაპირებებს რომ აძლევენ, ჯერ გადახედონ კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას და იმის მიხედვით გასცენ დაპირებები.
-ანუ მათი დაპირებები და საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციები ერთმანეთს არ ემთხვევა?
– როცა ოპოზიციური კანდიდატი ამომრჩეველს ყოფითი პრობლემების მოგვარებას ჰპირდება, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ატყუებენ. მათი დაპირებები პოპულისტურია და არა – რეალური. თუნდაც, ტურისტულ სექტორს 1000-ლარიან დახმარებას რომ ჰპირდებიან ერთ საწოლზე, ამის რესურსი სამწუხაროდ, არ არსებობს.
– რამდენიმე დღის წინ რა მიზეზით დაგიპირისპირდათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კირთაძე?
– მე დავგმე ექიმზე ძალადობის ფაქტი და ნაცვლად იმისა, რომ მასაც დაეგმო, ცილი დამწამა, თითქოს მოჭიდავეებთან ფინანსურ გარიგებებს ვაწარმოებდი, რათა რეგიონში წინასაარჩევნოდ ე.წ. კორცხელები მოგვეწყო. მე მას მივმართე სოციალური ქსელით და მივმართავ თქვენი გაზეთის საშუალებითაც, დაასახელოს თუნდაც ერთი მოჭიდავე, ვისაც მსგავს თემაზე ველაპარაკე. თუ ფაქტს ვერ დაასახელებს, მას ჭორიკანა, ცანცარა ადამიანს ვუწოდებ. მისი გადასაწყვეტია, იქნება ცანცარა და ჭორიკანა თუ სერიოზული კაცი. როდესაც ასეთ რამეს აჟღერებ, ფაქტები და არგუმენტები უნდა გქონდეს. მთელი ცხოვრება მათგან განსხვავებით ადამიანის უფლებებს ვიცავდი და ვგმობდი ძალადობას. ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია.
– რატომ არ ასაჯაროებს „ქართული ოცნება“ ამ დრომდე საარჩევნო სიას?
-კანონით პირველ ოქტომბერს უნდა წარმოადგინონ სია. არც იმას დაგიმალავთ, რომ პარტიაში კონკურენცია დიდია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ მოხვდება საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბევრი კვალიფიციური ადამიანია, ვინც სიაში ყოფნას იმასხურებს. კონკურენცია ღრმა ანალიზს საჭიროებს, აქედან გამომდინარე, ამომრჩევლის წინაშე ღირსეულთა სიით უნდა წარვსდგეთ და ასეც მოვიქცევით.
– პანდემია და წინასაარჩევნო კამპანია.
– ბათუმი ამ ზაფხულს მობილობის ეპიცენტრი იყო. ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩამოვიდა. შესაბამისად, რისკიც იყო, რომ მცირე ეპიდაფეთქება გვქონოდა. როგორც კომპეტენტური პირები განმარტავენ, არც ისე ცოტა შემთხვევების მიუხედავად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
– იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, რომელ პარტიასთან წარმოგიდგენიათ კოალიციის შექმნა?
– შემიძლია, არა პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ დარწმუნებით გითხრათ, რომ გამორიცხულია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ მოიპოვოს. ყველა წინასაარჩევნო კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს მთავრობას. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ძალებს, გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ მეორე პოლიტიკური ძალა თავისი გავლენით, რესურსით, გამოცდილებით – ცუდით თუ კარგით, „ნაციონალური მოძრაობაა“. ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა უკვე გამოცადა ქართველმა ხალხმა და შესაბამისად, ჩვენს ამომრჩეველს არა მგონია ნანახი ფილმის თავიდან ნახვის სურვილი ჰქონდეს. „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს.
-„ქართული ოცნება“ მესამე ვადით რატომ უნდა აირჩიოს მოსახლეობამ?
-„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ქვეყანაში არის სტაბილურობა, ადამიანის უფლებები დაცულია, ტერიტორიები არ დაგვიკარგავს.
– ბორდერიზაციის პროცესზე რას იტყვით?
– ეს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მათი არასწორი პოლიტიკის გამო დაიწყო. ბორდერიზაციის შეჩერება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან, როდესაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქი აღადგინეს ძველ საზღვრებში, მაშინდელმა ხელისუფლებამ დაურთო ძველი, საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული რუქა. რუსეთი ცხინვალის ოკუპაციის შემდეგ სწორედ ამ რუქის ფარგლებში აწარმოებს ბორდერიზაციას. ჩვენ თითოეულ ფაქტზე ვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას, მაგრამ რუსეთი მსოფლიო აგრესორებს შორის პირველ ადგილზეა. ჩვენს ქვეყანას კი არა, დიდ სახელმწიფოებს არ აქვთ რუსეთთან ძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირების რესურსი. დიპლომატიური გზით რაც შეგვიძლია, ყველა ღონეს ვხმარობთ. „ქართული ოცნება“ აქაც თანმიმდევრულია. ხელისუფლება ცდილობს დასავლელი პარტნიორების მეშვეობით შეაჩეროს ბორდერიზაციის პროცესი.
– ცნობილია, რომ ბევრი უცხოელი დამკვირვებელი 31 ოქტომბრის არჩევნებზე ვერ ჩამოვა.
– მმართველი გუნდის ინტერესია, რომ დამკვირვებლები იყვნენ. ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილი გაუგზავნა კიდეც. სამწუხაროდ, დიდი მისიები ვერ ჩამოვა, მაგრამ, როგორც ვიცი, ეუთო/ოდირის გრძელვადიანი დამკვირვებლები იმყოფებიან საქართველოში. შტატებიდან ველოდებით მოხალისე დამკვირვებლებს, გერმანიიდანაც. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ იმის რეალური სურათი გამოჩნდეს, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები. „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად შეეცდება პროვოკაციებზე წასვლას, სიტუაციის გამწვავებას, რათა შექმნან არალეგიტიმურობის განცდა, ხელისუფლება კი დარწმუნებულია გამარჯვებაში, ამიტომ ჩვენს ინტერესებშია არჩევნების მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩატარება.