რაზე გვესაუბრება კოვიდინფიცირებული, რომელსაც ადრე ახალი კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდა
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93 –
ახალი კორონავირუსის ყოველი შემთხვევის უკან დგას ისტორია, რომელიც ტესტის უარყოფითი პასუხით არ სრულდება. იმის გამო, რომ ვირუსი ჯერ კიდევ ახალია, მეცნიერებმა არ იციან, რა კვალს ტოვებს ის ადამიანის ორგანიზმზე გრძელ ვადაში.
24 წლის გიო ჩავლეიშვილი კოვიდინფიცირებული იყო. საბედნიეროდ, გამოჯანმრთელდა და დღეს თავის ისტორიას გვიამბობს, იგი საზოგადოებას მოუწოდებს, დაიჯერონ ვირუსის არსებობა.
– ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ რიგითი პაციენტი ვიყავი. თავიდან სიმპტომები არ მქონდა. თავის დაზღვევის მიზნით ჩავაბარე ტესტი. სანამ პასუხი მოვიდოდა, ყელი მქონდა გაღიზიანებული და ამას დაემატა სიცხე. 14 სექტემბერს ავიღე ტესტი, 16-ში, ღამით დამირეკეს და მითხრეს, რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო. კერძო სახლში ვცხოვრობ, ის ორი დღე, ტესტის პასუხის მოლოდინში, გარეთ არ გავსულვარ. ოჯახის წევრებისგანაც იზოლირებული ვიყავი. შიშის ფაქტორი იყო. მერე ჩემმა მშობლებმაც ჩააბარეს ტესტი, მაგრამ მათი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. სიმპტომები არ მქონდა და სიცხემაც დამიწია, რის გამოც ჩავთვალე, რომ შესაძლოა პასუხი შეშლოდათ. „მედალფაში“ რომ გადამიყვანეს, პნევმონია დამიფიქსირდა. გადაწყდა, რომ უნდა დამეწყო მკურნალობა. არასდროს არ მიზიდავდა საავადმყოფოები, მაგრამ ისეთი გარემო დამხვდა, ნამდვილად გაოცებული დავრჩი. სწორედ ამან შემიწყო ხელი, რომ ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზეგავლენა არ მოეხდინა მომხდარ ამბებს. მინდა მადლობა გადავუხადო „მედალფას“ მთელ პერსონალს. ყოველთვის თქვენი მადლიერი ვიქნები. ვფიქრობ, რომ ეს ვირუსი საშიში და საგანგაშო არაა. უბრალოდ, ყურადღებაა საჭირო აუცილებლად. „არ არსებობს ვირუსი“ – არ არის სიმართლე. როგორც უკვე ვთქვი, თავიდან მეც არ მჯეროდა და დადებითი პასუხის შესახებ რომ მამცნეს, მაშინაც კი მეცინებოდა, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დავდექი და ვნახე საავამდყოფოში ადამიანები როგორ ებრძოდნენ ამ ინფექციას, ცოტა არ იყოს, შინაგანად შევჩერდი. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეშინია, რომ პანიკას არ აჰყვეთ. ყველაფერს გადავლახავთ. მთავარია, სწორად შესრულდეს ყველა რეკომენდაცია. ჩემი ინფიცირების ამბავს იმიტომ ვასაჯაროებ, რომ, ვფიქრობ, ყველამ, ვისაც კოვიდი დაუდასტურდა, უნდა დავწეროთ, ჩვენთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს გავაგებინოთ, რათა ისინი და მათი ახლობლები დავიცვათ. ავადმყოფი რომ ჰყავდეთ სახლში, ის ხომ ვერ გადაიტანს?! ჯანდაცვაში წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციები სტრესულია ყველა იმ პირისთვის, ვისაც ის ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ინფორმირებულები და ერთმანეთის მიმართ სიკეთითა და მხარდაჭერით განმსჭვალულები. სიტყვებს დიდი ძალა აქვს და იმგვარი ენის გამოყენებამ, რაც ამყარებს არსებულ სტერეოტიპებს, შეიძლება ადამიანი აიძულოს, უარი თქვას გამოკვლევაზე, საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ზომებზე. ისაუბრეთ დადებით კონტექსტში და ხაზი გაუსვით ეფექტიანი პრევენციული ზომების მნიშვნელობას. ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს არის დაავადება, რომლის მორევაც მათ შეუძლიათ. არის მარტივი გზები, რომლის საშუალებითაც ყველას შეუძლია, უსაფრთხოდ იყოს და დაიცვას ახლობლები, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ადამიანები.

