სად იცხოვრებს ობლად დარჩენილი ხელვაჩაურელი გოგონა?
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში ძლიერი წვიმის გამო მეწყერი პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით ჩამოწვა და 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. განადგურდა საცხოვრებელი სახლი, სადაც სამი ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩა მხოლოდ 12 წლის ბავშვი, რომელიც იმ მომენტში ბებიასთან იმყოფებოდა. მშობლებისა და ძმის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ თიკო თედორაძე ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი სახლის გარეშეც დარჩა. საქველმოქმედო ორგანიზაცია „კეთილსოფელის“ დამფუძნებელმა, ქველმოქმედმა მანანა (ნანა) სარიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მარტოდ დარჩენილ 12 წლის თიკოს მისი ორგანიზაცია საჩუქრად საცხოვრებელ ბინას გადასცემს.
„კეთილსოფელის“ გადაწყვეტლებით, ჯოჭოში, მეწყერში მოყოლილი თედორაძეების მეექვსეკლასელ გოგონას, თიკო თედორაძეს, გადავცემთ ბინას და გახდება „კეთილსოფელის“ დიდი, ოჯახის წევრი“, – წერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მანანა სარიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ბათუმში ხუთსართულიანი კორპუსი სხალთის ქუჩაზე შენდება. კორპუსში საცხოვრებელი ბინების გარდა განთავსდება სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ პირთათვის და დღის ცენტრი აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის. თიკო თედორაძეს ამ კორპუსში გარემონტებულ ბინას მშენებლობის დასრულების შემდეგ გადასცემაენ.
– ბათუმში, სხალთის მეორე ჩიხის #5-ში ხუთსართულიანი, 540კვმ ფართობის კორპუსი, „სიკეთის სახლი“, შენდება. ჩვენი მიზანია 20-მდე ოჯახს გადავცეთ ბინები, ვისაც ჰყავს შშმ პირი და არის უსახლკარო. თუმცა, მეწყერსაშიშ ზონაში, როცა ტრაგედია დაგვატყდა თავს და დაიხოცა მთელი ოჯახი, პატარა გოგონა უსახლკაროდ დარჩა. . . მიუხედავად იმისა, რომ პროფილს ავცდით, მივიღე გადაწყვეტილება, საჯაროდ მეთქვა, რომ ამ ბავშვისთვის საჩუქრად ბინა გადამეცა. ამჟამად კორპუსი მშენებლობის პროცესშია, ოთხი სართული უკვე აშენებულია. აქ არ იქნება მხოლოდ საცხოვრისი, აქ იქნება აუტისტური სპექტრის ბავშვების დღის ცენტრი, რომელიც აჭარაში დღესდღეობით არ გვაქვს და მშობლებს მათი თბილისში ტარება, რიგებში დგომა და წვალება უწევთ. აგრეთვე იხსნება სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც შშმ პირებზე იქნება მორგებული. სურვილი გვაქვს ბათუმში შინდლერის აკადემიის ფილიალიც გავხსნათ, რომელსაც სათავეში შშმ პირი, აქტიური და ძალიან განათლებული ქალბატონი, ეტლით მოსარგებლე ნინო ნოღაიდელი ჩაუდგება. მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ფაქტობრივად, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ვიდრე საბოლოო შედეგამდე მივალთ, მანამდე შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი. სავარაუდოდ, ლოტოტრონის პრინციპით მოხდება ამ ადამიანებზე ბინების გადაცემა, რადგან ძალიან ბევრი შშმ პირია. მზად ვარ, ყველა რეგიონში ავაშენოთ „სიკეთის სახლი“. ვფიქრობ, თუ ადამიანს სიკეთის კეთება უნდა, ეს მარტივია. მთავარია, სურვილი ჰქონდეს. მაბედნიერებს ჩემი პროექტი, მაბედნიერებს იმით, რომ პატარა, მცირე აგურს დავდებ ამ საქმეში, რაღაცით მაინც დავეხმარები ჩემს ქალაქს და თანაქალაქელებს. ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა ჩემმა ნაბიჯმა თიკო თედორაძესთან მიმართებაში. ბინის გადაცემის ფაქტი ბევრმა ადამიანმა აიტაცა და ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ადამიანებს სხვისი სიხარული ახარებთ. მინდა აღვნიშნო, რომ პატრიარქთან შეხვედრაზე გახლდით. უწმინდესმა ოფიციალური წერილი გადმომცა, ამ შემთხვევას უპრეცედენტო უწოდა, აკურთხა და დალოცა ყველა ის ადამიანი, ვინც გვერდში დაგვიდგება. მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის მთავრობა ყოველთვის გვერდში გვიდგას. ასევე, თუკი რამ დღეს გაკეთებულია კორპუსის მშენებლობაში (რკინა-არმატურას რაც ეხება), კომპანია „მეტროს“ და მისი დამფუძნებლის გალიფ ოზთურქის დამსახურებაა. გვერდში გვიდგას კომპანია „რეალ პალასი“ და მისი დამფუძნებელი ბატონი თამაზ ბექაია, რომელთან ერთად არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება ჩავატარეთ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურა პატარაძეს, დღეს ის სრულუფლებიანი ელჩია აზერბაიჯანში და მისი შუამდგომლობით, „სოკარ ჯორჯია გაზმა“ მთელი მშენებლობის გაზიფიცირება გვაჩუქა. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელი ის, რაც შევძელი. სავარაუდოდ, ერთი წელი დაგვჭირდება, კორპუსის ბოლომდე შეკვრისთვის და თიკო თედორაძეს გარემონტებული ბინა მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაეცემა. ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერია გარდა იმისა, რომ აკეთო სიკეთე! – გვითხრა მანანა სარიშვილმა