ბათუმელი პირველკლასელები და დისტანციური სწავლება
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბათუმის სკოლებში, საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მსგავსად, ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო.
წლევანდელი სასწავლო წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა პირველკლასელებისთვის, რომლებიც სწავლას კვლავ დისტანციურად განაგრძობენ. მშობლების უმეტესობა ფიქრობს, რომ სწავლა აუცილებლად სკოლის შენობაში უნდა დაწყებულიყო, რადგან ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, არსებობს იმის რისკი, რომ პროცესმა დააზიანოს პატარების ფსიქიკა. „აჭარა“ რამდენიმე მათგანის მოსაზრებას გაგაცნობთ.
სოფო მალაყმაძე:
– პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ცუდად დაამახსოვრდეს ბავშვს არის ის, რომ მან ვერ მოახერხა ნორმალურ გარემოში ვერც ბაღის დასრულება და ვერც საკლასო ოთახში სწავლის დაწყება. მეორე სირთულე, რასაც განსაკუთრებით პირველკლასელების მშობლები ვაწყდებით, მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვმა არ იცის როგორია სკოლა, შესაბამისად, არ იცის, როგორი გარემოა იქ და როგორ უნდა მოიქცეს. დისტანციურად რთულია გააგებინო, როგორ დაწეროს, როგორ წაიკითხოს. ვიცი, რომ ონლაინსწავლება ყველასთვის რთულია, მაგრამ ჩვენთვის – განსაკუთრებით. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მესმის, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის კეთდება, მაგრამ როგორმე უნდა მოხდეს ისე, რომ განსაკუთრებით პირველკლასელებმა სკოლის შენობაში გააგრძელონ სწავლა.
ნათია სამნიძე:
– უკმაყოფილო ვარ დისტანციური სწავლებით. მაშინ, როცა ბავშვი დამოუკიდებლად ვერ წერს, ჯერ ასოები არ იცის, როგორ ან რა უნდა ისწავლოს? ბავშვებს ბოჭავენ ამ მიდგომით, ისინი უნდა მიეჩვიონ საკლასო ოთახებს, გაკვეთილის მოსმენას, რაც ონლაინრეჟიმში ვერ ხერხდება.
თამარ სურმანიძე:
– ჩემი ბიჭი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში სწავლობს, საბავშვო ბაღი კი სოფელში გაიარა (შუახევში). უფროსი შვილია, შესაბამისად „მოსწავლის მშობლობის“ გამოცდილება აქამდე არ მქონია. როცა გაირკვა, რომ სწავლა დისტანციურად იწყებოდა, ძალიან ავნერვიულდი. იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც უჭირდა და ვერ იაზრებდა ახალ ეტაპს, ვიფიქრე, სულ აირეოდა და გაურკვევლობაში იქნებოდა. თუმცა ტყუილად ვშიშობდი, ჩვენს შემთხვევაში ძალიან გაგვიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ კლასში 28 ბავშვია, თითოეულმა ადაპტაცია ძალიან ადვილად შეძლო, გაკვეთილის პროცესი ისე მიდის, ყველა ახერხებს კითხვა-პასუხში ჩართვას. მართალია, კლასში სწავლის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნებოდა, მაგრამ პანდემიის პერიოდში მირჩევნია სახლში მყავდეს. მით უმეტეს მაშინ, როცა ზაირა მასწავლებელი, საუკეთესო ხარისხის გაკვეთილებს ატარებს. მე, პირადად, ძალიან კმაყოფილი და მადლობელი ვარ მერვე საჯარო სკოლის, ასეთი ორგანიზებულობისა და შრომისუნარიანობისათვის.
შორენა მჟავანაძე:
– ასეთი სწავლება ძალიან ცუდია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ონლაინ უწევთ წერისა და კითხვის სწავლა. ბაღშიც არ უვლიათ ბოლო თვეები, დაავიწყდათ ბავშვებს ყველაფერი. რამე გამოსავალი უნდა გამონახოს მთავრობამ. მესმის, ვირუსია, მეშინია კიდევაც, მაგრამ უნდა გამოიძებნოს კონტროლის მექანიზმი, თუნდაც გადამოწმდეს სკოლის ეზოში ბავშვები. მშობლებმაც თავი შეიკავონ და როცა ბავშვს სურდო აქვს, დატოვონ სახლში. გამოსავალი ყველაფერშია. იძულებული ვარ, ვინმე პედაგოგი მოვნახო. მეც შემიძლია ვამეცადინო, მაგრამ მშობელი ვარ და არ დამიჯერებს, ისეთი ყურადღებით არ მომისმენს. სკოლისთვის განკუთვნილი ქცევები უნდა იცოდეს ბავშვმა, ხომ გვინდა რომ განათლებული ერი გვყავდეს. ამასთანავე, მყავს ერთი წლის შვილი, ვცხოვრობთ მეუღლე, მე და ბავშვები. მეუღლე ვერ მიდის სამსახურში ონლაინგაკვეთილების დროს, რადგან პატარას ყურადღება სჭირდება. არის შემთხვევბი, როცა „თიმს“ მუშაობა უჭირს, ამასაც უნდა მიაქციო ყურადღება, რომ ბავშვს შუა გაკვეთილზე არ გამოერთოს. მშობლების უმეტესობა ვერ ახერხებს ჩართვას, ბავშვები კი განიცდიან, ამ დროს მასწავლებელი უძლურია. რეალობა არის ის, რომ ამ პროცესით ძალიან ზიანდება ბავშვების ფსიქიკა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მოსწავლეები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.
– რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც. ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ, – თქვა გახარიამ.
სამწუხაროდ, წერტილოვანი შეზღუდვა აჭარის მთელ რეგიონზე გავრცელდა. მოსწავლეები ისევ ელოდებიან, თუ როდის გადაინაცვლებენ ვირტუალური სივრციდან საკლასო ოთახებში.

