„ჩვენი ვალია, ღირსეული თაობები აღვუზარდოთ ქვეყანას“
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე, სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად, წლების განმავლობაში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნებოდა საქართველოშიც, განათლების სამინისტრო არაერთ მასწავლებელს აჯილდოებდა სხვადასხვა ჯილდოთი, თუმცა წელს, პანდემიის გამო, ყველა ღონისძიება გადაიდო. პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული, ძირითადად, სოციალური ქსელების საშუალებით მიულოცეს.
„მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. წარმატებული ქვეყნის საწინდარი განათლებული მომავალი თაობაა, რაც მასწავლებლების უდიდეს ძალისხმევასა და მუხლჩაუხრელ შრომასთანაა დაკავშირებული. ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ყოველთვის დგახართ ჩვენი ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ახლა, პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში. ამ ურთულეს გამოწვევას პასუხობთ გაათმაგებული შრომით, პასუხისმგებლობითა და სიყვარულით. გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით ფასდაუდებელი საქმიანობისთვის! გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლასა და კიდევ არაერთი წარმატებული მომავალი თაობის აღზრდას! ” – ნათქვამია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
-მინდა, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, მასწავლებლის საერთაშორისო დღე მივულოცო ჩემს კოლეგებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო მასწავლებელი, რომელიც ვალდებული ხარ არა მარტო კონკრეტული საგანი შეასწავლო შენს მოსწავლეს, არამედ ღირსეულ ადამიანად აღზარდო ის, დააფიქრო, შეამეცნო, შეაგრძნობინო ყველაზე მთავარი ღირებულებები. აღზარდო ისე, რომ მან იცოდეს, რა არის სიკეთე, პატრიოტიზმი, თავისუფლება, სამართლიანობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მასწავლებლებო, პროფესიულ დღეს, ჩვენი ვალია, ღირსეული თაობები აღვუზარდოთ ქვეყანას, ბოლომდე გავისიგრძეგანოთ ჩვენი მისია და გვწამდეს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის უპირველესი პრიორიტეტი განათლება და განათლებული ახალგაზრდობაა, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მანანა ქამადაძემ.
გაზეთი „აჭარა“ უერთდება მილოცვებს და წარმატებებს უსურვებს ყველა მასწავლებელს მეტად საპასუხისმგებლო პროფესიულ საქმიანობაში!

