„შვილები, სოფელი, სამსახური და შემოქმედება ჩემთვის ერთნაირად ფასობს“
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
ირმა კეკელიძე დღვანის საჯაროს სკოლის პედაგოგია. მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მომავალი თაობის აღზრდის საპატიო საქმეს პოეზიას, ქართულ სიტყვასთან ჭიდილს უხამებს. დღეს იგი ჩვენი სტუარია.
– დღვანი და კარაპეტი მარეთის ხეობის ძირძველი სოფლებია. ჩემი წინაპარი კარაპეტში (ქარაფეთში) საუკუნეების წინათ დამკვიდრდა. ისტორიკოსებს თუ ვერწმუნებით, ქარაფეთში ეკლესია მდგარა. სოფელი აჭარა-შავშეთის ქედის ერთ ქვაბურშია განთავსებული. ქარაფეთის შემოსასვლელში მდებარე კლდე მტრისგან დამცავი ზღუდე ყოფილა. ისიც მოვიკვლიე, რომ ოსმალთა ბატონობის დროს კარაპეტში 30-მდე კომლი სახლობდა და ისინი თურქებისთვის თითქმის მიუწვდომელნი იყვნენ.
- კარაპეტის ისტორიული წარსული თუ აისახა თქვენს შემოქმედებაში?
- შოთა რუსთაველი გვმოძღვრავდა: „ვისთვის კვდები, ვერ მიხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ“. ექვსი დედმამიშვილი – 4 და, 2 ძმა გავიზარდეთ ოჯახში. დედმამიშვილებში ნაბოლარა ვარ. მამა, გვარის ღირსეული წარმომადგენელი, ზურაბ კეკელიძე პროფესიით ელექტრიკოსი, მაგრამ წიგნის დიდი მოყვარული, ადათ-წესების მოყვარული გახლავთ, 88 წელი უკან ჩამოიტოვა. იგი ზამთრის გრძელ ღამეებში შვილებს ირგვლივ შემოგვისხამდა და ნანახ- განცდილს, გამოგონილსა და წაკითხულს შეზავებულად გვიამბობდა. მისი დინჯი, დამაჯერებელი ნაუბარი ახლაც მუზის მასაზრდოებელია. მამისა და უფროსი თაობის კარაპეტელების ნაამბობი ჩემი შემოქმედების წყაროა.
- მათ შორის ხართ, ვისაც მუზა ადრეულ ასაკში აკითხავს?
- ასეა – პირველი ლექსი 12 წლისამ დავწერე. იმ ზაფხულს მემთეურს მაწყვალთის მთაში დამხმარედ გავყევი. იგი ძროხებს რომ ჩამოწველიდა, უმ რძეს სეფერატორში ატარებდა. ამას ხშირად მეც მანდობდა. მემთეურები დილის საქმეს რომ მორჩებოდნენ, თვალს მოატყუებდნენ ხოლმე. ამ დროს მთის სახლში სიჩუმე დაისადგურებდა, წვიმიან ამინდში განსაკუთრებული სიმყუდროვე იდგა. . . დარში კი ეზოებში გამოდიოდნენ და საუბარს შეჰყვებოდნენ. ანცი და მოუსვენარი გოგო ვიყავი, სხვები რომ ისვენებდნენ, მე რა დამაძინებდა. მახსოვს, სწორედ მთის სახლის სიმყუდროვეში უცებ ლექსთა სტრიქონების წყობა ამოტივტივდა. გონებით ნაკარნახევი ბლოკნოტში გადავიტანე.
- ვინ იყო პირველი ლექსის შემფასებელი?
- მიუხედავად იმისა, რომ დედა, ისევე, როგორც ყოველი ქართველისთვის, ჩემთვისაც უძვირფასესია, რატომღაც პირველი ლექსი მისთვის არ წამიკითხავს. 1 სექტემბრის დადგომას დიდის ამბით ველოდებოდი, რათა მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის წამეკითხინებინა ჩემი ლექსები. პედაგოგის პროფესია რომ ავირჩიე, მისი დამსახურებაა. მან შემიფასა პირველი ლექსი.
- შარშან შუახევში კულტურის ცენტრის ინიციატივით ფესტივალი „ტრადიციების კვალდაკვალ“ გაიმართა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ცნობილი ფოლკლორისტი ნინო ვანიშვილი, პოეტი ეთერ თათარაიძე შედიოდნენ, მაღალი შეფასება მისცა თქვენს ლექსს „საყოფაცხოვრებო“.
- ეს ლექსი ორი ნაწილისაგან შედგება. იგი სოფლის ცხოვრების ანარეკლია, მცირე ფრაგმენტს მოვიტან:
„შულაგერში ფხალი დავრგე,
ბაკათში კი ვფხიკე ყანა,
მოცვებისერ ხბო ავდენე,
ტბათი ვაკეს დავდგი ჭალა“.
ლექსის პირველი ნაწილის დაწერიდან 10 წელი რომ გავიდა, არსებული მდგომარეობა ასე შევაფასე:
„ტრაქტორების დუნდგა არის,
რა მესმის რა დევინახე,
ფარცხი, ჯილღა და გუთანი,
არ მახსოვს ჰა შევინახე“.
ამ ლექსმა მართლაც ყველას მოწონება დაიმსახურა. წაკითხვის შემდეგ ეთერ თათარაიძემ მიხმო და ჩემი შემოქმედებით დაინტერესდა. მთავარი პრიზიც მან გადმომცა. 110-ზე მეტი ლექსის ავტორი ვარ. ბევრი მათგანი შეტანილია კრებულებში „მთის ყვავილი“ და „ჩვენი ხმა“. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით გამოიცა.
- საკუთარი პოეტური კრებულის გამოცემაზე არ გიფიქრიათ?
- 1999 წელს დღვანელ ბონდო ფუტკარაძესთან ერთად ოჯახი შევქმენი. ქალ-ვაჟი გავზარდეთ. ანა სტუდენტია, მიხეილი კი აბიტურიენტი. შვილები, სოფელი, სამსახური და შემოქმედება ჩემთვის ერთნაირად ფასობს, მაგრამ კრებულის გამოცემას თანხა და დრო სჭირდება. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებს რომ მოვრჩი და უფროსი მასწავლებლის წოდება დავიმსახურე, წამყვანი მასწავლებლის წოდების მოპოვებაზე დავიწყე ზრუნვა. მომზადებას იმდენი დრო მიაქვს, წიგნის გამოცემაზე ფიქრის დროც არ მრჩება. ისე, გამოცემისთვის საჭირო თანხას დღვანელი და კარაპეტელი, ასევე, მარეთის ხეობელი ბიზნესმენები, რეგისტრირებული კავშირის „მარეთის“ საქველმოქმედო ფონდ „შუბანის“ ხელმძღვანელებიც მპირდებიან.
- მარეთის ხეობაში, თუნდაც შუახევის მუნიციპალიტეტში პირველი ქალი ხართ, რომელიც პოეტური კრებულის გამოცემაზე თადარიგს იჭერთ, ალბათ გეამაყებათ?
- ამპარტავნება, შური და ბოროტება ჩემგან შორსაა. ჯერ კიდევ მაწყვალთის საშუალო სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩემი უსაყვარლესი ლექტორის, შემდგომში პროფესორ შუშანა ფუტკარაძის წიგნი „ჩვენებურების ქართული“ გამოიცა. ის მარეთის ხეობასა და შუახევში პირველი ქალია, რომელმაც ფილოლოგიაში საკუთარი წვლილი შეიტანა და პროფესორის წოდებამდე ამაღლდა. უფლის ნებით, კეთილი, ქველმოქმედი ადამიანების თანადგომით, მეძლევა შანსი, ვიყო პირველი ქალი, რომელიც ლექსების კრებულის გამოცემით გაბედულ ნაბიჯს გადადგამს ეროვნული მწერლობის სიმაღლეების დასაპყრობად.
- სიტყვასთან ჭიდილს, პედაგოგიურ და საოჯახო საქმიანობას ერთმანეთს როგორ უხამებთ, ალბათ იუმორი და კოლეგიალურობა გეხმარებათ?
- იუმორის მოყვარულ ნოდარ და თამაზ ფუტკარაძეებთან ერთად რომ იმუშავებ, იმ სკოლაში ჩაატარებ გაკვეთილს, სადაც ნოდარ, ვახტანგ, გენადი, შაქრო, არჩილ ფუტკარაძეების, თამარ ტაკიძის მსგავსი პედაგოგები ასწავლიდნენ, უფლება არ გაქვს, მაქსიმალური არ გააკეთო, ერთ ადგილზე ტკეპნა სასიკეთოს არაფერს მოგიტანს. დღვანი ცნობილი პიროვნებების სოფელია.