„31 ოქტომბრის საღამოს რვა საათზე ივანიშვილი აღმოჩნდება დამარცხებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – დასჯილი და განდევნილი“
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63 –
არაპროგნოზირებადი პოლიტიკური სვლებით, წყევლით და გაუწონასწორებელი გამოთქმებით ცნობილი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე ისევ პარლამენტარობისთვის იბრძვის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეკრული ოპოზიციური ბლოკის პარტიული სიის 41-ე ნომერია პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა სიაში. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებისას, მან „დაბნეული ცხვრები“ უწოდა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს და „პოლიტიკური კიკუს“ მეტსახელი მოიპოვა. ამ შეურაცხყოფას დუმბაძემ აუღელვებელად უპასუხა:
. . პოლიტიკური კიკუ ხელისუფლებაში მიდის. . . კიკუები ბიძინა ივანიშვილთან მოიკითხე, მურუსიძეებში, ზარდიაშვილებში, 2012 წლის 2 ოქტომბერს „ნაციონალებიდან“ რომ ქართულ ოცნებაში გადავიდნენ. მე ფულიდან წავედი შიმშილში. საზოგადოებას აქვს იმის უფლება, რასაც ფიქრობს ის თქვას, ეგ არ არის ჩემთვის პრობლემა”.
ყოფილმა დეპუტატმა, ჯერ კიდევ 2004 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მმართველობას ცუდად დაასრულებდა. მაშინ ის ხელვაჩაურის გამგებელი იყო, სადაც მხოლოდ 18 დღე დაჰყო. ახლაც ამბობს, რომ ზუსტად პროგნოზირებს: “2012 წელს სწორად ვიწყევლებოდი და 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამ არჩევნებს კი ამჯერად ,,ქართული ოცნება” წააგებს და ამას შეეგუეთ. ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დასრულდება ისე, რომ ერთ ადამიანსაც კი თმის ღერი არ ჩამოუვარდება”.
მურმან დუმბაძის პოლიტიკურ ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, იგი ,,პოლიტიკურ გემოვნებას” ხშირად იცვლიდა.
22 წლის განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო, საიდანაც მისი მოსაზრებების გამო გარიცხეს.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ახსოვს, 2011 წლის აქციის შემდეგ, შსს-ს მთავარ სამმართველოში როგორ დაამტვრიეს ფრჩხილები, ამჟამად, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელია.
თუ რატომ დაუბრუნდა საკუთარ ჯალათებს ერთ დროს წამებულად შერაცხული პოლიტიკოსი და რას ფიქრობს მიმდინარე პროცესებზე, ამაზე საუბრობს პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე „აჭარასთან“ ინტერვიუში.
-პარტიული სიის 41-ე ნომრად წარგადგინეს პარლამენტარობის კანდიდატად, რამდენად გაქვთ იმედი, რომ რიგი მოგიწევთ?
-მე ვარ 41 ნომერი 41-ის წინააღმდეგ. ამ ნომრით გამოვდიოდი 2012-ის არჩევნებზე, რომელიც მაშინ მოვიგეთ და ახლაც დარწმუნებული ვარ – აუცილებლად მოვიგებ.
-ყველას კარგად გვახსოვს თქვენი წამება, თავის დროზე საზოგადოების დიდი აღშფოთება რომ გამოიწვია. რა მოხდა ახლა, რატომ დაუბრუნდით იმ პარტიას, რომელმაც ასე გაგწირათ?
-მე კონფლიქტი მქონდა ხელისუფლებასთან და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
-ვინ იყო მაშინ ხელისუფლებაში?
-„ნაციონალური მოძრაობა“ იყო, მაგრამ ეს სხვადასხვა მცნებაა. მე კონფლიქტი „აღორძინებასთანაც“ მქონდა, მაგრამ 2012 წელს მის ყოფილ წევრებთან ერთად ვებრძოდით არსებულ რეჟიმს.მე პიროვნებებს და კონკრეტულ პარტიებს არ ვებრძვი, ვებრძვი სისტემას, სახელისუფლებო მოწყობას და თავად ხელისუფლებას, თუკი რამეს აშავებს.
-რა დააშავა „ქართულმა ოცნებამ“, ამჯერად ვის ებრძვით და რატომ?
-მე ვებრძვი ბიძინა ივანიშვილს, რადგან 2012 წლიდან მოყოლებული, მან „გადააგდო“ ქართველი ხალხი, არ შეასრულა არცერთი დაპირება, რომელიც გასცა როგორც წერილობით, ანუ პროგრამის სახით, ასევე – ზეპირად. ის ჰპირდებოდა ამომრჩევლებს როგორც ეკონომიკურად ძლიერ, გამართულ სახელმწიფოს, ისე – დემოკრატიის განვითარებას, მაგრამ არაფერი გაუკეთებია ფულის მეტი. მან დაიწყო ქვეყნის მართვა იმ ადამიანების მეშვეობით, რომელთაც ქვეყანა არასოდეს აინტერესებდათ. 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნები მოიგო სხვა პიროვნებებთან ერთად, ხოლო უკვე 2 ოქტომბრიდან, ხელისუფლებაში მოიყვანა სულ სხვა ხალხი. ამ პროცესებთან დაკავშირებით, ჩემი უკმაყოფილება არ დავმალე, რის გამოც გამრიცხეს პარტიიდან და მალე გადავედი ოპოზიციაში.
-თქვენ მიგაჩნიათ, რომ უსამართლოდ გაგრიცხეს?
-უსამართლოდ? არა. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ იქცეოდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მისი ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე.
-რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მცდელობა? თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა ხდებოდა მისი მმართველობის წლებში საქართველოში.
-მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და საერთოდ, იმის მომხრე ვარ, არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც რაღაც წლებში ქვეყანას მართავს, არ უნდა გარბოდეს აქედან, როგორც კი წააგებს არჩევნებს. ჩვენ ეს უკვე წესად გვექცა. ყოფილი პირველი პირის ქვეყნიდან გაძევებას და მოქალაქეობის ჩამორთმევას თავი უნდა დავანებოთ. ასე გავაკეთეთ ზვიადთან მიმართებაში, იგივეს ვაპირებდით შევარდნაძის მიმართაც, მაგრამ კიდევ კარგი, რომ არ გავაკეთეთ. იგივე მოხდა ასლან აბაშიძის განდევნითაც. იგივეს დავაპირებთ, ბიძინა ივანიშვილი რომ წავა პოლიტიკიდან, მაგრამ მე ამის სასტიკი წინააღმდეგი ვიქნები. არ შეიძლება კონკრეტულ პიროვნებებზე ჯოხის გადატეხა, ეს საოცრად არადემოკრატიულია, ქვეყნის სირცხვილია. მმართველი პარტიის არჩევნებში დამარცხება არ უნდა გახდეს პიროვნებების საქართველოდან გაძევების თუ გაქცევის მიზეზი. ნებისმიერ ყოფილ პოლიტიკოსს აქვს უფლება იღვაწოს საკუთარ სამშობლოში. ამ შემთხვევაში ამას ვამბობ მიხეილ სააკაშვილზე. მას ყველაზე მეტად დევნიან სამართლებრივად. სატელევიზიო გადაცემებით ათასგვარ ცილისწამებას აჟღერებენ, ათას რამეს უგონებენ, ყველანაირად ზღუდავენ. არ ვარგა ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, ქვეყნის ყოფილი ლიდერების გაძევება ქვეყნიდან.
-დანარჩენი ლიდერები ქვეყნიდან გავიდოდნენ თუ არა, მშვიდდებოდნენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილს სამართლებრივად დევნიან. თან ახლაც იბრძვის ქვეყნის მმართველობის ხელში ჩასაგდებად, მით უმეტეს, რომ საკმაოდ არაადეკვატური ქმედებებითაა ცნობილი. . .
-არაადეკვატური ქმედებები აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ მას ამისთვის მოქალაქეობას არ ართმევენ და ქვეყნიდან არ დევნიან. მოქალაქეობის ჩამორთმევა კატეგორიულად დაუშვებელია. უნდა შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც უფალმა გააჩინა, უნდა ჰქონდეს მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობა.
-ბატონო მურმან, მოდით განვიხილოთ, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ კარგი და რა – ცუდი, რამაც თქვენი ასეთი აღშფოთება გამოიწვია?
-2012 წლის 1 ოქტომბრის საღამოს 8 საათამდე გააკეთა კარგი, რომ არსებული ხელისუფლება შეცვალა. ამაში უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ოცნებას“, რისი თვითმხილველიც თავად გახლავართ. ამის შემდეგ არ მახსენდება არც ეკონომიკის, არც პოლიტიკური რეფორმების თუ სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით გაკეთებული რამე ღირებული. სწორედ ამიტომ გადავუდექი ამ პარტიას, საიდანაც გამრიცხეს კიდეც და აქამდე ვდგავარ ოპოზიციაში. აქვე ვაცხადებ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საღამოს რვა საათზე ივანიშვილი აღმოჩნდება დამარცხებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – დასჯილი და განდევნილი. ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მოგვიწევს თანაარსებობა დამარცხებულთანაც.
-თქვენ გამოაცხადეთ, რომ ვანო მერაბიშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. . .
-კი, ასე მიმაჩნია, რადგან მან მოიხადა შვიდწლიანი სასჯელი, რაც მიუსაჯა ქართულმა მართლმსაჯულებამ და ცხადია, უფლება აქვს დაბრუნდეს იქ, სადაც მოისურვებს. მერაბიშვილი უკვე საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეა და არავის აქვს მისი გაკიცხვის საფუძველი.
-ძალიან ლოიალური გახდით, ბატონო მურმან, წლების წინ აგრესიულობით გამოირჩეოდით. . არ ინდობდით არავის, ვინც თქვენს შეხედულებას არ იზიარებდა. ახლა სააკაშვილის და ივანიშვილის მიმართაც შემწყნარებელი ხართ.
-ადრეც ასეთი ვიყავი. წაქცეულის ბოლომდე ჩაწიხლვის წინააღმდეგი ვარ, არ არის ეს კაცური საქციელი. რაც შეეხება მერაბიშვილს, დემოკრატიის ანი და ბანია – ერთხელ ჩადენილი დანაშაულისთვის ადამიანი უნდა დაისაჯოს ერთხელ. როდესაც სასჯელს მოიხდის, აღარ უნდა გაახსენო ძველი ცოდვები.
-ბუბა კიკაბიძე რატომ არჩიეთ პარტიული სიის პირველ ნომრად?
-კიკაბიძე უკვე ხანდაზმული, საქართველოში ცნობილი და პოპულარული ადამიანია. მისმა პირველ ნომრად დასახელებამ რატომ გამოიწვია ასეთ არაჯანსაღი ინტერესი, არ ვიცი. პოლიტიკური პარტიებისთვის საკმაოდ დამახასიათებელი მანევრია სახალხო ავტორიტეტების სიის თავში მოქცევა. ასე აკეთებდა ედუარდ შევარდნაძე, ასლან აბაშიძე. არაფერი გასაკვირი აქ არ ხდება. თავად ბუბა კიკაბიძე რუსეთთან ბრძოლის სიმბოლოც კი არის, რადგან ნამდვილად კარგი რაღაცეები გააკეთა. ეს სტანდარტული მიდგომაა, ასე აკეთებენ რუსეთში, ამერიკაში, საფრანგეთში და ა.შ. სიის პირველ ნომრად ასახელებენ ცნობილ სახეს, რათა ამომრჩევლის ყურადღება მიიქციონ. ასე რომ, ბუბა კიკაბიძის სიის პირველ ნომრად დასახელება ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
თქვენზე პრესაში გაიჟღერა ფრაზამ: „იმ პოლიტიკოსებზე ქორწინდება, რომელსაც მეტი ფული აქვს“
-თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში არსებობს ბიძინა ივანიშვილის პარტიაზე მეტი ფულის მქონე პარტია, თავს დამარცხებულად ვაღიარებ. ხომ მეთანხმებით, რომ ეს აბსურდია?! მე წამოვედი იმ კაცის პოლიტიკიდან, რომელიც ოფიციალური მილიარდერია. ოლიგარქს მოვშორდი და ნაკლებშემოსავლიან პოლიტიკურ გაერთიანებაში მოვედი. რა ლოგიკით მაბრალებენ ფულის სიყვარულს და ფულიანებისადმი ლტოლვას? გაიხსენეთ ისიც, რომ ოპოზიციაში ვიყავი ასლან აბაშიძესთანაც, არადა, არც მას აკლდა ფული. შევარდნაძესთანაც იგივე იყო. ოპოზიციაში წავედი სააკაშვილისგანაც, სწორედ იმიტომ, რომ მილიონებს აკეთდებდნენ მის გარემოცვაში.
-ბატონო მურმან, თქვენ ჯერ მიდიხართ ამ ადამიანებთან, შემდეგ უდგებით ოპოზიციაში, ანუ არასოდეს არავინ მოგწონთ. ახლა პროგნოზირებთ, რომ მალე დასრულდება ივანიშვილის მმართველობა.
-დიახ, ამის პროგრნოზს ვაკეთებ და მერწმუნეთ, გამართლდება ჩემი სიტყვები. ამ მმართველობის პრობლება ფულში კი არა, კორუფციული მმართველობის ჩამოყალიბებაშია. იგივე იყო ასლან აბაშიძის და შევარდნაძის დროს და ნაკლებად – სააკაშვილის პერიოდში, რადგან მან კორუფცია დაამარცხა. ივანიშვილის ბიუროკრატები ამ 8 წელიწადში ისე გამდიდრნენ, რომ ამხელა ქონება არ უნახია არც ერთ წინა ხელისუფლებას.
-როგორ ხსნით ამას, ბიზნესი კარგად ესმის ოლიგარქს და აკვალიანებს თავის გუნდს თუ. . .
-არა, ბიზნესი კი არ გამდიდრდა, არამედ – საჯარო მოხელეები, რომლებიც საშუალო შეძლების იყვნენ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ახლა კი ასეულობით მილიონებს ატრიალებენ.
-ხომ ვერ დაგვისახელებდით რომელიმეს?
-მაგალითად, ფარცხალაძე ან გოგაშვილი. ეს უკანასკნელი სოციალურ დახმარებებს იღებდა, ახლა კი ოფიციალური მილიონერია.
-როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ოცნების სახელისუფლებო სისტემა, საიდანაც აღარ გადახვალთ ოპოზიციაში?
-მინდა ხელისუფლება, რომელსაც არ ექნება გაბერილი შტატები, სადაც ამოიძირკვება კორუფცია, მმართველი პარტია, რომელიც თანასწორ ბრძოლაში დამარცხდება არჩევნების გზით, როდესაც ხელისუფლებაში მოვა მასზე უკეთესი პოლიტიკური ძალა. მთავრობა კონკურენციაში უნდა შედიოდეს ოპოზიციასთან და დაუთმოს სადავეები, თუკი მასზე უკეთესი იქნება. ოპოზიციაში ყოფნისას კი გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე პოზიციაში მოსულმა მთავრობამ. მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციით გაიმართება და განვითარდება ქვეყანა. ყველა ეცდება რეალურის გაკეთებას და არა ცრუ დაპირებების გაცემას, რომელიც მაშინვე ავიწყდებათ, როგორც კი მთავრობაში მოვლენ.სხვათა შორის, სააკაშვილმა აღიარა საკუთარი მარცხი წინა არჩევნებში. ახლა ასე უნდა აღიაროს ბიძინა ივანიშვილმაც და ეს უკვე იქნება პროგრესი, რომელიც სასიკეთოდ წაადგება მთელ ქვეყანას.
-რა გააკეთა თქვენმა პარტიამ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში?
-როგორც პარტიის „ემსახურე საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვაკეთებდი იმას, რაც ევალება ოპოზიციას, ანუ კონკურენციას, პოლიტიკურ ოპონირებას ვუწევდი ხელისუფლებაში მყოფ პარტიებს: „აღორძინებას“, „მოქალაქეთა კავშირს“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“. . . ეს არის და ეს, მეტი არაფერი. ჩემი მოღვაწეობით ვცდილობ მეტი ამომრჩეველი მოვუპოვო პარტიას, რომელსაც აქვს საკუთარი ხედვები, მიზნები, პროგრამა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახორციელებს.
-რას პირდებით ამომრჩეველს?
-იმას, რაც ახლანდელმა მმართველმა პარტიამ ვერ და არ გააკეთა – ვგულისხმობ პოლიტიკური და აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლოს და პროკურატურის სისტემების, ფინანსურ პოლიციის რეფორმებს და ა.შ. აუცილებელია სრულ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, რადგან მაჟორიტარული სისტემა გუშიწინდელი დღეა და არანაირად არ შეესაბამება დღევანდელი საზოგადოების მოთხოვნებს. აუცილებელია ეკონომიკის მთლიანი გარდაქმნა, საგადასახადო სისტემის ძირეული ცვლილება, საბანკო კრედიტების დარეგულირება, სამუშაო ადგილების შექმნა და სხვ. უნდა შევასრულოთ ის დაპირებები, რომელიც თავის დროზე უხვად გასცა ბიძინა ივანიშვილმა და დღეს აღარ ახსოვს. ჩვენს ბლოკს გააჩნია კონკრეტული პროგრამა, რომელიც სპეციალისტების მიერაა შემუშავებული. ვეცდებით, დანაპირები არ დარჩეს ფარატინა ქაღალდზე. უნდა დამკვიდრდეს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც არსებულ ხელისუფალთ, ამისთვის პასუხი უნდა მოეკითხოს.
მოვუწოდებ ქართველებს, 31 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე! ოლიგარქიული მმართველები, რომლებმაც უკიდურეს სიღატაკემდე მიიყვანეს ჩვენი ქვეყანა, მოსახლეობა, დე ფაქტო სახელმწიფო შეიყვანეს ისევ რუსულ ორბიტაზე და კორუფციის ჭაობში ამოგვაყოფინეს თავი – გავუშვათ სახლებში.