მალე აჭარაში სკოლებისა და ბაღების დაწყების თარიღი ცნობილი გახდება
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
დღეს ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 190 – აჭარაში. ამ მონაცემებით, ჩვენს რეგიონში საგრძნობლად შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა.
– აჭარაში ეპიდემია სტაბილურად იმართება და ამაზე მეტყველებს ინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება, – ეს განცხადება აჭარაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა. მისივე თქმით, რეგიონში დღეის მონაცემებით, 250 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში კი 3000 -ზე მეტმა პირმა შეძლო ვირუსთან გამკლავება.
– მინდა გითხრათ, რომ აჭარის რეგიონში ეპიდვითარება ყოველდღიურად სტაბილურდება, რაზეც ინფიცირების ახალი შემთხვევები მეტყველებს. გვაქვს თანმიმდევრული კლება და ამის პარალელურად მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებულთა ყოველდღიური რაოდენობა. დღეს რეგიონში უკვე 250 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და ჯამში 3000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო ვირუსის დამარცხება. ბოლო 2 დღის განმავლობაში აჭარაში 2 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დავუბრუნდით როგორც ტესტის აღების, ასევე კონკრეტულ მოქალაქეზე პასუხის მიწოდების 24-საათიან რეჟიმს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის რისკჯგუფები, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში და გერიატრიაში იყო გამოვლენილი. მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ და თავშესაფარს დაუბრუნდნენ. ჩვენ მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა, რაც მობილობის მაქსიმალურად შემცირებას ითვალისწინებდა, განსაკუთრებით ქალაქ ბათუმში, უკვე შესაბამისი შედეგები გამოიღო. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემია დასტაბილურდა, ზოგადად, ყოველდღიურ რეჟიმში ვახერხებთ, გვქონდეს 100-ზე მეტი თავისუფალი საწოლი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დღის წესრიგში დადგეს ამ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, პირველ რიგში მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება. ასევე, დაზუსტდება სკოლებისა და ბაღების განახლების თარიღებიც.
– დღის წესრიგში დგას შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების გეგმა, რომელზეც უფრო დეტალურად შემდეგ კვირაში ვისაუბრებთ. პირველი, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება. საკითხი აქტიურად განიხილება. რამდენიმე დღეში საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ გეგმას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ უამრავი მშობელი ელოდება სკოლების და ბაღების განახლებას. ეს ყველაფერი იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი. ეპიდემიის მართვასთან ერთად, აბსოლუტურად ბოლომდე გვესმის, რომ ეს შეზღუდვები მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის უამრავ მოქალაქეს. ჩვენ ყოველდღიურად ვაანალიზებთ არსებულ ეპიდვითარებას და როგორც უკვე გითხარით, ეს საკითხი აქტიურად დგას დღის წესრიგში. შემდეგ კვირას კონკრეტული თარიღებით ვისაუბრებთ, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

