ახალი კორონავირუსის კიდევ 297 შემთხვევა – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ახალი კორონავირუსის კიდევ 297 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 228 პირი. არსებული ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულების უმეტესობა კოვიდით აქამდე დაავადებული ადამიანების კონტაქტირებული პირები არიან. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კარანტინში დაახლოებით 800 პირი იმყოფება, 1000-მდე ადამიანი კი სახლში მკურნალობს.
– გასული 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 297-ით გაიზარდა. ახალი ინფიცირებულები აქამდე გამოვლენილი კოვიდდადებითი პირების ახლო კონტაქტში მყოფები არიან და მათგან ჩვენ ველოდით დაინფიცირების მაღალ მაჩვენებელს. სიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია. ყველა ინფიცირებულს დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას, რომ 12 დღის განმავლობაში იზოლაციაში დარჩნენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი ექიმს მიმართონ. გარდა ამისა, გვაქვს ცხელების კარანტინი, რომელსაც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს. სასტუმროში მას აუღებენ ლაბორატორიულ ნიმუშს. იქ მანამ შეეძლება გაჩერება, სანამ ლაბორატორიული კვლევის შედეგს მიიღებს. ეს იქნება არაუგვიანეს 24 საათისა. ზოგადად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. სტაციონარში მხოლოდ ის პაციენტი მოხვდება, რომელსაც ნამდვილად სჭირდება სამედიცინო მომსახურების მიღება, ვისაც ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვს, მათ მკურნალობა როგორც ბინაზე, ისე კარანტინში შეეძლებათ. კარანტინში დღეს 800-მდე პირია კოვიდინფიცირებული, ონლაინ მეთვალყურეობის ქვეშ კი დაახლოებით 1000-მდე პირი იმყოფება. ვინაიდან სიტუაცია ეპიდემიოლოგიურად დაძაბულია, შეიძლება ახლო კონტაქტირებულ პირებს შორის ინფიცირებულთა მატება მოხდეს, ამიტომ თხოვნით მივმართავ ყველას: გარდა აუცილებელი საჭიროებისა, თავი შევიკავოთ შეხვედრებისგან, აუცილებელია ერთმანეთთან კონტაქტი მინიმუმამდე დავიყვანოთ. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია და აუცილებლად ვატაროთ პირბადე! – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ახალი კორონავირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ორი ბათუმში მკურნალობდა. გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 90 წლის ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბერს შეიყვანა. პაციენტს კოვიდ -19-თან ერთად სხვა ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე გარდაცვლილი კი 57 წლის ქალია, ისიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: უნივერსალური სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი.
სამი პაციენტი გარდაიცვალა დღეს ქუთაისშიც. გარადცვლილია 72 წლის მამაკაცი და 78 წლის ქალი, რომელსაც ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან ერთად, სხვა დაავადებებიც ჰქონდა, მათ შორის -ონკოლოგიური.
არსებული ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ამ ეტაპზე კოვიდპაციენტების მართვაში 8 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. გარდა ამისა, მოქმედებს 2 ცხელების კლინიკა და 1 ცხელების კარანტინი. ამ დროისთვის თავისუფალი საწოლების რაოდენობა 65-ია.
ჯამში, დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის 453 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამოვლენილი ვირუსის ეპიდსიტუაცია ასეთია: აჭარა – 297, თბილისი – 78, იმერეთი – 52, სამეგრელო – 6, ზემო-სვანეთი – 6, გურია – 6, შიდა ქართლი – 6, ქვემო ქართლი – 2, კახეთი – 3, მცხეთა-მთაიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი -1.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

