„პოეტობის სწავლა არ შეიძლება, ეს ღვთით მომადლებული ნიჭია….“
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
17 წლის იყო, როცა მისი პირველი ლექსები ჟურნალ „ჭოროხში“ ფრიდონ ხალვაშის წინასიტყვაობით დაიბეჭდა. ამბობს, რომ აქედან მოყოლებული ეზიდება პოეზიის მძიმე უღელს. არის რვა პოეტური კრებულის ავტორი. მის ანგარიშზეა, ასევე, დიდი რუსი პოეტის მარინა ცვეტაევას ლექსების უამრავი თარგმანი, თითქმის სამი ათეული წელია, დიდი სიყვარულითა და თავდაუზოგავი შრომით რომ დააგროვა. 2019 წელს მისი თარგმანები შევიდა „რუსული პოეზიის ანთოლოგიაში“.
გაზეთ „აჭარის“ სტუმარია პოეტი ჟუჟუნა ხაჯიშვილი.
– ქალბატონო ჟუჟუნა, მოგვიყევით თქვენ შესახებ.
– დავიბადე ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში, პედაგოგების ოჯახში. აქვე დავამთავრე საშუალო სკოლა და სწავლა განვაგრძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. რამდენიმე წელი ვიმუშავე აჭარის ტელე-რადიო კომიტეტში კორესპონდენტად, შემდეგ აჭარის მწერალთა კავშირში – აგიტაცია-პროპაგანდის ბიუროს ინსტრუქტორად, პოეზიის სექციის ხელმძღვანელად, რედაქტორ-კონსულტანტად. 1978 წელს დავოჯახდი, მყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი. ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი 1989 წლიდან.
– თქვენი და პოეზიის პირველი შეხვედრა. . .
– ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი და ქობულეთის რაიონულ გაზეთში ვაქვეყნებდი. 1974 წელს პოეტ ფრიდონ ხალვაშის წინასიტყვაობით ჟურნალ „ჭოროხში“ დაიბეჭდა ჩემი რამდენიმე ლექსი. ასე რომ, ჩემი პოეტური ნათლია ფრიდონ ხალვაში გახლავთ. აქედან მოყოლებული ვეზიდები პოეზიის მძიმე უღელს. გამოცემული მაქვს რვა პოეტური კრებული.
– თქვენი აზრით, როგორია კარგი პოეტი ?
– რთული კითხვაა. კარგი პოეტი ისაა, ვისი შემოქმედებაც დროის ქარტეხილებს გაუძლებს და პირველქმნილ მომხიბვლელობას შეინარჩუნებს. თუ ლექსი ნამდვილია, სულიერად უნდა შეგძრას, აგაფორიაქოს, არ გაგიშვას. . .
– პოეტებად იბადებიან, თუ შემდეგ ხდებიან ?
– პოეტობის სწავლა არ შეიძლება, ეს ღვთით მომადლებული ნიჭია.
– როგორც ვიცით, წერასთან ერთად თარგმნით.
– მართალია. თითქმის სამი ათეული წელია, დიდი რუსი პოეტის მარინა ცვეტაევას პოეზიას ვთარგმნი. 2005 წელს გამოვიდა ცვეტაევას ჩემეული თარგმანები. 2019 წელს ჩემი თარგმანები შევიდა „რუსული პოეზიის ანთოლოგიაში“, რომელიც მთარგმნელთა კოლეგიამ გამოსცა ალექსანდრე ელერდაშვილის რედაქტორობით. ამჟამად გამოსაცემად მზად მაქვს ცვეტაევას თარგმანების მოზრდილი წიგნი.
– თქვენი ბოლო ნამუშვერი. . .
– ცვეტაევას ეს ლექსი ძალიან მიყვარს:
მოსკოვთან ახლოს იისფერ ფიჭვნარს
წვიმის წვეთები ნელინელ წინწკლავს,
დადიან ბრმები კალუგის გზებით
ჩვეულ კალუგურ სიმღერებითა. . .
და მოგალობე უცხოელ მწირთა
სახელებს რეცხავს მერე წვიმები.
ვფიქრობ, ოდესმე მეც დავიღლები
გაბეზრებული მტრებით და ძმებით
და რუსულ სიტყვით, – ყოვლის დამთმენით,
ვერცხლის ჯვარს გულზე შევიბამ ნებით,
პირჯვარს გადვიწერ და მოთმინებით
იმ ძველ კალუგურ გზას დავადგები.
– რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?
– რაღაც მოსვენებას არ გაძლევს შინაგანად და, ალბათ, ეს უფლისგან მომადლებული ნიჭია.
– რას უნდა ელოდოს მკითხველი თქვენგან ახლო მომავალში?
– ცვეტაევას წიგნზე უკვე გითხარით, ვოცნებობ ჩემი ლექსების რჩეულზე.
– ერთი კითხვა ჩვენს ქალაქზეც მინდა დაგისვათ: რა მოგწონთ ან არ მოგწონთ დღევანდელ ბათუმში?
– სამწუხაროდ, ბათუმმა დაკარგა თავისი სახე და გიგანტი შენობების ქალაქად იქცა. მე ძველი ბათუმის მოტრფიალედ დავრჩი.
– რა გზავნილს დაუტოვებდით მკითხველს?
– გვიყვარდეს ერთმანეთი.

