ქალთა კლუბი – ქალების გაძლიერებისთვის
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
„სოროპტიმისტ ინტერნაციონალი“ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1921 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ოკლენდში დაფუძნდა. მისი პრიორიტეტი ქალთა უფლებების დაცვა და მათთვის სტატუსის ამაღლებაა. ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალები, რომლებიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მნიშვნელოვან პროექტებსა და აქტიტივობებს ახორციელებენ, რათა დაეხმარონ შეჭირვებულ ოჯახებს, ბავშვებს და იბრძოლონ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა კლუბი „სოროპტიმისტ ინტერნაციონალი“ საქართველოში 1992 წლის 19 სექტემბერს შეიქმნა, რომლის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი გახლავთ აჭარაში, ასევე, „ქართულ-აფხაზური საგას“ დამაარსებელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მწერალი და საპატიო ბათუმელი ნათელა დუმბაძე. ბათუმის ქალთა კლუბი, რომელსაც სულ მალე 30 წელი უსრულდება, ახალი შემართებით აგრძელებს მუშაობას. მასში გაწევრიანების სურვილი არაერთმა ახალგაზრდამ გამოთქვა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და მნიშვნელოვანს ხდის ორგანიზაციის მუშაობას. რა გზა გაიარა ქალთა კლუბმა ჩამოყალიბებიდან დღემდე, რა პროგრამები აქვთ ახალგაზრდებისთვის და როგორია მათი სამომავლო გეგმები – აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბის პირველი პრეზიდენტი ნათელა დუმბაძე, ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები ნერიმან ცინცაძე და მაია სურმანიძე ისაუბრებენ.
ნათელა დუმბაძე: – ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალი“ თითქმის საუკუნეს ითვლის, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალბატონმა სუზან ნოელიმ დააფუძნა. აღნიშნული ორგანიზაციის ძირითადი მიზანი იყო, თავის ირგვლივ შემოეკრიბა მდიდარი ადამიანები, რომლებსაც შესწევდათ უნარი, დახმარებოდნენ ღარიბ ადამიანებს. ორგანიზაციის დაარსებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ქალბატონი სუზანი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და იქ გააგრძელა საქმიანობა. კერძოდ, პარიზში ჩამოაყალიბა ევროპაში პირველი სოროპტიმისტთა კლუბი, საიდანაც დაიწყო ევროპის ძირითადი მასშტაბით ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და დღეს მსოფლიოს 129 ქვეყნიდან მილიონ ნახევარი ქალია მასში გაწევრიანებული. ორგანიზაციის დაარსების დროისათვის ჩვენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით და ბუნებრივია, ამ ორგანიზაციასთან არავითარი შეხება არ გვქონდა. მაგრამ 1991 წელს, მაშინ როდესაც საქართველო გამოეყო საბჭოთა კავშირს და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, მოგვეცა ორგანიზაციასთან დაკავშირების შესაძლებლობა. ბათუმელმა ქალბატონებმა ევროპის ფედერაციას თხოვნის წერილით მივმართეთ. ორგანიზაციამ „სოროპტიმისტ ინტერნაციონალი“ 1991 წლის 21 ივნისს რეგისტრაციაში გაატარა ჩვენი კლუბი ანუ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობა არ იყო აღიარებული. გვეამაყება, რომ პირველმა სწორედ ამ ორგანიზაციამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებელობა. საამაყოა ჩემთვის ზვიად გამსახურდიას სიტყვები ჩვენი ორგაიზაციის მისამართით – „თქვენ ხართ პირველი მერცხლები ევროპულ სტრუქტურაში“. დაარსებიდან დღემდე კლუბს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არაერთი გოგონა საზღვარგარეთ გავუშვით სასწავლებლად. ქალი და ეკონომიკა, ქალი და ჯანმრთელობა, ქალი და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი და ქალთა სტატუსის ამაღლება – ეს არის ხუთი ძირითადი მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ. ქალთა კლუბის ფარგლებში, გადავწყვიტეთ შეგვექმნა „ქართულ-აფხაზური საგა“, ჩვენი მიზანი იყო აჭარაში მცხოვრები აფხაზები აქტიურად ჩაგვერთო სხვადასხვა პროექტში. საქართველოს პატრიარქმა რომ გაიგო აღნიშნული ორგანიზაციის შესახებ, მასთან მიგვიწვია. არასდროს დამავიწყდება მისი სიტყვები – „მიმაჩნია, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების გასაღები აჭარაში დევს, ამ გასაღებს აუცილებლად მიაგნებთ“. აფხაზეთთან მიმართებაში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, ეს ყველაფერი კი საწინდარია იმისა, რომ ქართულ-აფხაზური საგას ქმედითუნარიანობით, სახელმწიფოსა და საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ძალისხმევით, როგორმე შევძლებთ ჩატეხილი ხიდის აღდგენას, ჩვენ ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. ბედნიერი ვარ ჩვენს კლუბში ახალგაზრდების შემოსვლით, სწორედ ახალგაზრდებს შეუძლიათ იმ ურთიერთობების აღდგენა, რაც გვქონდა ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან.
ნერიმან ცინცაძე: – 6 წელია აღნიშნული კლუბის წევრი ვარ, ჩემთვის საინტერესო იყო ის საქმიანობა, რასაც კლუბის ქალბატონები აკეთებდნენ, თუმცა დასაწყისში თითქოს ვერ მივხვდი, რა მიმართულებით ჩავრთულიყავი პროცესებში. ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა მაშინ, როცა კლუბში სტუდენტები მოვიდნენ. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თურმე მე მათ ველოდებოდი, ახალგაზრდებს, რომლებიც ახალ მუხტს, ახალ ენერგიას შემოიტანდნენ კლუბში. მიმაჩნია, რომ აუცილებელი იყო გაგვეკეთებინა კლუბის ერთგვარი რებრენდინგი. აუცილებელი იყო ძველი და ახალი თაობის თანამშრომლობა, რომელიც მჯერა, უამრავ წარმატებას მოუტანს კლუბს. მინდა განსაკუთრებული პროექტი გამოვყო, ეს არის „ქართველი და აფხაზი ექიმების კავშირი სიცოცხლის გადარჩენისათვის“, რომელიც გულისხმობს აფხაზი ექიმების ჩართვას ჩვენთან არსებულ სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში. ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ მათ. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს აფხაზეთის 4 კლინიკას სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით. წინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გველოდება, ქალთა კლუბის ორგანიზებით არაერთ აქტივობას იხილავთ მომავალში. კლუბში ჩემი პოზიცია, არაჩვეულებრივ ქალბატონს, მაია სურმანიძეს გადავულოცე, რომელიც დარწმუნებული ვარ, წარმატებული, საქმესა და სიახლეებზე ორიენტირებული პრეზიდენტი იქნება, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის კლუბის მუშაობას.
მაია სურმანიძე: – უაღრესად მადლიერი ვიყავი, როცა ჩემმა უფროსმა მეგობრებმა 6 წლის წინ მომიწვიეს ამ ორგანიზაციის წევრად. ეს ორგანიზაცია ჩემთვის ღირებულია იმიტომ, რომ დაფუძნდა იმ ცუდ პერიოდში, როდესაც ყველაზე დიდი გაჭირვება იყო მთელ საქართველოში და ამდენი წელია, ღირსეულად აგრძელებს ფუნქციონირებას. ჩემთვის საამაყოა ქალბატონი ნათელა და ყველა ის ქალბატონი, ვისაც თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაში. შარშან ქალბატონმა ნერიმან ცინცაძემ, რომელიც კლუბის პრეზიდენტი გახლდათ, ამ თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა წამოაყენა. ეს ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ამ ორგანიზაციამ ძალიან ბევრი გააკეთა. მინდა იცოდეს საზოგადოებამ ის გზა, რაც ქალთა კლუბმა გამოიარა. ჩვენი ორგანიზებით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები. 2022 წელს 30 წელი გვისრულდება, რისთვისაც აქედანვე ვემზადებით. იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაცია გაეროს წევრია, ეს ორგანიზაცია არაერთ პროექტს გვთავაზობს. ამიტომ გვინდა ახალგაზრდობასთან ვითანამშრომლოთ, რომ გოგონები, განსაკუთრებით კი სტუდენტები დავაინტერესოთ იმ გრანტებით, რომლებიც მრავლად აქვს გაეროს. ჩემთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი განათლებაა, ვთვლი, რომ თუ ქვეყანაში განათლების დონე მაღალია, ის სახელმწიფო წარმატებულია. წინ არაერთი გამოწვევაა, რომელიც ერთიანი, გუნდური მუშაობით გადაილახება. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ქალბატონს, ვისთვისაც „სოროპტიმისტ ინტერნაციონალი“ მნიშვნელოვანი და საამაყოა. ქალბატონებო, გვიგულეთ თქვენს სამსახურში.

