259 ახალი კოვიდინფიცირებული – აჭარაში
„დღეს ახალი კორონავირუსის უფრო ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ვიდრე გვქონდა“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 259 შემთხვევა დაფიქსირდა, 280 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. რეგიონში კოვიდ-19-ით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილია 65 წლის ქალი და 70 წლის მამაკაცი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა. ქალბატონს ვირუსთან ერთად, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა აღენიშნებოდა, მამაკაცს კი – თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი. ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ცეროზი. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 472 პაციენტი მკურნალობს, აქედან 15 არასრულწლოვანია, 20 კი ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში 23 პაციენტია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, თავისუფალი საწოლების რაოდენობა 53-ს შეადგენს. ამჟამად კოვიდსასტუმროებში 886 პირი იმყოფება, აქედან 92 არასრულწლოვანია. აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი ადამიანი მკურნალბს, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
– გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 280 კოვიდპაციენტი. გამოვლენილია ახალი კორონავირუსის კიდევ 259 შემთხვევა. სამწუხაროდ, გვყავს 2 გარდაცვლილი: 65 წლის ქალბატონი და 70 წლის მამაკაცი, რომელთა მდგომარეობა კლინიკაში შესვლისთანავე რთულად შეფასდა. ყველა გატარებული ღონისძიების მიუხედავად, მატი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში იმყოფებოდა. დღეისთვის კოვიდკლინიკებში მკურნალობას გადის 472 პაციენტი, მათ შორის 15 ბავშვია, 20 კი ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია 23 პაციენტი. რაც შეეხება კოვიდსასტუმროებს, 886 კოვიდინფიცირებული იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მათ შორის 92 ბავშვია. ბინაზე მკურნალობას აგრძელებს და ონლაინმეთვალყურეობის ქვეშ არის 1000-მდე ინფიცირებული. დღეს ახალი კორონავირუსის უფრო ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ვიდრე გვქონდა. ახალი ინფიცირებულები აქამდე გამოვლენილი კოვიდდადებითი პაციენტების ახლო კონტაქტში მყოფი პირები არიან. მინდა მოვუწოდო ყველა ასეთ პირს, რომ აუცილებლად დარჩნენ იზოლაციაში და თუკი მათ ჩივილი გამოუვლინდებათ, აუცილებლად მიმართონ 112-ს. მათ პისიარ კვლევა ჩაუტარდებათ და გაუწევენ შესაბამის დახმარებას. რაც შეეხება საწოლფონდებს, დღეისათვის მათი რაოდენობა საკმარისია, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ.