როგორ გააკეთა ყველასთვის საყვარელი გადაცემა „თვითნასწავლმა ეთნოგრაფმა“, „ბებიებისა და ბაბუების საყვარელმა ჟურნალისტმა“, გოგონამ, რომელსაც სოფელი ძალიან უყვარს?
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში გადაცემა „ერთი დღე სოფელში“ მერვე წელია გადის და ამ ხნის განმავლობაში პოპულარობას არ კარგავს. შარშან პროექტი -საუკეთესოდ, ხოლო მისი წამყვანი ნათია თავდგირიძე აჭარის ტელევიზიის სახედ აღიარეს. გადაცემას ასობით ერთგული მაყურებელი ჰყავს, რომელიც მას ყოველ შაბათს, 22.00 საათზე მოუთმენლად ელოდება. როგორ ჩაეყარა გადაცემას საფუძველი? რაშია მისი პოპულარობის საიდუმლო? ამაზე გაზეთ „აჭარის“ დღევანდელი სტუმარი, ჟურნალისტი ნათია თავდგირიძე თავად გვესაუბრება, თუმცა მანამდე მასზე მცირე ბიოგრაფიულ ცნობებსაც მოგაწვდით.
აჭარის ტელევიზიაში მოღვაწეობა „დილის ტალღიდან“ დაიწყო, სადაც თავდაპირველად, შემოქმედებითი სიუჟეტების მომზადება ევალებოდა. ორი წლის შემდეგ გაჩნდა იმ საავტორო გადაცემის იდეა, რომელსაც დღეს უძღვება.
დაამთავრა ბათუმის სკოლა-ლიცეუმი „ევრო-2000“, შემდეგ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მეოთხე კურსიდან სტაჟირებას გადიოდა ტელევიზიაში. ყოველთვის აქტიური, ფუსფუსა ჟურნალისტი გახლდათ, რომელიც მუდამ სიახლის ძიებაშია, მოსწონს ადამიანებთან ურთიერთობა, გადაღებები. ბაკალავრიატის შემდეგ მაგისტრატურა ამავე სპეციალობით დაამთავრა. სამომავლოდ, სურს დოქტორანტურაც გაიაროს, საბოლოოდ კი მშობლიურ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკაში ლექციების კითხვის დიდი სურვილი აქვს.
ბავშვობიდან ცდილობდა, გამორჩეული ყოფილიყო – კონცერტების გამართვა, გაკვეთილების „ჩატარება“, მისი ბავშვური ცხოვრების ყოველდღიურობა იყო. გამოირჩეოდა თამამი, მებრძოლი ხასიათით, რაც მის მომავალ პროფესიას ნამდვილად სჭირდებოდა. ჟურნალისტიკა მისი მოწოდება გახდა.
„დილის ტალღაში“ პირველი სიუჟეტები ყოველთვის ვრცელი გამოსდიოდა, რადგან სურდა უფრო ფართოდ წარმოეჩინა ამა თუ იმ სოფლის ისტორია, მისი სიძველეები. ტელევიზიაში მუდამ საყვედურობდნენ, ეუბნებოდნენ, რომ სიუჟეტი უფრო პატარა უნდა ყოფილიყო, ვიდრე გადაცემა. ამბობს, რომ გადაღებული მასალის შემცირების გამო უტირია კიდეც, რადგან მასში მთელ გულს დებდა. ისიც იცოდა, რომ უფროსი კოლეგები მერაბ წულუკიძე და გიორგი მურვანიძე სწორ შენიშვნებს აძლევდნენ.
მოგვიანებით, როცა აჭარის ტელევიზიაში სოფლის შესახებ სიუჟეტების მომზადების საკითხი დადგა, ხელმძღვანელობამ ეს თემა მას მიანდო. უკვე იცოდნენ, როგორ მოსწონდა სოფელში ხეტიალი, იქაური ცხოვრებისა თუ ისტორიის აღწერა. შეთავაზებას, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დასთანხმდა. ამჟამად „ერთი დღე სოფელში“ ათასობით ოჯახს სტუმრობს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც საზმაუწყებლის გადაცემებს იღებენ.
ნათია თავდგირიძე ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, მას სოფელი საერთოდ არა აქვს. ამბობს, რომ სანამ გადაცემაზე მუშაობას დაიწყებდა, ხელვაჩაურს იქით ნამყოფიც არ იყო. შესაძლოა, მისი განსაკუთრებული ინტერესი სოფლისადმი მისი არქონის ერთგვარი კომპენსაციაცაა. აკი ამბობს, სხვა ბავშვები ზაფხულობით სოფელში რომ მიემგზავრებოდნენ, გული ძალიან წყდებოდა. . .
გადაცემაზე ფიქრის დროს გადაწყვიტა, ისეთი უნდა მოემზდებინა, რომელსაც თავადაც სიამოვნებით ნახავდა და 23 წლის გოგომ მოიკიდა ზურგჩანთა და სოფლის აღმართებს აუყვა.
პირველი გადაცემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უძველეს სოფელს – მარადიდს მიუძღვნა და ისეთი შემართებით შეუდგა საქმეს, რომ სოფელში, ოპერატორ ნიკოლოზ კაჭარავასთან ერთად, დილის 5 საათზე გაემგზავრა. პირველივე გადაცემის წარმატებას სწორედ პირველ ოპერატორს უმადლის, რომელმაც ამისთვის ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთა. ჰქონიათ შემთხვევა, როცა გადაღებული მასალა წაშლიათ და ერთსა და იმავე სოფელზე გადაცემა ხელმეორედ გადაუღიათ. ყველაფერს საქმის სიყვარული აკეთებინებდათ. მეორე გადაცემა სოფელ მერისს მიუძღვნეს, მერე – სხვას და ასე. . . არ ეგონა, თუ გადაცემა ასე მოიხვეჭდა სახელს. ნათია სოფლის ისტორიებსაც თავად მოიძიებდა. სურდა, რომ გადაცემის დროს წამყვანი მაყურებელთანაც და სოფლის მკვიდრებთანაც მაქსიმალურად კომუნიკაბელური და უშუალო ყოფილიყო. ამბობს, რომ თავიდან ეღიმებოდათ, როცა გადაცემას „გამარჯობა, ბებოთი“ იწყებდა, თუმცა დღეს ყველა კმაყოფილია და მასაც უხარია, რომ „ერთი დღე სოფელში“ ცოცხალი გადაცემაა და უკვე ორი თუ სამი გამოშვების შემდეგ მისით ყველა დაინტერესდა. უგზავნიდნენ წერილებს, აკითხავდნენ, თავიანთ სოფლებში ეპატიჟებოდნენ, რაც მისთვის დიდი სტიმული გახდა. თითო გადაცემისთვის 30-40 წუთია განკუთვნილი, მაგრამ მაყურებელს ეს დრო მაინც ეცოტავება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გადაცემა მოსწონთ.
– ნათია, ათეულობით გადაცემიდან შენთვის ყველაზე გამორჩეული რომელია?
– მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი სოფელი მოვიარეთ. ფეხითაც ბევრი გვივლია, უამინდობაშიც, თოვლშიც. . . ახალი დაწყებული გვქონდა გადაცემის გადაღება, როცა შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ კვიახიძეებს ვეწვიეთ. თოვლი იყო. ერთმა ფაქტმა გამაოცა. მითხრეს, რომ 84 წლის ბებომ ჩემ სანახავად კილომეტრები გამოიარა. იმ დღეს დანიშნულების ადგილზე თითქმის მთელი სოფელი დამხვდა. ამან რატომღაც ფილმი „ფესვები“ გამახსენა. . . მათთვის ეკრანიდან ჩამოსული გოგო ვიყავი, რომლის გაცნობაც სურდათ. დღემდე ყველგან აი, ასეთ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. ვიცი, რომ ყველგან სასურველი სტუმარი ვარ და ნებისმიერი ოჯახი მიმიღებს, რაც ძალიან მახარებს.
– შენ უკვე გასცდი აჭარის საზღვრებს და საქართველოს არაერთ რეგიონს სტუმრობ.
– მეკითხებიან, აჭარის რამდენ სოფელში ვიყავი, ამოვწურე თუ არა. აჭარაში 300-ზე მეტი სოფელია და მათგან 70 პროცენტში ერთი დღე გავატარე. შეიძლება ითქვას, თვითნასწავლი ეთნოგრაფი გავხდი. იმ სოფლებზე, რომლებსაც ვსტუმრობდი, გარკვეული წარმოდგენა შემექმნა. ვიცი, სად რომელი გვარი ცხოვრობს. ეს ყველაფერი თავისდაუნებურად მოხდა.
– რადგან ეს ყველაფერი გაინტერესებს.
– რა თქმა უნდა, თითოეულ გადაცემაში სულსა და გულს ვდებ. თითოეული რესპონდენტი, თითოეული გავლილი კილომეტრი მიყვარს. არ მეზარება. ვფიქრობ, ნებისმიერ საქმეს უნდა აკეთებდე დაუზარლად, უნდა გიყვარდეს. მიხარია, თუ ეს ეკრანიდან ასე ჩანს. მართლაც გულით ვაკეთებ. . .
– რამდენი დრო გჭირდება გადაცემის გადასაღებად?
– თუ აჭარის მუნიციპალიტეტებში მიწევს გადაღება, უფრო ნაკლები დროით ვრჩები – ერთი ან ორი ღამე, მაგრამ, როცა რეგიონის გარეთ გავდივარ, იქ მეტ ხანს ვყოვნდებით, რადგან უფრო შორი მანძილის გავლა გვიწევს. ამასთან დაკავშირებით ერთ სახალისო მომენტს გავიხსენებ. ჩემს ზურგჩანთას „ერთი დღე სოფელში“ აწერია. ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გადაღებების დროს გამგებელი რომ დავგყვებოდა, ცოტათი დაიღალა და საღამოს ღიმილით მეუბნება: ქალბატონო ნათია, ზურგჩანთას „ერთი დღე“ აწერია და ორ დღეს რატომ რჩებითო (იცოდა, რომ გადაღება მეორე დღეს უნდა გაგვეგრძელებინა)? საერთოდ, ეკრანზე ისე ჩანს, თითქოს იოლადაა გადაღებული, სინამდვილეში ძალიან შრომატევადია. ბევრს ვიღებთ, რათა ყველა ასაკის ადამიანი დავაინტერესოთ. ამ გადაცემას პატარებიც და დიდებიც ერთნაირი ინტერესით ელიან. ბებიებისა და ბაბუების ფავორიტი ჟურნალისტი ვარ, რაც ძალიან მახარებს.
– ამ ხნის განმავლობაში ალბათ ძალიან შეიყვარე სოფელი?
– დიახ, ასეა. თითოეული სოფელი მიყვარს თავისი გამორჩეული ისტორიით. ამასთან მიხარია, რომ ერთ-ერთი პირველი ვარ, რომელმაც ამდენი სოფლის ისტორია მაყურებლამდე მიიტანა. პატარ-პატარა მონათხრობებით ამა თუ იმ სოფლის ისტორიას ვქმნი, თანაც ამ ადგილებს საკუთარი თვალით ვხედავ. გადაცემამ დიდი გამოცდილება შემძინა, ადგილობრივების მონათხრობით ბევრი რამ გავიგე. უკვე ვიცი, რომელ სოფელში რა არის საინტერესო და ღირებული.
– ბევრ საინტერესო ფაქტს იწერ, რომელიც შესაძლოა, სხვაგან არც იყოს ნახსენები, ხომ არ გიფიქრია ამ ჩანაწერების წიგნად გამოცემაზე.
– კი, მინდა აჭარის მაღალმთიანეთის ამბები ისეთივე მარტივი ენით დაიწეროს, როგორითაც მე მიამბობენ. მინდა წიგნი არა მხოლოდ უფროსებისთვის, არამედ მოზარდებისთვის, ბავშვებისთვისაც იყოს საინტერესო, გაიგონ, რა არის ღირსშესანიშნავი ამა თუ იმ სოფელში. ვფიქრობ, სწორედ წიგნი იქნება ამ საავტორო გადაცემის „ფინიში“.
– სად იმოგზაურე აჭარის გარდა?
– საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში და განსაკუთრებულად თუშეთი დამამახსოვრდა, სადაც ორი წლის წინ ვიყავი. მისასვლელად ძალიან რთული, სახიფათო იყო. საერთოდ, ძნელად მისასვლელ ადგილებში სტუმრობა ხშირად გვიწევს. ერთხელ, დამრეც ადგილზე „სტენდაფის“ ჩაწერის დროს გველი ჩამოვარდა. . . გაღიმებულმა გავაგრძელე. . . ისე მებრძოლი, უშიშარი ხასიათი მაქვს. გადაღებებზე სოფელში რომ მიდიხარ, იქ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. როგორც ბებია მასწავლიდა, იქაურ ქუდს „ვირგებ“. სოფლებზე და მის მცხოვრებლებზე გადაცემებმა ძალიან ბევრი დადებითი შემძინა. დამღლელი გზის შემდეგ (ხშირად დღის განმავლობაში კილომეტრებს გავდივართ) გვიანობამდე ვმუშაობ. გადაცემების მომზადების პროცესში მიღებული ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შემიყვარდა სოფელი, იქაურების შრომა დავაფასე. საკუთარი თვალით ვხედავ, სად და როგორ შრომობენ. იქაური ხანდაზმულების მონათხრობი, დარიგებები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
– გადაცემა შესაძლოა, ახლა მხოლოდ შემეცნებით-გასართობია, მაგრამ წლების შემდეგ ის ბევრად საინტერესო გახდება სულ სხვა თვალსაზრისით.
– ჰო, რა თქმა უნდა, წლების შემდეგ შესაძლოა, მათგან რამდენიმე სოფელი გაქრეს კიდეც და ნასოფლარად იქცეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გადაცემა კი მისი შემონახული ისტორია იქნება. მას ალბათ, სიამოვნებით ნახავს ჩვენი მომავალი თაობა, ასევე, ისტორიკოსი, მკვლევარი.
– პანდემიის დროს ბევრი რამ გაჩერდა, შენი გადაცემა?
– მე ხშირად წინსწრებით ვიღებ და ვამონტაჟებ გადაცემებს, რადგანაც მაღალმთიანეთის სოფლები ზამთარში დიდთოვლობის გამო ხშირად იკეტება. ზაფხულში მოვასწარი რამდენიმეს გადაღება და საგანგებო მდგომარეობის დროს უფრო მონტაჟით ვიყავი დაკავებული. ისე, რა თქმა უნდა, კოვიდის გამო, ისე როგორც სხვა საქმეს, ამ გადაცემის მომზადებასაც ეშლება ხელი. ხალხი შეშინებულია, ცდილობ, შენც მოერიდო, ყველაფერი გაითვალისწინო.
– ეს გადაცემა ძალიან პოპულარულია, მაგრამ ხომ არ გაგიჩნდა ახლის გადაღების სურვილი?
– იცით, ეს გადაცემა არ მბეზრდება იმიტომ, რომ სულ ახალ-ახალ ადგილებსა და ადამიანებს წარმოვაჩენ, ანუ სულ სიახლეებთან მაქვს საქმე. ამდენად, ვერ ვიტყვი, რომ ერთსა და იმავეს ვაკეთებ. ნებისმიერი სოფელი ჩემთვის სიახლეა, იქ მცხოვრები თითოეული ადამიანია საინტერესო. სოფლებში ჯერ კიდევ უხარიათ ჩემი ჩასვლა, მელოდებიან. როცა იქ ჩასულს ბებო მეუბნება, რომ მას შაბათს გადაცემა „ერთი დღე სოფელში“ უხალისებს, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. თუმცა ყველა საქმეს აქვს დასაწყისი და დასასრულიც. ოდესმე ეს გადაცემაც დასრულდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ალბათ გავაგრძელებ. არის კიდევ არაერთი სოფელი, რომლის გადაღება საინტერესო იქნება. თანაც სხვადასხვა სოფლიდან მწერენ, რომ მათი ადგილებიც წარმოვაჩინო. მთავარია, ეს სოფელი ისტორიულად საინტერესო იყოს, ადამიანებით, რომლებიც მამა-პაპის ტრადიციების გამგრძელებლები არიან. სხვათა შორის, გადაცემამ ერთგვარი კონკურენცია გააჩინა, ყველას სურს თავისი სოფლის წარმოჩენა. ერთხელ, ტელევიზიის წინ მანქანაში ვიჯექი. ერთი კაცი ფანჯრის მინაზე მიკაკუნებს და მეკითხება, ნათია თავდგირიძე ხომ ხარო? კი-მეთქი. სოფელ ვაიოში რომ იყავი, კვაშტამ რა დაგიშავაო? – ღიმილით მითხრა. მეც ვცდილობ, არავინ დავტოვო გულნატკენი, რადგან ყველასთვის საკუთარი სოფელია განსაკუთრებული. ძალიან ბევრი ემიგრანტი გვიყურებს და წარმოიდგინეთ, როცა მშობლიურ ადგილებს ნახულობს, როგორ განიცდის, როგორ უხარია. მათ „იუთუბზეც“ შეუძლიათ ამ გადაცემის ნახვა. ამიტომ იქიდანაც ბევრი გამოხმაურებაა. გვწერენ, მადლობა, რომ საქართველოში ჩამოუსვლელად გვამოგზაურებთ მონატრებულ ადგილებშიო.
– საიდან გაქვთ ყველაზე მეტი გამოხმაურება?
– თურქეთიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან. გამორჩეულია თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების სითბო. ასეთი ტრადიცია დავნერგეთ, ყოველ გაზაფხულზე ჩავდივართ ინეგოლში, სადაც ოცამდე სოფელში ძალიან ბევრი ჩვენებური ცხოვრობს. ექვსი სოფელი უკვე გადავიღეთ. ბევრი ნათესავიც შევახვედრეთ ერთმანეთს, რაც ძალიან მაბედნიერებს. წელს, სამწუხაროდ, პანდემიამ შეგვიშალა ხელი.
– დაგეგმილიდან რაიმე განახორციელეთ?
– წელს, სანამ საზღვრები ჩაიკეტებოდა, მოვასწარით ესპანეთში მოგზაურობა და ორი იქაური ულამაზესი სოფლის წარმოჩენა. ერთში ავთენტურობა სრულიად შენარჩუნებულია, მეორე კი დონ კიხოტს უკავშირდება. გავაცანით მაყურებელს, თუ როგორ ცხოვრობენ იქ, რას ანიჭებენ უპირატესობას, როგორ უვლიან და აგრძელებენ ტრადიციასა და კულტურას. . . ვფიქრობ, რომ ევროპული სოფლების ცხოვრება ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესოა, ისევე, როგორც მათთვისაა საინტერესო – ჩვენი. ამ გადაცემებით მსურს აჭარა, საქართველო კიდევ უფრო პოპულარული გავხადო, ტურიზმს შევუწყო ხელი, რათა იგი ერთ-ერთი წამყვანი სფერო გახდეს და სოფლის მკვიდრთ ერთგვარი შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ. ამით სოფლების დაცლასაც შევუშლით ხელს. უცხოეთის სოფლებში შესანიშნავად იციან, როგორ მოიზიდონ ტურისტი, როგორ შესთავაზონ მათ ადგილობრივი პროდუქტი, რაც შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის გადაცემა საჭიროა.
– ამდენი ხნის განმავლობაში უამრავი ადგილი გადაიღეთ, ყველაზე ხშირად რომელი გახსენდება?
– მართლაც ძალიან ბევრი სოფელი გადავიღეთ, ყველა თავისებულრად საინტერესო და მიმზიდველია, მაგრამ სულ მახსენდება ხულოს რაიონის სოფელი მანიაკეთი, რომლის გამგებელი თითქმის ყოველ დილით მირეკავდა და მეუბნებოდა: – „მის აჭარა“, როგორ ხარ, როდის ამოდიხარ? და ერთ დღესაც გადავწყვიტეთ გამგზავრება. რა თქმა უნდა, „მანიაკები“ კი არა, შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ ამ ლამაზ სოფელში. დღესაც მახსოვს მაშინდელი ადგილობრივების ემოცია, გაუხარდათ ჩემი ჩასვლა. თითქმის მთელი სოფელი დამხვდა და დამყვებოდა გადაღებებზე, რადგან სურდათ მათი სოფელი მაქსიმალურად კარგად წარმოგვეჩინა. საინტერესო იყო პირველი მთის გადაღება, ეს იყო ჩირუხის მთა. მას შემდეგ ყოველ წელს ვიღებთ მთებს. არაჩვეულებრივია ბათუმთან ყველაზე ახლოს მდებარე მთა ნაკო-ნაღვარი (ქედის რაიონში). იქ ძალიან ბევრი ტურისტი დაგხვდა უცხოეთიდან, მათ შორის ესპანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. . . აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი უცხოელი რესპონდენტი, რომელიც მერისში, სოფელ ნამონასტრევში ცხოვრობს. იგი ავსტრალიიდან ჩამოვიდა. თავდაპირველად, მისი ჩამოსვლის მიზანი ქართული მრავალხმიანობის შეესწავლა იყო, მაგრამ თურმანიძეების ოჯახი იმდენად მოეწონა, რომ იქ დასახლდა და „იქაური“ გახდა. აკეთებს ყველაფერს, რასაც მერისის მცხოვრებნი აკეთებენ. მან შეისწავლა ქართული ენა და აჭარულ დიალექტზე ისე საუბრობს, იქაურებისგან ვერ გაარჩევთ. მისგან უდიდესი პოზიტივი მოდის. ბევრმა გაიცნო იგი ამ გადაცემით. სოფლებში ძალიან ბევრი მუზეუმია, სადაც უძველესი ხელნაკეთი ნივთები ინახება. მათი ჩვენებაც შეუწყობს ხელს ტურისტების მოზიდვას. იქაური კერძებიც დააინტერესებს ტურისტს.
– გათხოვილი ქალისთვის ალბათ არ არის ადვილი გადაღებებზე სიარული?
– მყავს მეუღლე სულხან ლორთქიფანიძე, ფინანსისტი, ქალიშვილი ანი, 11 წლის, სწავლობს ბათუმის #2 საჯარო სკოლაში. სამი თვის იყო, როცა ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა და მას შემდეგ სულ სადღაც ვარ. დამოუკიდებელია, ჩემი მეგობარია, დაქალია. გამგებიანი და ძალიან შრომისმოყვარეა. მეუღლისა და შვილის ხელშეწყობა რომ არა, ნამდვილად გამიჭირდებოდა. მათი მხარში დგომით ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს, თუმცა არის მომენტი, როცა შვილი ჩემს გამგზავრებას აპროტესტებს – არ არის გასაკვირი, უნდა დედა გვერდით ჰყავდეს.
– ნათია, ოჯახში შენს გარდა სხვა ჟურნალისტიცაა?
– მამა – თენგიზ თავდგირიძე, რომელიც, სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა, პროფესიით იურისტი იყო, დედა – ნაირა სტამბოლიშვილი – პედაგოგი, ძმა – ლევანი მეზღვაურია. ჩვენი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შვილებს სათანადო განათლება მიგვეღო. მამა ციხის უფროსი იყო, ყველა იცნობდა. ჩემი დანახვისას ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ, თენგიზის შვილიაო. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი, მოვა დრო და გეტყვიან, რომ შენ ნათიას მამა ხარ-მეთქი და ერთხელ, მართლაც, ასე უთხრეს. რა თქმა უნდა, გაუხარდა. მას ჩემი წარმატების ყოველთვის სჯეროდა, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. მამა დღეს ძალიან მაკლია. მისი ხსოვნა არ მაძლევს უფლებას, ცუდი ვიყო.
– ვინ გეხმარება გადაცემის მომზადებაში?
– ამჟამად პროექტის ოპერატორია ძალიან კარგი ადამიანი რამაზ სურმანიძე, რომელთან ერთადაც ბოლო რამდენიმე წელი ვმუშაობთ. რამაზი ნიჭიერი პროფესიონალია და გადაცემის პოპულარობაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს. შრომისმოყვარეა, უსიტყვოდ ხვდება, რა და როგორ გადაიღოს. მასთან ერთად მუშაობა გიადვილდება. მასთან ერთად მადლობა მინდა გადავუხადო მძღოლ გოჩა შერიფაძეს, მეორე ოპერატორ ვახო თურმანიძეს და მემონტაჟე დავით ჯაყელიძეს, ყველას, ვინც გვერდით გვიდგას, რა თქმა უნდა, ჩემს მაყურებელს, რომელიც მუდამ სტიმულს გვაძლევს. ჩვენი წარმატება ხომ მათი სიყვარულის გამოძახილია.

