რამაზ სურმანიძე
გარდაიცვალა გულმხურვალე პატრიოტი, თავდადებული საზოგადო მოღვაწე, ღირსეული მოქალაქე, თვალსაჩინო პროზაიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და მეცნიერი – რამაზ სურმანიძე.
რამაზ სურმანიძე დაიბადა 1933 წლის 10 მაისს შუახევის რაიონის სოფელ ჭალაში. სოფლის არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბათუმის სამედიცინო სასწავლებელში, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, პედიატრიის ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ შეუდგა შრომით საქმიანობას. 1999 წელს მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. იყო პროფესორი, 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
1983 წლიდან იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, 1987 წლიდან – საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
რამაზ სურმანიძის სამწერლო დებიუტი შედგა 1967 წელს მოთხრობით „გულის სახსოვარი“, რისთვისაც მიიღო საკავშირო პრემია.
ბატონი რამაზი გახლდათ ფრიად ნაყოფიერი შემოქმედი. არის 4 რომანის, მოთხრობათა 9 კრებულის, 1000-მდე პუბლიცისტური და საბიოგრაფიო წერილის ავტორი. აქტიურად მუშაობდა ქართული გვარების ისტორიაზე, ამ თემას მიუძღვნა 14 მონოგრაფია.
სხვადასხვა პერიოდში გამოცემული წიგნებიდან აღსანიშნავია: „ემრულა“, „შინ და გარეთ“, „გოგოლა“, „პროზა“, „მურღულის ქვა“, „მფარველი ანგელოზები“, „ლაზეთის ლეგენდა“, „ზეცასთან მოუბარი“ და სხვ.
თარგმნილი აქვს ანტონ ჩეხოვის, ივან კირჩაკოვის, მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოებები.
სხვადასხვა დროს მუშაობდა შუახევის რაიონის მთავარ ექიმად, ბათუმის ჯანდაცვის განყოფილების გამგედ, აჭარის კურორტების მართვის საბჭოს თავმჯდომარედ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრად.
სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მის მიერვე დაარსებული სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის რექტორად.
რამაზ სურმანიძე 1990 წელს დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი გახდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. გარდა ამისა, ოთხგზის იყო არჩეული აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
ბატონო რამაზი დამფუძნებელია არაერთი სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციისა.
მინიჭებული ჰქონდა აბუსერისძე ტბელის, ილია ჭავჭავაძისა და ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიები.
დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.
გახლდათ ქალაქ ბათუმისა და შუახევის რაიონის საპატიო მოქალაქე.
წავიდა ჩვენგან ძვირფასი მეგობარი, დამრიგებელი, კოლეგა, ბრძენი ინტელიგენტი, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული მამულიშვილი. ჩვენი კუთხის წარსულზე და მომავალზე ფიქრში ღამეთა მათევარი – რამაზ სურმანიძე.
წავიდა და მდიდარ შემოქმედებასთან ერთად, დაგვიტოვა უსაზღვრო სევდა და ტკივილი.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ვალმოხდილი მამულიშვილის სული.
დავით თედორაძე,
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაცია
ლალი კონცელიძე,
აჭარის მწერალთა სახლი
სანდრო ბერიძე,
ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქცია