„ქობულეთელების სატკივარს ხელისუფლებამდე მივიტან და არასოდეს გავხდები რიგითი „მწვანე ღილაკი“
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93 –
პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ და ჯაბა ჯიშკარიანმა (თბილისის საკრებულოს წევრი), ამა წლის 7 ივნისს ახალი პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ დააფუძნეს. „ჩვენი მიზანია პოზიტიური დღის წესრიგის, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება საქართველოსთვის“, – აცხადებს ჯაში და ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ აქტიურად წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას. პარტიის წევრები ამბობენ, რომ სწორედ იმ შუალედურ რგოლს წარმოადგენენ, რომელიც ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისევ ყველაზე რეიტინგული პარტიებია.
ზემოთხსენებული პარტიების გარდა, „შუალედური რგოლის“ იმიჯის მორგებას ცდილობს ყველა დანარჩენი პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება ამომრჩევლებს, ვგულისმობ ინერტულ ნაწილს, ისევ გაურკვევლობაში იმყოფებიან, თუმცა ზოგიერთი მაინც ცდილობს ახალ-ახალ პარტიებსა და მათ საარჩევნო პროგრამებში გარკვევას.
ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ლაშა ვერულიძესთან, რომელიც „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა“ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა აჭარის უმაღლეს საბჭოში.
-რამ განაპირობა თქვენი პოლიტიკაში მოსვლა?
-ჯერ კიდევ უფროს კლასებში დავინტერესდი პოლიტიკით. სტუდენტობისას კი აღმოვჩნდი იმ ბედკრული 2007 წლის 7 ნოემბრის სისხლიანი აქციის თანამონაწილე. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ პირველი არასამთავრობო ორგნიზაცია „სტუდენტური ალიანსი“. ამ პერიოდს დაემთხვა მაშინდელი განათლების მინისტრის ნიკა გვარამიას მიერ, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის გაძვირება. დავიწყეთ პიკეტირება, აქციები, პროტესტის ყველა ფორმას მივმართავდით, თუმცა ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო – უმოწყალო ცემა-ტყეპისა და უსამართლო წამება-წვალებების გარდა არაფერი მიგვიღია. მაშინ გავერთიანდით ლევან გოგიჩაიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის ორგანიზაციებში, რომლებსაც პოლიტიკური გამოცდილებაც გააჩნდათ და უფრო ძლიერი მოტივიც. აქედან გამომდინარე გავხდით თანამოაზრეები. შემდეგ იყო „საკნების ქალაქი“ რუსთაველზე, „26 მაისი“ და სხვ. ანუ აბსოლუტურად ყველა ცხელ წერტილში ვიყავით, ყველა დიდ აქციაში ვმონაწილეობდით. ერთად გადავიტანეთ პოლიტიკური ქარიშხლები, რომელიც თავს დაგვატყდა სააკაშვილის და მისი ფანატიკოსი დამქაშების წყალობით. ბოლოს კი გავიმარჯვეთ, ანუ გვეგონა, გავიმარჯვეთ. . . მაგრამ 2012 წელს, ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარ რიგებში ჩატოვა ის პოლიტიკოსები, მოსამართლეები თუ ბიუროკრატები, თავის დროზე თავგამოდებით რომ ვებრძოდით.
-ანუ თქვენ ისევ ოპოზიციაში აღმოჩნდით და უკვე საკუთარი პარტიის ჩამოყალიბება არჩიეთ იმ პიროვნებებთან ერთად, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ გამოეთიშნენ. რატომ მიგაჩნიათ, რომ სწორედ თქვენი ხედვაა სწორი და არა მათი, რომელთაც, ისევ და ისევ, თქვენ დაეხმარეთ ხელისუფლებაში მოსვლაში?
-იმიტომ, რომ ჩვენი პარტიის ლიდერები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, გედევან ფოფხაძე, თავის დროზე „ქართული ოცნების“ ყველაზე ღირსეული, წონადი ფიგურები იყვნენ. ისინი ვერ შეეგუენ არსებულ სიყალბეს და მმართველ პარტიაში კომფორტულად ყოფნას, გასვლა ამჯობინეს.
-თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ, რას აპროტესტებდნენ?
-მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის წევრებმა ქართული ოცნება 2019 წელს დატოვეს. ნაწილმა – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მიუღებლობის, ხოლო ნაწილმა – პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო.მაგალითად, ლევან გოგიჩაიშვილს აიძულებდნენ, ხმა მიეცა იმ მოსამართლისთვის, თავის დროზე მის დაპატიმრებასა და წამებაში რომ მონაწილეობდა.
-თავად „ქართულ ოცნებას“ რატომ აძლევდა ხელს ასეთი ადამიანები?
-იმიტომ, რომ ფაქტობრივად მიმდინარეობს „ოცნების“ „ნაციონალიზაცია“. მათ სწორედ ის პიროვნებები წარმოადგინეს თავიანთ მაჟორიტარობის კანდიდატებად, თავის დროზე ქართულმა საზოგადოებამ რომ უარყო. ჩვენი პარტიის დამფუძნებლებმა კი უარი თქვეს ამ სისტემაზე, ასეთ მმართველობაზე და ნებაყოფლობით გამოეთიშნენ სიყალბეს. გადაწყვიტეს, საკუთარი სიმართლით იბრძოლონ არსებული უსამართლობის წინააღმდეგ, შექმნან ღირსეული მომავალი, დემოკრატიულად და ეკონომიკურად ძლიერი სამართლებრივი სახელმწიფო. ამიტომ ვხედავ ჩემს თავს ამ ადამიანების გვერდით, ამიტომ დავდექი იქ, სადაც დღეს დგანან ინტელექტუალი, სულიერად ძლიერი, პოლიტიკაში გამოცდილი, გონიერი ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყანა და თანამოქალაქეები.
-რას სთავაზობს თქვენი პარტია ხალხს გამარჯვების შემთხვევაში?
“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” ამომრჩეველს პირდება, რომ: საქართველოში დაწესდება მინიმალური ხელფასი 500 ლარის ოდენობით და ღირსეული შრომის პირობები შეექმნება ყველა ჩვენს მოქალაქეს, ამოქმედდება უმუშევრობის დაზღვევის სისტემა; 500 000 ადამიანს, რომელსაც დღეს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, გაუნახევრდება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი; ყველა დევნილს ექნება საკუთარი ბინა და არც ერთი ოჯახი არ დარჩება ხელმისაწვდომი ღირსეული საცხოვრისის გარეშე; გაძლიერდება მრეწველობა და სოფლის მეურნეობა; გაიზრდება ინვესტიციები განათლებაში, მეცნიერებასა და კულტურაში; პენსიონერებისათვის გაიაფდება წამლები და მათ მიეცემათ საშუალება, რომ კვლავაც აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში; შეიქმნება იმის პირობები, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს გაუმარტივდეთ ცხოვრება და საქართველოში დაბრუნება; ხელახლა მოხდება უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა და გადაიხედება ყველა იმ ოჯახის საპროცესო შეთანხმება, რომელთაც უკანონოდ ჩამოერთვა ქონება და ბიზნესი 2004 წლიდან; დაჩქარდება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია; დეოკუპაციის გზაზე სახალხო დიპლომატიის გაძლიერებით, ხელი შეეწყობა „დიდ შერიგებას“ აფხაზ და ოს ოჯახებთან.
-თქვენ, როგორც ქობულეთის მკვიდრმა, ცხადია, იცით, რა უჭირს და ულხინს საკუთარ კუთხეს. საკანონმდებლო ორგანოში არჩევის შემდეგ რას გააკეთებთ მის საკეთილდღეოდ?
-პირველ ყოვლისა, ვიზრუნებდი კანონში ცვლილებებზე, რომელსაც ყურადღებას არ აქცევს არც ერთი ჩვენი კანონმდებელი. ვგულისხმობ მიწის კანონს, რეფორმებს, რომელიც იყო და რჩება ჩვენი ზღვისპირა ზოლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად და ყველაზე მეტად აწუხებს ქობულეთელებს. მამა-პაპისეული მიწები გასხვისებულია უცხოელ ინვესტორებზე, ხოლო რაც საკუთრებაში აქვთ, იმის საჯარო რეესტრში გაფორმებაც უჭირთ. ისიც სათქმელია, რომ გომის მთაზე ნაკვეთების რეგისტრაციისთვის ქობულეთელები ოზურგეთის გამგეობასთან იდგნენ რამდენიმე კვირიან რიგში. ამ ადამიანებს საძოვრები ჰქონდათ იქ. მოგეხსენებათ, ახლა ეს მთა, რომელიც გამოირჩევა თავისი კლიმატური, სამკურნალო თვისებებით, ტურისტულ კერად გამოცხადდა და მთელი საქართველოდან მოაწყდნენ აქ ნაკვეთების მოსაზომად. ისიც ვიცი, რომ გარკვეულ თანხას იხდიდნენ მსურველები იმისთვის, რომ პალოები დაერჭოთ მთის კალთებზე და შემდეგ ეთქვათ, აქ პაპაჩემს სახლი ედგა და ჩემი ადგილიაო. ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ 100-მდე სახლი იდგა იქ წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან, რადგან მისასვლელი გზაც კი არ იყო. რატომ არ უნდა დაუმტკიცონ ქობულეთელებს მათი კუთვნილი მიწები? ამ საკითხის გატანას ვაპირებ უმაღლეს საბჭოში.
მხოლოდ ზღვის სეზონით მიღებული შემოსავლებით ვერ იარსებებს ოჯახი, ხოლო თუკი ექნებათ სახლი მთაში, სადაც შეძლებენ საოჯახო სასტუმროების მოწყობას, მაშინ მეტი შემოსავალი გაუჩნდება როგორც კერძო პირებს, ისე ადგილობრივ თვითმმართველობას და გამდიდრდება ჩვენი მხარე. ადგილობრივი სიკეთით ადგილობრივებმა უნდა ისარგებლონ, რაც არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ბიუჯეტში არ შევა შემოსავალი. საქართველოში დასაქმებული ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი ხომ ერთიან დოვლათს ქმნის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს უზრუნველყოფს.
-ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, სწორედ ქობულეთში შენდება „მწვანე ქალაქი“. ამ პროექტის გრანდიოზულობაზე ყველა ლაპარაკობს.
-აქაც არის გაურკვეველი დეტალები. მიწის ბევრ მესაკუთრეს არ სურს ნაკვეთის დათმობა, რაზეც მიმდინარეობს დავა. გეთანხმებით, მნიშვნელოვანი და გრანდიოზული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კუთხისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, ყოველ შემთხვევაში, თუ იმ რეკლამით ვიმსჯელებთ, რასაც ატრიალებენ ყველა პრეზენტაციაზე, მაგრამ პირადად მე, ნაკლებად მჯერა, რომ ზუსტად ასე წარიმართება მანდ ყველაფერი. პირდაპირ ავალდებულებენ მესაკუთრეებს, რომ კვადრატული მიწა 10 ლარად გაყიდონ. არადა, მათი საბაზრო ღირებულება ათჯერ, 20-ჯერ მეტია.ისიც ვიცით, როგორ ემუქრებიან მესაკუთრეებს, მაინც არ გაქვთ გაფორმებული, ვერც გაიფორმებთ და უფასოდ დაგვრჩება ეს ტერიტორიებიო.
-თუკი არა აქვთ გაფორმებული?
-ამაშია საქმე, თუკი არ არის მისი, იმ 10 ლარსაც რატომ უხდის და საერთოდ, რატომ მიდის მოლაპარაკებაზე. თუკი მესაკუთრეა, მაშინ ასე იაფად რატომ ითხოვს მიწის გაყიდვას, როცა ამ პროექტზე მილიონებია გათვლილი? აქვე მინდა აღვნიშნო შრომითი ტრეფიკინგი, რაც დაუფარავად, ლეგალურად მიმდინარეობს ქობულეთსა და მთელ საქართველოში. ვინ მოიკითხა, ზეგანაკვეთურად რამდენს ამუშავებენ სამკერვალო ფაბრიკებში დაბალ ხელფასებზე აყვანილ ჩვენს ქალებს? ეს ადამიანები თვეში 250-300 ლარზე მუშაობენ და არავინ უდგათ მხარში, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან.
-ხომ მიიღეს ახალი შრომითი კოდექსი?
-კი, მაგრამ იქაც ბევრი რამაა გაურკვეველი და აუხსნელი. აჭარას არ გააჩნია შრომის ინსპექციის საკუთარი განყოფილება, თბილისიდან კი იშვიათად ჩამოდიან აქ, ამ ხალხის ანაზღაურების, დასაქმების და სხვა პრობლემების შესასწავლად. ინსპექტორების განცხადებით, ელოდებიან სიგნალს, რათა მივიდნენ და შეუსაბამობის გამო დააჯარიმონ მფლობელები. ამ სიგნალს კი ვერავინ მიაწოდებს, შემოსავლის ერთადერთი წყაროს დაკარგვის შიშით. ახლა „აჭარატექსტილში“ კორონავირუსი დადასტურდა, დაიკეტა საამქროები. არავინ იცის ვინ და როდის გადაუხდის თანამშრომლებს კუთვნილ ანაზღაურებას. . . უამრავი სამუშაო ექნებათ აჭარის კანონმდებლებს. აუცილებელია კანონებში კონკრეტული ცვლილებების შეტანა. ამისთვის ვიბრძვით ჩვენ, ახალჩამოყალიბებული პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ .
-კიდევ ხომ არ წამოწევდით წინ რომელიმე საკითხს?
-ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტმა აღმაშენებლის ქუჩაზე ტერიტორიები გასცა ინვესტირებისთვის. არანაირი ინვესტიცია არ ხორციელდება. ქაოსურად დაიწყეს მშენებლობები. ამოთხარეს დიდი ორმოები, დააყენეს ქვიშის მთები, შემოავლეს ორმეტრიანი ღობე და . . . უკვე ორი წელიწადია ქობულეთელები, ყოველდღიურ რეჟიმში შეჰყურებენ ამ სამშენებლო პოლიგონს, სადაც არაფერი კეთდება. მერწმუნეთ, ირგვლივ მცხოვრებთათვის ეს პრობლემაა. ორი ტურისტული სეზონი უკვე ჩაეშალათ, რადგან არც ერთ ტურისტს არ სურს ქალაქის ამ ნაწილში ბინის ქირაობა.
-არ გაარკვიეს ვინ და რას აშენებს?
-როგორ არა, გავიგეთ, რომ „ალიანს-ჯგუფმა“ ჯერ შეისყიდა, შემდეგ გაყიდა ეს ტერიტორია და არავინ იცის, რომელი ინვესტორი მოვა და როდის მოაწესრიგებს იქაურობას. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2007 წლიდან, ანალოგიური პრობლემებია ქობულეთის ზღვისპირა ზოლში მდებარე ბევრ ნაკვეთზე. მიწები გასხვისებულია, მაგრამ არაფერი კეთდება. რეალური ინვესტორები ვინაა, დღემდე არ ვიცით.
-პირადად თქვენ, რას პირდებით ამომრჩევლებს?
-ვპირდები, რომ უმაღლეს საბჭოში არ ვიქნები არც ერთი გავლენიანი პარტიის „მწვანე ღილაკი“ და არ დავთანხმდები იმას, რაც მიუღებელია თავად ამომრჩევლებისთვის. ქობულეთელების სატკივარს ხელისუფლებამდე მივიტან, ბოლომდე გვერდით დავუდგები ყველას, ვისაც ჩემი თანადგომა დასჭირდება. არასოდეს გავიყიდები თანამდებობასა თუ ფულზე. ჩვენი მხარე ერთ-ერთი სარფიანი და შემოსავლიანი რეგიონია, სადაც ბევრი უცხოელი მოისურვებს ინვესტიციების დაბანდებას პირადი სარგებლობისთვის. გპირდებით, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ქობულეთის ბუნებრივი სიკეთე მოხმარდეს ჩემს ხალხს და მთელ საქართველოს.

