ლალი ანთიძე ეცდება, ცვლილებების მუხტი გადამდები გახადოს
ლაშა ხომერიკი: 27 48 93 –
საარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაშია, თითქმის ყველა პარტია თუ პოლიტიკური გაერთიანება საზოგადოებას ჰპირდება, რომ პარლამენტში მისი ყოფნა იქნება გზა ხსნისა. ამ მხრივ სტრატეგიები განსხვავებულია. რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის განვითარებისთვის? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თვალსაზრისს „გირჩის“ ერთ–ერთი ლიდერი და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ამავე პარტიის სიის პირველი ნომერი ლალი ანთიძე გვიზიარებს.
– წარმოგვიდგინეთ საკუთარი პერსონა. როგორ დაახასიათებთ გარემოს, რომელშიც ცხოვრობთ და საქმიანობთ?
– ვარ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, უნივერსიტეტში რამდენიმე პროექტს ვხელმძღვანელობ. გარდა ამისა, დავაფუძნე „ლალი ანთიძის საკვირაო სკოლა“, სადაც ვიყენებ სწავლების ალტერნატიულ მოდელს. ეს მოდელი სწავლების თვისობრივად ახალი კონცეფციაა ქართული სინამდვილისთვის. ვფიქრობ, განათლება არის ის უმნიშვნელოვანესი სფერო, რომლითაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ფორმირება უნდა მოხდეს, შესაბამისად, ჩემი აზრით, ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს, განათლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. ჩემი გარემოც ესაა – მოსწავლეები, სტუდენტები, კოლეგები.
– განვლილ გზას როგორ შეაფასებდით?
– ამ გზაზე მხოლოდ შრომა, ჩემი სტუდენტები და მოსწავლეები მახსენდება. 30 წელია, ერთი და იგივე პრობლემებს ვერ ვაღწევთ თავს, მოჯადოებულ წრეზე ბრუნვის განცდა მაქვს, თუმცა რადიკალური ცვლილებების პოტენციალსაც ვხედავ. ეს არჩევნები გადამწყვეტი მგონია და ამანაც განაპირობა ჩემი „გირჩთან“ დაკავშირება. მათი სახით ვიპოვე თანამოაზრეები, რომლებსაც ჩემსავით სურთ ამ ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები და მომინდა რაღაც გამეკეთებინა, რაც ჩემს შესაძლებლობებშია.
– თქვენი სპეციალობა, ფილოსოფია რამდენად გეხმარებათ რეალობის უკეთ გაანალიზებასა და შემეცნებაში?
– ფილოსოფიის სპეციალობაზე, შეიძლება ითქვას, შემთხვევით აღმოვჩნდი, იურისტობა მინდოდა, მაგრამ მისაღებ გამოცდებამდე ორი თვით ადრე შევცვალე გადაწყვეტილება და ეს არასდროს მინანია. დღეს მსოფლიო ყველაზე მეტად განიცდის ფილოსოფიის შიმშილს. კრიზისულ ეპოქებს ეს მახასიათებელი აქვს და ჩვენ ხომ ტოტალური კრიზისის ეპოქაში ვცხოვრობთ. ასეთ პირობებში ადამიანები ცდილობენ ღირებულებითი ორიენტირები დაინახონ და ეგზისტენციალურ კითხვებს უპასუხონ. ფილოსოფია საშუალებას მაძლევს, რეალობა ფართო სპექტრში გავიაზრო. ჩვენს ყოველდღიურობას და მათ შორის განათლების სისტემასაც სწორედ ეს გლობალური ხედვა აკლია. ერთი ანალოგია უფრო კარგად ახსნის, თუ რას ვგულისხმობ. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი: ერთი ჭას თხრის, ხოლო მეორე – ორმოს. ჭის მთხრელი სიღრმეში მიდის, ხოლო ორმოს მთხრელი – უფრო სიგანეში. შესაბამისად, ჭაში ღრმად ჩასული ადამიანი შეიძლება კერძო მეცნიერებებს შევადაროთ, იგი მეცნიერების სიღმეებს სწვდება, მაგრამ რაც უფრო ღრმად ჩადის, მით უფრო ვიწროდ ხედავს ცას – სამყაროს სრულ სურათს. ამის საწინააღმდეგოდ, ორმოს მთხრელი ცის სრულ სურათს ხედავს, თუმცა სიღრმეებში ნაკლებად ჩადის. ამ ანალოგიაში ორმოს მთხრელი ისეთი განმაზოგადებელი მეცნიერების როლშია, როგორიცაა ფილოსოფია, სოციოლოგია. ორივე ხედვა მნიშვნელოვანია. ჩვენს განათლების სისტემას მეორე აკლია. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ცოდნა მსოფლმხედველობად ვერ გარდაქმნეს და მას პრაქტიკული დანიშნულება ვერ მოუძებნეს. ფილოსოფიას აქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ფუნქცია. ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში მუდმივად ვცდილობდი, რომ ეს ორივე მხარე მეჩვენებინა.
– საკვირაო სკოლის შექმნის იდეა რამ შთაგაგონათ და რა პერსპექტივებს ხედავთ მასში?
– რეპეტიტორობის გამოცდილებამ მაჩვენა სკოლის წინაშე არსებული პრობლემები. შევეცადე, ამ პრობლემების კლასიფიკაცია გამეკეთებინა და შემემუშავებინა მოდელი, რომელიც სკოლას დაეხმარებოდა, იმ ხარვეზებს შეავსებდა, რაც ჩვენს დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემას ახასიათებს. საკვირაო სკოლა ამ გამოწვევაზე პასუხი იყო, ამისათვის გამოვიყენე სხვადასხვა პედაგოგიური თეორია და საკმაოდ ორიგინალური სისტემა გამოვიდა. მიმაჩნია, რომ სწავლის პროცესი მიმართული უნდა იყოს კონკრეტული მოსწავლის ინტერესებზე, შესაძლებლობების განვითარებაზე. მოსწავლეს უნდა სიამოვნებდეს სწავლა და მოსწონდეს საკუთარი თავი ამ პროცესში. ამ სისტემის მიხედვით თვისობრივად იცვლება სასკოლო მენეჯმენტი, მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად პერიოდულად ხორციელდება ჩვენი შედეგების მონიტორინგი, რაც სწორი დასკვნების საშუალებას გვაძლევს. საკვირაო სკოლა თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც სწავლების ისეთი მოდელი, რომლის წარმატებულად დატესტვის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა ახალი ტიპის სკოლის ფორმირება. შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი გამართლდა. რაც შეეხება პერსპექტივებს, მგონია, რომ ყველა კერძო ინიციატივა, რაც სასკოლო სწავლებაში არსებული პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული, ძალიან ღირებულია, თუ ის ცოცხალი პროცესია და კონკრეტულ გამოწვევებს პასუხობს. დარწმუნებული ვარ, განათლების სისტემა აუცილებლად შეიცვლება, მიუხედავად ჩვენი კონსერვატიული დამოკიდებულებისა, შეცვლილი გარემო და ახალი გამოწვევები გვაიძულებს, ვაღიაროთ ცენტრალიზებული სისტემის უუნარობა, რაც ახალი მოდელების მიმღეობას შესაძლებელს გახდის.
– როგორ გესახებათ მსოფლიოს და საქართველოს მომავალი?
– სამყარო ყოველთვის იცვლება. ამ ცვლილებების შემოქმედი ადამიანია, კონკრეტული ადამიანი. „ხალხი“ და „საზოგადოება“ აბსოლუტურად აბსტრაქტული ცნებებია. მომავალს ინდივიდები ქმნიან, რომლის შედეგებსაც საზოგადოება იღებს და ამიტომაც მგონია, რომ განათლებაში თავისუფალი პიროვნებებისა და მათი უნარების განვითარება, ახალი ხედვების გენერირება ჯანმრთელ სოციუმს შექმნის. მომავალი თავისუფალი ადამიანებისაა და ამიტომაცაა სასიცოცხლოდ აუცილებელი საბჭოთა კლიშეებისაგან გათავისუფლება. თავისუფალი ადამიანი ასე ტოტალურად რეგულირებული სისტემის პირობებში ვერ ფორმირდება.
– აქტიური ქალი, შემდგარი ადამიანი ფართო თვალსაწიერით. პოლიტიკაში ასეთი მახასიათებლით მოსვლა სასურველია. მიიჩნევთ თავს ასეთ ადამიანად? რას დაჰპირდებოდით ამომრჩეველს?
– მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსობაზე არასდროს მიფიქრია, პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური ვიყავი. ვთვლი, რომ ამ მიმართულებით ჯერ ბევრი მაქვს შესასწავლი. მგონია, რომ ჩემი ძალა ცოცხალი ენთუზიაზმი და ცვლილებების სურვილია. ჩემს ამომრჩეველს ვპირდები, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ განათლების სისტემის შესაცვლელად და ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელშიც ყველა ტიპის ხედვისთვის ადგილი იქნება. ვიქნები გულწრფელი და თანმიმდევრული, დავეხმარები ყველას, ვისაც საკუთარი საქმის კეთების სურვილი აქვს და თავისუფლება მის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. ასეთ ადამიანებს ჩემს მოკავშირეებად აღვიქვამ. შეიძლება ითქვას, რომ იგივეს გავაკეთებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ოღონდ, ამ შემთხვევაში, მასშტაბების გაზრდის შესაძლებლობა მომეცემა. თუ მოცემულობას ადეკვატურად შევაფასებთ, „გირჩი“ არ არის ის პარტია, რომელიც უმრავლესობით მოხვდება აჭარის უმაღლეს საბჭოში, ამიტომაც მომიწევს სხვა პარტიებთან თანამშრომლობა და შევეცდები, ცვლილებების ეს მუხტი, რამაც პოლიტიკაში მომიყვანა, გადამდები იყოს – აჭარის უმაღლეს საბჭოში თანამოაზრენი გავიჩინო. მიმაჩნია, რომ სწორად პოზიციონირებას შევძლებ და უმაღლეს საბჭოში ჩვენს ხედვებს გავატარებ.
– მომრავლებულ კრიმინალს, სუიციდის შემთხვევებს როგორ შეაფასებდით
– სასოწარკვეთა, კრიმინალის მაღალი დონე და უპერსპეტივობის განცდა ღარიბი და გაუნათლებელი საზოგადოების მახასიათებელია. ყველა ეს პრობლემა განპირობებულია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით, განათლების და მართლმსაჯულების სისტემების გაუმართაობით, რაც კონკრეტული ადამიანების ბედზე აისახება. რაციონალიზმი, მიზეზების ზუსტი დიაგნოსტირება და კონკრეტულ გამოწვევაზე ადეკვატური პასუხები ნებისმიერ პრობლემას მინიმუმამდე დაიყვანს, მაგრამ ეს მხოლოდ თავისუფალი ადამიანებისაგან შემდგარ თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია. ჩვენ შევეცადეთ, დაგვენგრია ძველი და აგვეშენებინა ახალი ტიპის სახელმწიფო, ეს არ აღმოჩნდა იოლი. ვიცით, რა არ გვინდა, მაგრამ როგორ შევქმნათ ახალი – ამ ნაწილში მოვიკოჭლებთ. ამიტომაცაა, რომ ამგვარმა კრიზისმა ადამიანებში იმედგაცრუება გამოიწვია. ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა განვახორციელოთ ფუნდამენტური ცვლილებები და ასეთი ცვლილებების გეგმა „გირჩს“ აქვს: „სულის სამკურნალოდ მიეცით გირჩის მურაბა!“
– ციფრულ სამყაროში ინტეგრირება და მისი ასპექტები. . . რა გამოწვევებია ამ მხრივ ჩვენ წინაშე?
– მომავალი ციფრული სისტემების გარეშე წარმოუდგენელია. დღესდღეობით ჩვენ მხოლოდ მომხმარებლად ჩამოვყალიბდით. შეუძლებელია წინასწარ ვინმემ განსაზღვროს, რომელ სფეროში იქნება ქვეყანა წარმატებული, ვინაიდან მომავალი არ არის პროგნოზირებადი და მსოფლიო სწრაფად იცვლება. ის, თუ რომელ სფეროში იქნება ქვეყანა წარმატებული, მხოლოდ თავისუფალი ბაზრის პირობებში შეიძლება გამოჩნდეს, სადაც ადამიანები თავად გადაწყვეტენ, რომელ სფეროში და რა მიმართულებით სურთ საქმიანობა. შესაძლებელია, ერთ დღესაც „სილიკონის ველის“ ქართული ვერსია ვიხილოთ, თუმცა ეს მხოლოდ მუდამ მზარდი ეკონომიკისა და უცხოური ინვენსტიციების შემოდინების პირობებში მოხდება.
– რჩევა – ახალგაზრდებს – როგორ დააკვალიანებდით მათ?
– რჩევის რა მოგახსენოთ, მაგრამ სურვილი მაქვს, განათლება იყოს ყველა ადამიანის უმთავრესი მოთხოვნილება. პრინციპში, ეს ასეცაა, სწავლა ადამიანის მოცემულობაა, მას უბრალოდ არ შეუძლია, რომ არ ისწავლოს. ვფიქრობ, ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი ინტერესების სფერო, ისწავლოს ის, რაც სურს, რომ მოახდინოს ცოდნის იმპლემენტაცია. უმთავრეს შემთხვევაში, ჩვენი ცოდნა დაგროვებითი სახისაა და რეალურ მოთხოვნებს აცდენილია. ახალგაზრდობა კი რევოლუციური ძალაა და არ უნდა დაიკარგოს ეს ენერგია. ყველა ადამიანმა უნდა შეძლოს საკუთარი ინტერესების მიხედვით თვითრეალიზაცია. თუ კონკრეტული ადამიანი შეძლებს თვითდამკვიდრებას, ის საკუთარ თავსაც გამოადგება, ოჯახსაც და ქვეყანასაც და პირიქით, საკუთარ კარიერაში ხელმოცარული ადამიანი ვერავისთვის იქნება სასარგებლო, მით უფრო – საზოგადოებისთვის.
– რა მიგაჩნიათ აუცილებლად ჩვენი ერის, ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად?
– განათლება, მართლმსაჯულება, თავისუფალი ეკონომიკა. განათლების სფეროში სისტემის ძირეული ცვლილება უნდა მოხდეს. ხშირად გააზრებულიც არ გვაქვს, რომ ისევ საბჭოთა სისტემას ვინარჩუნებთ, ეს კი მართლაც ასეა, რადგან ზუსტად ისეთი ცენტრალიზებული სისტემა გვაქვს, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს გვქონდა. მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები გატარდა, რამაც თვალი აგვიხვია გააჩინა ზედაპირული ხედვა, თითქოს ცვლილებები განხორციელდა. სინამდვილეში, სისტემის არსი იგივე დარჩა. იმისთვის, რომ ცვლილებები დაიწყოს, მინიმუმ, რამდენიმე ძირეული ცვლილებაა საჭირო: რეგულაციებისგან უნდა გათავისუფლდეს კერძო სკოლები, რომ მათ ალტერნატიული სასწავლო მოდელები შექმნან, მოხდეს საჯარო სკოლების დეცენტრალიზაცია, საჯარო სკოლებში დირექტორები უნდა იყოს არჩევითი, რათა ისინი ანგარიშვალდებულნი იყვნენ მშობლების წინაშე, საჯარო სკოლის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა, დაშვებული უნდა იყოს ჰოუმსკულინგი (სახლის პირობებში მიღებული განათლების აღიარება). მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებებია განსახორციელებელი, რის მნიშვნელოვან ნაწილზეც „გირჩის“ ინიციატივით, უკვე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები. სისტემის გაჯანსაღებისათვის აუცილებელია მოსამართლეთა და შერიფების არჩევის დანერგვა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება, სუს-ის ფუნქციების სხვადასხვა სისტემაში გადანაწილება, ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე პროკურორის არჩევის სისტემის დანერგვა. დღეს საქართველოში ყველა სოციალური პრობლემა ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარეობს, ხალხი ღარიბია. იმისთვის, რომ გვქონდეს ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება თუ თავდაცვა და შევძლოთ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, საჭიროა სწრაფად გამდიდრება. ეკონომიკა არ არის რაღაც რიცხვები ან მათემატიკური ფორმულები, ეკონომიკა თითოეული ადამიანის ცხოვრებაა, ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა და გაცვლა-გამოცვლაა, შესაბამისად, ყველაფერი, რაც ამ ნებაყოფლობით ურთიერთობებს ზღუდავს, ეკონომიკის ზრდას აფერხებს. ამ ეტაპზე შეზღუდვების მთავარი შემოქმედი მთავრობაა, რომელიც არეგულირებს ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროს და გადასახადების სახით შემოსავლების მესამედი მიაქვს. ამიტომ ეკონომიკის ზრდისთვის მთავრობის ზომის შემცირებაა საჭირო, რაც გადასახადების შემცირებას და რიგი რეგულაციების გაუქმებას გულისხობს.