კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი საქართველოში და 416 დადასტურებული შემთხვევა – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების დადასტურებული 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარაში გამოვლინდა. დღეის მონაცემებით, რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობას 474 პაციენტი გადის, მათ შორისაა 16 არასრულწლოვანი და 20 ორსული. არსებული ინფორმაციით, რეანიმაციაში მოთავსებულია 24 პაციენტი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 861 პირი, ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობს 1000-ზე მეტი ადამიანი. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდკლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი, მათგან დღეს მხოლოდ 40 საწოლია თავისუფალი. კოვიდდადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.
საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. ორივე გარდაცვლილი მკურნალობის კურსს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 80 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში 23 სექტემბერს შეიყვანა. პაციენტს ახალი კორონავირუსის პარალელურად პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა. პაციენტს ანამნეზში ასევე აღენიშნებოდა ინსულტი, მყარი ნარჩენი მოვლენებით. რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, იგი 65 წლის ქალია, რომელსაც პნევმონია, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, ფილტვის არტერიის თრომბოელმოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდა. ამავე პაციენტის მდგომარეობაც კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
– გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 355 კოვიდდადებითი პირი გამოჯანმრთელდა. გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 416 შემთხვევა. სამწუხაროდ, გვყავს 2 გარდაცვლილიც – 80 და 65 წლის ქალბატონები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილი იყვნენ რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ყველა გატარებული ღონისძიების მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დღესდღეობით აჭარის რეგიონში კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილია 9 სამედიცინო დაწესებულება და აქ მკურნალობას გადის 474 პირი. ამათგან 16 არასრულწლოვანია, 20 კი ორსული. 24 პაციენტი მკურნალობას რეანიმაციაში გადის. რაც შეეხება კოვიდკარანტინებს, ასეთი 7 სასტუმროა და აქ 861 ინფიცირებული იმყოფება, მათ შორის 70-მდე ბავშვია. ბინაზე მკურნალობას და მეთვალყურეობას დღეისათვის 1000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გადის, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ.
ახალი კორონავირუსის 578 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა – 416, თბილისი – 72, იმერეთი – 44, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 23, ქვემო ქართლი -10, გურია – 8 , სამცხე-ჯავახეთი – 3, კახეთი -1, შიდა ქართლი -1.
ახალი მონაცემებით, საქართველოში ამ ეტაპზე ჯამში 8696 კოვიდინფიცირებულია. გარდაცვლილთა რაოდენობა 54-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 375 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.