„შეიძლება ახალი ველოსიპედი ვერ შექმნა, მაგრამ დაამატო ახალი დეტალი, რომელიც უფრო სწრაფს გახდის მას“
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ქვეყანა, რომელსაც პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები ჰყავს, არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ყოველთვის ნახავს ძალას ფეხზე მყარად დგომისა და გამარჯვებისათვის. სწორედ, ახალგაზრდებს ეკისრებათ უდიდესი როლი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. სახელმწიფო ვალდებულია თითოეულ მათგანს შეუქმნას სივრცე, სადაც ისინი მაქსიმალურად მოახდენენ შესაძლებლობების რეალიზებას. დღეს გვინდა მოგიყვეთ წარმატებულ ახალგაზრდაზე, რომელსაც თითქმის ყველა იცნობს და რომელიც თავის ცოდნას მუდმივად უზიარებს ირგვლივ მყოფებს, შეუძლია უანგარო მეგობრობა და გვერდში დგომა. ჩვენი რესპონდენტია პროფესიით ეკონომისტი და სტარტაპერი დავით არძენაძე, რომელსაც არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში უმუშავია, სოციალურ პროექტებში მონაწილეობით ბევრჯერ დახმარებია თავის თანატოლებს და არა მარტო მათ. პროექტით, რომლითაც განსაკუთრებულად ამაყობს, ეკომიგრანტებს დაეხმარნენ, რათა მათ აეთვისებინათ სასურველი პროფესია, დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი და გაეუმჯობესებინათ ეკონომიკური მდგომარეობა. რას ურჩევს თანატოლებს და რომელია მისი ყველაზე წარმატებული იდეა, ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ.
–ახალგაზრდების მხრიდან ხშირად ისმის საყვედური, რომ მათ არ აქვთ საკუთარი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობა. 32 წლის ასაკში როგორ მოახერხეთ იმ წარმატებებისთვის მიგეღწიათ, რაც დღეს გაქვთ?
– რაღა დაგიმალოთ და რაღაც პერიოდის განმავლობაში მეც მქონდა იგივე განცდა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ სურვილი დარჩება სურვილად, თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგი. არაერთი გამოწვევის მიუხედავად, არ უნდა თქვა უარი შენს სურვილებზე, მიზნებზე. თუ ყველაფერს გულით და დიდი მონდომებით აკეთებ, ადრე თუ გვიან აუცილებლად გაგიმართლებს. მთავარია, პირველი ნაბიჯები გადადგა და არ დაელოდო, ვიღაც როდის მოვა და ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს. პირველ რიგში, უნდა გჯეროდეს იმ საქმის, რასაც ხელს ჰკიდებ. თუ ოდნავ მაინც გეპარება ეჭვი, შეიძლება ყველაფერი არცთუ ისე კარგად დასრულდეს. ამიტომ, ბოლომდე უნდა იყო დარწმუნებული საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში. წინა თაობასთან შედარებით, ჩვენს თაობას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. თუნდაც ის, რომ დღეს გაცილებით დიდ ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი, უფრო მეტი საშუალებაა ვისწავლოთ და მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც ჩაფიქრებული გვაქვს.
– არაერთ პროექტში იყავით და ხართ ჩართული, რომელ მათგანს გამოჰყოფდით და რატომ?
– ყველა პროექტი, რომელზეც მიმუშავია და ვმუშაობ, მნიშვნელოვანია ჩემთვის, ყველა მათგანის მიზანი ჩვენ ირგვლივ არსებული სიტუაციის შეცვლა იყო. თუ ხედავ, რომ თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება, შენი დახმარებით, რაღაც კუთხით, დადებითისკენ შეიცვალა, ბედნიერი ხარ. ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, მაგალითად – არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტში“ მუშაობის პერიოდში. სხვადასხვა სოციალური კატეგორიის არაერთ ადამიანს დავეხმარეთ, მათ შორის გამოვყოფ ეკომიგრანტების პროექტს, რომლითაც მათ შესაძლებლობა მივეცით აეთვისებინათ ახალი პროფესია, დაეწყოთ საკუთარი ბიზნესი, გაეუმჯობესებინათ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურში ვმუშაობ, ეს საქმეც გარკვეულწილად დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, რადგან ქალაქისთვის აკეთებ, იმ ქალაქისთვის, რომელიც ძალიან გიყვარს, ქალაქისთვის, რომელმაც გასწავლა, გაგზარდა და გზრდის ყოვლდღიურად.
– როგორია ის ქალაქი, რომელშიც ცხოვრობ?
– პირველ რიგში, ეს ქალაქი არის ყველას მეგობარი, მეგობარი, რომელიც შეიძლება რაღაც დროის განმავლობაში მიატოვო, მაგრამ რომ დაბრუნდები, იგივე სითბოთი და სიყვარულით ჩაგიხუტებს გულში. ბოლო პერიოდში ქალაქისთვის მტკივნეული საკითხი ურბანული განვითარებაა, ამ კუთხით იმედია, მალე მოგვარდება ქალაქში არსებული სიტუაცია და ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა შევიტანოთ დიდი წვლილი. . .
– მოგვიყევით სტარტაპზე, იდეაზე, რომელსაც ფრთები შეასხით.
–H ჰილ ინ – არის სტარტაპი, რომელიც სტუმარმასპინძლობის სფეროს ფარგლებში განვახორციელეთ და ჩვენ მას „ლაქშერი კემპინგს“ ვეძახით. „ჰილ ინი“ ქედაში, სოფელ დანდალოში, ულამაზესი ბუნების წიაღში მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ძალიან ლამაზი პანორამული ხედებით და საინტერესო დასასვენებელი ადგილებით. სტუმარი რომ ამოდის ჩვენთან, ხედავს, რომ ყველაფერი, რაც გაკეთებულია, გაკეთებულია სიყვარულით და აქვს განცდა, რომ ზუსტად მისი კომფორტული დასვენებისთვისაა ეს ყველაფერი შექმნილი, იმისთვის რომ მან თავი ბედნიერად იგრძნოს. სტუმრების უკუგებას რომ ვღებულობ, ეს მეტ ძალას და მოტივაციას მაძლევს იქაურობის კიდევ უფრო გასალამაზებლად. წინ არაერთი გეგმა გვაქვს, მალე „ჰილ ინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეზე გავაკეთებთ ორ ორსართულიან სახლს, რომელიც დაახლოებით, 20 მეტრზე იქნება თავისი პანორამული ხედებითა და ჭერით. ბევრი ადამიანი მიდგას გვერდით – ჩემი ოჯახი, მეგობრები, რომლებისგანაც მუდმივად ვგრძნობ თანადგომას. ბედნიერებაა, რომ მარტო არ ვარ და ჩემ გვერდით დიდი გუნდია, რომლებიც ზურგს მიმაგრებენ.
– როგორია თქვენი თავისუფალი დრო ?
– იყო დრო, უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა და მას, ძირითადად, წიგნების კითხვას ვუთმობდი. ასევე, მიყვარს ინტელექტუალური თამაშები, რაც თავისუფალი დროის ძალიან ეფექტიანი გამოყენების საშუალებას გაძლევს და თან ინტელექტის ამაღლებას უწყობს ხელს. მიყვარს ფილმების ყურება, ვფიქრობ, რაღაც კუთხით, დროის უკმარისობის ფონზე, წიგნი თითქოს ჩავანაცვლე ფილმით და ვცდილობ, იგივე სახის ინფორმაციის მიღებას.
– როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი წლების შემდეგ?
– პირველ რიგში, წლების შემდეგ მინდა ვიცხოვრო ისეთ გარემოში, რომელიც მინიმუმ, იმაზე უკეთესი იქნება, რაც დღეს არის. საქმე, რომელიც დაწყებული მაქვს, ვფიქრობ, ძალიან პერსპექტიულია და ბევრი საინტერესო მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. ვნახოთ, საქმის პროცესში შეიძლება ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდეს, თუნდაც სხვა მიმართულებით. თუ გინდა რაღაც გააკეთო, აუცილებლად უნდა სცადო, თუ არ გამოვა, იმას მაინც ისწავლი, რატომ არ გამოვიდა და შემდეგისთვის გაითვალისწინებ. აუცილებელია, სწორად გათვალო, დაგეგმო ის საქმე, რომელსაც წამოიწყებ. სწორი დაგეგმვა, საქმისადმი სწორი მიდგომა და (თუ გაგიმართლა) კარგი ბიზნესპარტნიორი – ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია, როცა რაღაცას იწყებ. შეიძლება ახალი ველოსოპედი ვერ შექმნა, მაგრამ დაამატო ახალი დეტალი, რომელიც უფრო სწრაფს გახდის მას, ან უფრო კომფორტულს. შენეული დეტალი უნდა ჩადო და განსხვავებული სიტყვა უნდა თქვა.

