როგორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, უკეთესი მთავრობა რომ გვყავდეს?პანდემიის გაკვეთილები
ლაშა ხომერიკი: 599 50 82 69 –
უფლებადამცველი გივი მამულაძე ოც წელზე მეტია, თანამოაზრეებთან ერთად შემართებით და მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებს თავის მოვალეობას – სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ადამიანის უფლებებს იცავს. როგორ მუშაობს ეს ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანაში პანდემიის დროს? ამაზე თავად ბატონი გივი მამულაძე გვესაუბრება.
– ჩვენი რეგიონის მოსახლეობის ნდობით სარგებლობთ როგორც სამართალდამცველი. უმთავრესი რა არის თქვენს საქმიანობაში?
– სიმართლე და სამართალი იყო, არის და იქნება ჩვენი საქმიანობის განმსაზღვრელი. ჩვენს საქმიანობაში მნიშვნელოვანია, გიყვარდეს საკუთარი პროფესია და საქმე, სხვაგვარად შეუძლებელია სხვისი პრობლემა გაითავისო და დააკმაყოფილო იმ მოქალაქეების მოთხოვნები, რომლებიც მოგვმართავენ. სამართალდამცველობა კი არა, უფლებადამცველობაა ჩვენი საქმიანობის სფერო, რა თქმა უნდა, სიმართლისა და სამართლის დაცვის სახით. ადამიანს როგორი მტკივნეული პრობლემაც უნდა აწუხებდეს, უთუოდ სიმართლე უნდა უთხრა, სამართლიანად მოექცე და სწორი მიმართულება მისცე. თუკი შეგიძლია დახმარება, გვერდით უნდა დაუდგე, ტკივილი, პრობლემა შეუმსუბუქო.
– ახალიკორონავირუსის პირობებში როგორ განაგრძობთ საქმიანობას, როგორია თავად თქვენი და ორგანიზაციის მუშაობის სტილი?
– რა თქმა უნდა, კორონავირუსმა შეგვიქმნა მრავალი სხვადასხვა პრობლემა, მაგრამ ადამიანი სწორედაც იმიტომაა ადამიანი ყოველგვარი დაბრკოლება გადალახოს და გამოსავალი ეძიოს. ჩვენი, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის სტილი და სპეციფიკაც ცოტათი შეიცვალა და ახალ ლიანდაგზე გადაეწყო, არცერთი დღე უმოქმედოდ არ ვყოფილვართ, ადრე თუ ოფისში მოდიოდნენ მოქალაქეები, საგანგებო მდგომარეობის დროს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით მიკავშირდებოდნენ. მატი ძირითადი კითხვები უფლებებს და მოვალეობებს შეეხებოდა, კერძოდ, პრეზიდენტის დეკრეტი, საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი – მოქალაქეებისთვის უცნობი ფენომენი იყო.
– ამ რთულ დღეებში განსაკუთრებით რა ისთი პრობლემა იჩენს თავს, რომელსაც უფლებადამცველის უშუალო ჩარევა სჭირდება?
– ასეთ ვითარებაში საზოგადოებაში უფრო დაბნეულობა იჩენს თავს, რადგან განსხვავებულ ვითარებასთან აქვთ საქმე. ამას ემატება შიში,რაც ადამიანებს გაურკვეველი ვითარებიდან გამომდინარე უჩნდებათ. კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქეებმა ქაოსურად დაიწყეს ქმედება, შეესივნენ და დააცარიელეს მაღაზიები, სწორედ აქ იყო აუცილებელი ჩვენი და მთავრობის დროული ჩარევა, რათა მათთვის სათანადო განმარტებები გაკეთებულიყო, რომ არსებული მომენტისთვის არ არსებობდა სასურსათო პრობლემა. ჩვენი ჩარევა გახდა საჭირო საზღვარგარეთ წასული ჩვენი მოქალაქეების დახმარებისთვის. მათ არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია, რა ხდებოდა საქართველოში, როგორ დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში, სათანადოდ არ მუშაობდა ცხელი ხაზი (ცხელ ხაზზე დაკავშირება შეუძლებელი იყო). ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოებთან მიწერ-მოწერით მეტ-ნაკლებად ვახერხებდით ინფორმაციის მიღებას. გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდნენ ჩვენი მოქალაქეები, რომელთაც საზღვარგარეთ ახლობლები არ ჰყავდათ და თავშესაფარი არ ჰქონდათ. ვცდილობდით, ჩვენთან შემოსული ყველა კითხვა ადრესატამდე მიგვეტანა. დღეისათვის თანდათანობით სიტუაცია გამოსწორდა.
– ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო ვითარების დროს რა მუშაობა გასწიეთ და როგორი ფორმით წარმართავთ მუშაობას?
– როგორც მოგახსენეთ, ძირითადად, ონლაინრეჟიმზე გადავედით, სასამართლო პროცესებიც გავმართეთ, მაგალითად, ოზურგეთში სამი სასამართლო პროცესი გვქონდა პირადად მე. თუმცა ონლაინპროცესებს აქვს მრავალი უარყოფითი მხარე, არ ისმის საუბარი, ხშირად ინტერნეტი ითიშება და ა. შ. მოქალაქეებთან ურთიერთობა კი უფრო გაიოლებული ფორმით მიმდინარეობდა, სატელეფონო ზარებს ვპასუხობდით, ელექტრონულად ვაწვდიდით განცხადებებს, საჩივრებს ან ახსნა- განმარტებებს. იუსტიციის სახლთან კავშირი იყო აწყობილი, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ მხოლოდ ერთი საკითხის მოგვარება შეგვეძლო ჯავშნით, დროის ფაქტორი დიდ როლს თამაშობდა, აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს ლეღვაში (კარანტინის ჩაკეტილ ზონაში) ჩარჩა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე, რომელმაც კარანტინის ზონაში მყოფ ადამიანებს სათანადო კონსულტაცია გაუწია და მათი მადლიერება დაიმსახურა.
-კარანტინისა და კომენდანტის საათის მოქმედების დროს ადამიანთა უფლებების დარღვევების მხრივ რა გამოიკვეთა?
– საზოგადოების ნაკლებად ინფორმირებულობა, ჩაკეტილ ზონებში, მაგალითად, ქობულეთის (მუხაესტატე, წყავროკა, ლეღვა) ზონაში თავდაპირველად იყო დიდი ქაოსი, შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა დასტაბილურდა. საკვებისა და მედიკამენტების უმრავლესობას უჩიოდნენ მოქალაქეები. ყველა შემოსულ ზარს ვამისამართებდით სათანადო უფლებამოსილების მქონე პირებთან. ხშირად ვიყენებდით ცხელ ხაზს, ამავდროულად, კომუნიკცია გვქონდა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი იყვნენ პრობლემის შესწავლა-გადაწყვეტაში.
– ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენმა მოქალაქემ მოგმართათ და რამდენის უფლებების დაცვა და დახმარება შეძელით?
– ძალიან ძნელია კონკრეტული ციფრის დასახელება. ჩვენ სხვადასხვა სახის დახმარებებს ვუწევთ მოქალაქეებს, პირველ რიგში, შემოსულ განცხადება-საჩივრებზე ვრეაგირებთ, ბევრი მათგანი კონსულტაციის (რჩევა-დარიგება) მისაღებად მოდის. უმეტესად, სოციალურ საკითხებზე გვიწევს საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მათი უფლებების დაცვა, ხშირად სასამართლოებშიც ვიცავთ მათ უფლებებს. წლის განმავლობაში დაახლოებით, 50 სასამართლო პროცესზე გამოვდივართ მოქალაქეების დასაცავად, 200-მდე ადმინისტრაციულ საჩივარს ვიხილავთ და ვრეაგირებთ, 150-მდე წერილსა და მიმართვას ვაგზავნით სხვადასხვა დაწესებულებაში. საერთო ჯამში, წლის განმავლობაში 2000-მდე ადამიანი გვეხმიანება თავიანთი პრობლემების მოგვარების თხოვნით (კონსულტაციები, განცხადება, საჩივრები, მიმართვები, სასამართლო კრიტერიუმები, შუამდგომლობები და ა. შ.), რაზედაც შესაბამისად ვრეაგირებთ. ჩვენთვის არ არის განსაზღვრული სამუშაო დრო, მოქალაქეები საღამო საათებში უფრო გვიკავშირდებიან, სამუშაოდან გამომდინარე. კმაყოფილი იმითაც ვარ, რომ ხალხის სიყვარული დავიმსახურე, ამას ვგრძნობ ყველა ნაბიჯზე.
– სოციალური უზრუნველყოფის საკითხების, ამ სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად თქვენი ორგანიზაციის მიერ გაწეულ შრომას რომ აანალიზებთ, რა დასკვნები გამოგაქვთ, პერსპექტივაში რას ხედავთ საიმედოს?
– ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე სათანადო მუშაობის გაგრძელება., ამ სფეროში იყო და დღესაც არის მრავალი დარღვევა და ხარვეზი. სოციალურ ქსელებს თვალს თუ გადაავლებთ, ხშირია საუბარი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე, რაც გულდასაწყვეტია. თითქოს სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, მაგრამ ეს ზედაპირულია, უმთავრესად, ადგილებზე გვაქვს დარღვევები და გადაცდენები. მაგალითად, სოციალურ დახმარებას იღებენ ისეთი ადამიანები, რომელთა თვიური შემოსავალი ათას ლარს აჭარბებს,სამაგიეროდ, ბევრი ისეთი მოქალაქე რჩება დახმარების გარეშე, რომელთაც საკვები პროდუქტების შეძენა უსახსრობის გამო უჭირთ. პანდემიის დროს მსგავსმა საკითხებმა იჩინა თავი. ორგანიზაციაში ხშირად შემოდიოდა ზარები, რომლებითაც გვაუწყებდნენ, რომ სახელმწიფო დახმარებას არამიზნობრივად გასცემდა, კერძოდ, მრავალი ზარი იყო იმის თაობაზე, რომ ბევრმა 70 წელს გადაცილებულმა მოქალაქემ ვერ მიიღო დახმარება, რაც გამგებლების ბრალი იყო. ისინი შერჩევით, თავიანთი შეხედულებით, არიგებდნენ სახელმწიფოს დახმარებას კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე.
– თქვენ უამრავ ადამიანთან გიწევდათ და გიწევთ ურთიერთობა, როგორ ფიქრობთ, პანდემიამ რა გავლენა მოახდინა მათ განწყობასა და ურთიერთობებზე?
– პანდემიამ უარყოფითი ზეგავლენის მიუხედავად, დადებითი შედეგიც მოგვცა, ადამიანები ერთმანეთს დაახლოვა, ქალაქში წასული მოსახლეობა სოფელს დაუბრუნდა, წლების განმავლობაში უპატრონოდ მიტოვებული მიწები დაამუშავეს, მეტი თანაგრძნობა და სიყვარული გაჩნდა ერთმანეთის მიმართ, უფრო გაითავისეს სხვისი გაჭირვება. პანდემიამ აჩვენა, რომ ასეთ დროს პრობლემა მდიდარსაც და ღარიბსაც ერთნაირად ეხება, ეს აერთიანებს ადამიანებს, აფიქრებს მათ თანასწორობის პრინციპზე.
– როგორ ხედავთ პანდემიის შემდგომ ჩვენს ქვეყანას, ადამიანებს, ცვლილება უკეთესობისკენ წაგვიყვანს თუ . . .
– პანდემია გაკვეთილი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რამაც დაგვაფიქრა და რეალობის შეგრძნება დაგვიბრუნა, რაც წინაპირობაა იმისა, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ წავა. საერთოდ, ცხოვრებაც ხომ ვითარდება, დიალექტური პროცესები შეუქცევადია. . .
– და ბოლოს, კიდევ რას ეტყოდით ჩვენს საზოგადოებას, რაა თქვენი სავიზიტო გზავნილი?
– ბოლო ხანებში გაუფერულდა პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის გრძნობა. არსებულმა რეალობამ დაგვანახა, რომ აუცილებელია გიყვარდეს მოყვასი და დაგვარწმუნა, რომ სიყვარულის გარეშე ქვეყნას განვითარება არ უწერია, სიყვარული და თანაგრძნობა გადაგვარჩენს. ბოლოს დავძენდი, კარს მოგვადგა 31 ოქტომბერის არჩევნები, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისი ნების გამოხატვის უფლება, ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს არჩევანი, თუ სწორ არჩევანს გავაკეთებთ, უკეთესი მთავრობა გვეყოლება და არასამთავრობო ორგანიზაციაშიც ნაკლები საჩივარი შემოვა. ხმა იმას კი არ უნდა მივცეთ, ვინც ორატორად გვევლინება, არამედ საქმის მკეთებელ ადამიანებს, დაიცავით თქვენი ხმა და სწორად გამოიყენეთ თქვენი უფლებები.

