„იყო პოეტი, ნიშნავს გიყვარდეს ლექსების არომატით“
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
წერის პროცესს ჯვარცმას ადარებს. . . „უდიდესი პასუხისმგებლობაა, გონებაში ქაოსურად მოვარდნილ ფრაზებს სწორი სათქმელი მოუფიქრო და საზოგადოებამდე მიიტანო. ჩნდება ლექსი და სულ სხვა განცდა გეუფლება, გრძნობ, როგორ შემოდის რაღაც ღვთაებრივი სიმსუბუქე, რომელიც ერთდროულად გცლის და გავსებს კიდეც, რაღაც სხვა, ამოუცნობ სამყაროში გადაყავხარ“,- ამბობს ბათუმელი პოეტი სულხან წულუკიძე, რომლის პოეზიასაც საქართველოში არაერთი გულშემატკივარი ჰყავს.
– ბავშვობის ექო. . .
– ბავშვობის პერიოდს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვების, უშუქობის, ომიანობის პერიოდში დავიბადე, მაინც ტკბილად და ლამაზ კადრებად მახსენდება, დღემდე მათბობს და შეიძლება ითქვას, რომ ჩემში ისევ ის, 20 წლის წინანდელი ბავშვი ცხოვრობს.
– პოეზიასთან კავშირი . . . .
– ეს ბავშვობაში მოხდა, თუმცა ბუნებრივია, იმ დროს კარგად გაცნობიერებული არ მქონდა, რა იყო ეს. სიღრმისეულად 16-17 წლის ასაკში განვიცადე, როცა აქტიურად დავიწყე პოეზიის აღქმა. მახსოვს, ერთ-ერთ პოეზიის საღამოს ვესწრებოდი ბათუმში, სადაც ბევრი ძალიან კარგი ლექსი მოვისმინე. მაშინ საერთოდ არ „ვაღიარებდი“ რომ ვწერდი, მაგრამ იმ საღამოს შემდეგ თითქოს გაცხოველებული სურვილი გამიჩნდა, მეწერა და, რაც მთავარია, მეგრძნო, წამეკითხა და უფრო ახლო ურთიერთობა მქონოდა პოეზიასთან.
– გერქვას პოეტი, ნიშნავs . . .
– გქონდეს მეტი პასუხისმგებლობა, იყო მეტად მგრძნობიარე, ყველაფერს განიცდიდე ასმაგად, ან უფრო მეტადაც, რაც ხანდახან შეიძლება კარგი იყოს, ხანდახან კიდევ – ძალიან ცუდი. იყო პოეტი ნიშნავს, გიყვარდეს ლექსების არომატით, გიყვარდეს განსაკუთრებულად და შეგეძლოს ამ სიყვარულის უანგაროდ გაცემა.
– წიგნის გავლენა. . .
– მახსოვს, ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჰაინრიხ ბიოლის „კლოუნის თვალთახედვამ“, ეს წიგნი ძალიან დაემთხვა ჩემს პიროვნებას, ემოციებს, დღემდე. . . მთავარი პერსონაჟი, ანუ კლოუნი, ძალიან მგავს.
– ქალის როლი – თქვენს პოეზიაში. . .
– ქალს ძალიან დიდი ადგილი უკავია როგორც ჩემს პოეზიაში, ასევე ჩემს ცხოვრებაში. ქალი ძალიან ძვირფასი, პატივსაცემი და სასურველია ჩემთვის, ხანდახან ნერვების დამწყვეტიც, გამაუბედურებელიც, მაგრამ ძვირფასი. ჩემს შემოქმედებაში ძალიან ბევრი ლექსი ეძღვნება ქალებს. . .
– როცა გიყვართ. . .
– როცა მიყვარს, მაშინ ყველაზე ბედნიერი ვარ, ყველაზე ენერგიული. შეყვარებული სულხან წულუკიძე ციბრუტივითაა, არ ჩერდება, არის საკმაოდ მხიარული და პოზიტიური. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დაიღალო სიყვარულით, რადგან მიმაჩნია, რომ სიყვარულში არ არსებობს მსგავსი მოცემულობა. სიყვარული იმიტომ არის განსაკუთრებული და ამოუხსნელი, რომ ის არ გეკითხება, როდის მოვა შენთან. მე ვიცი და მჯერა იმ შეგრძნების, იმ წამიერი განცდის, რომელიც შემდეგ ვითარდება და სიყვარულად იქცევა ადამიანში. ეს არის ერთი წამი, როდესაც გრძნობ, რომ ეს ის არის… და მე ამ წამს ველოდები.
– წერის პროცესი ჰგავს. . .
– ბევრ ავტორს მშობიარობისთვის შეუდარებია და ეს ასეც არის. წერა ურთულესი პროცესია, თითოეული ლექსის დაწერა ჯვარცმას ჰგავს, ძალიან იტანჯები ადამიანი, მაგრამ ამავდროულად ბედნიერიც ხარ, რადგან ეს პროცესი რაღაც ღვთაებრივის შემოსვლას ჰგავს შენში.
– რატომ – „წითელი წიგნი“?
– პოეტურ კრებულს „წითელი წიგნი“ დავარქვი, რადგან მიმაჩნია, რომ მასში გადაშენების პირას მყოფი განცდებია შესული. ისინი გაიშვიათებულია ჩვენს საზოგადოებაში, ან ამაზე ასე ღიად და საჯაროდ აღარ საუბრობენ.
– რას ნანობთ?
– ჩემთვის ადამიანის დანიშნულება ის არის, რომ გახდეს გუშინდელზე უკეთესი, რაც სინანულის გარეშე ვერ მიიღწევა.
– რადიოწამყვანად მუშაობთ, მოგვიყევით, რა განცდები ახლავს ამ საქმიანობას.
– რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა, მუშაობდე რადიო „აჭარაში“, რომელიც უკვე 90 წლისაა. პროფესიით ჟურნალისტი, რატომღაც მაინც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რადიოში ვიმუშავებდი, მაგრამ დღეს სასიამოვნო განცდაა ყურსასმენების გაკეთება და საინფორმაციო გამოშვების დაწყება შემდეგი ფრაზებით: „მოგესალმებით, ძვირფასო რადიომსმენელებო! ეთერშია საინფორმაციო გამოშვება, რომელსაც მე, სულხან წულუკიძე წარვუძღვები“. რადიოს მაგიური ძალა აქვს, თუ შეგიყვარდა, ვერასდროს დაანებებ თავს.

