მთიან აჭარას ევროპული დონის ველობილიკი ექნება
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
მთიან აჭარაში პირველი ევროპული დონის სამთო ველობილიკის მოსაწყობად მუშაობა დაიწყო. 6-კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დაკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად , ე.წ. “დაუნ ჰილ”-ის – ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება.
ველობილიკის ინფრასტრუქტურის პროექტზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, რომლებიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ველობილიკის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნენ.
-ეს იქნება პირველი ევროპული დონის სამთო ველობილიკი აჭარაში, რომელიც გათვლილი იქნება როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ველოსიპედისტებზე. ველობილიკი გადის ულამაზეს ტყეში და სრულებით იზოლირებულია სატრანსპორტო გზისგან, რაც ხელს შეუწყობს ველომრბოლელებს, ისიამოვნონ ულამაზესი ბუნებით. სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობისას ვგეგმავთ მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების, ველო და ავტოპარკინგის, სასმელი წყლის პუნქტებისა და საპირფარეშოების გაკეთებას, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარით აღჭურვას, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.
აღსანიშნავია, რომ სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს. უცხოელი ექსპერტი ჯეიმს დი კი აცხადებს, რომ ეს ადგილები შესანიშნავია შესაბამისი ბილიკების მოსაწყობად.
-მარშრუტის დათვალიერების შედეგად დავრწმუნდი, რომ ეს ადგილები შესანიშნავია შესაბამისი ბილიკების მოსაწყობად მთის ბაიკინგის მოყვარულებისათვის და არა მხოლოდ მათთვის. ამ ადგილებს შეგიძლია ეწვიო ოჯახთან ერთად, წამოიყვანო ბავშვებიც. აქ ულამაზესი ტყე და ფანტასტიკური ჰაერია. ეს მცირე ჩამონათვალია იმ უპირატესობებისა, რაც პროექტს აქვს. ვინაიდან ეს ადგილი არც თუ ისე შორსაა ბათუმიდან, იგი ხელსაყრელი იქნება ადგილობრივებისთვის. მთავარ ველობილიკთან ერთად, ასევე, ვაკეთებთ ექსტრემალურ ბილიკსაც, უფრო გამოცდილი ველომრბოლელებისთვის. რადგან ტურიზმის ბიზნესში ვართ, ჩვენი გადმოსახედიდან, ეს ყველაფერი უცხოელი კლიენტების ინტერესსაც გამოიწვევს. ასე რომ, ამ პროექტს დიდი პოტენციალი აქვს, – განაცხადა ექსპერტმა ჯეიმს დიმ.