„ვცდილობთ, რომ გამოწვევა, რომელსაც კოვიდ-19 ჰქვია, მაქსიმალურად სწრაფად და უმტკივნეულოდ დავძლიოთ“
მარიამ ხითარიშვილი: 2748 93 –
ტურიზმის სექტორი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით დაზარალდა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კოვიდინფექციამ დააზარალა ეკონომიკის სფეროც. რა გამოწვევების წინაშეა ტურისტული სექტორი აჭარაში და როგორი იყო 2020 წლის ზაფხული – ამ და სხვა საკითხებზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე გვესაუბრება.
– რამდენად წამგებიანი იყო კოვიდის ფონზე შიდა ტურიზმი?
– თუ დავეყრდნობით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკას, ტურიზმის ჭრილში კლება 75-85%-მდეა. ზოგადად, ტურიზმი ეს არის მოგზაურობა, ჩვენს ქვეყანაში კი კოვიდინფექციის პირველი შემთხვევები სწორედ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორიას უკავშირდებოდა. საზღვრების ჩაკეტვამ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა იქონია ტურიზმის სექტორზე. ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი, რადგან, აჭარაში ტურიზმი ერთ-ერთი წამყვანი დარგია, შესაბამისად – მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჩვენი რეგიონის ეკონომიკაში. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში და, ზოგადად, მთელ მსოფლიოში ფრენები შეზღუდული იყო, რიგ შემთხვევაში კი საერთოდ არ ხორციელდებოდა. იმისთვის, რომ ეკონომიკა გადარჩენილიყო და ტურიზმის სექტორში ჩართულ მეწარმეებს, ასევე, სერვისის მიმწოდებლებს ჰქონოდათ შემოსავალი, შიდა ტურიზმმა წინა პლანზე წამოიწია. ჩვენს შემთხვევაშიც, აჭარის რეგიონი შიდა ტურისტებისთვის ყველაზე სასურველი მიმართულებაა, განსაკუთრებით ზაფხულობით, ზღვის სეზონზე. სტატისტიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, წინა წელს მილიონ 980 ათასზე მეტი შიდა მოგზაური გვყავდა. წელს გეგმები შიდა ვიზიტიორებსაც შეეცვალათ და განსხვავებულ ფორმატში მოუწიათ დასვენება. შიდა ვიზიტიორების თავმოყრა, ძირითადად, ჩვენს რეგიონში აგვისტოს და სექტემბრის პერიოდში იყო. წელს განსაკუთრებით დიდი რესურსი დახარჯეს სასტუმროებმა, კვების ობიექტებმა და სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლებლმა, რომ ეპასუხათ იმ სტანდარტებისთვის, რასაც სახელმწიფო ითხოვდა. მომწოდებლები შესაბამის სიმაღლეზე დგანან და ყველა სიახლეს, რეკომენდაციას, რასაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, კვალდაკვალ მიჰყვებიან. როგორც კი შესაძლებლობა იქნება საზღვრების გახსნის, დარწმუნებული ვარ, აჭარის რეგიონი ისევე სწრაფად მოახდენს ადაპტირებას ყველა მოთხოვნაზე, როგორც – ახლა.
– მთავრობა საუბრობდა მწვანე კორიდორის გახსნაზე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. გაიხსნა შიდა ტურიზმი, რამაც კოვიდაფეთქება გამოიწვია.
– რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიღოთ ვიზიტიორები, თუ ამის საშუალება გვექნება, როცა საზღვრები გაიხსნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხე მინიმუმადე იქნება დაყვანილი, მაგრამ ახლა მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაა და მათთვის ყველა იმ მომსახურების მიწოდება, რომელსაც ისინი საჭიროებენ. მოგეხსენებათ, ახლა აჭარის რეგიონში პანდემია პიკს აღწევს. რეგიონი მე-8 თვეა მასპინძლობს და ზრუნავს სარფიდან და პორტის საზღვრიდან შემოსულ მგზავრებზე, ვიღებთ სპეცრეისებსაც. აჭარის რეგიონში საკარანტინო ზონაში ამ მომსახურებით უკვე 35 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. ამ ყველაფერში ჩართული იყო ტურიზმის ტეპარტამენტის სხვადასხვა რგოლი და ჯანდაცვის სამინისტრო. ვფიქრობთ, რომ ვირუსის პრევენციის კუთხით ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც რეგიონი ამ ეტაპზეც ახორციელებს.
– აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდშიც და აქტიურად მუშაობს ახლაც. ძირითადად, რა მიმართულებით ახორციელებთ პროექტებს?
– როდესაც პანდემია გამოცხადდა, თებერვლის თვეში, საკოორდინაციო საბჭოს და აჭარის მთავრობის ინიციატივით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საკარანტინო ზონების მოწყობა და მართვა დაგვევალა. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ აჭარის რეგიონში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებზე. ტურიზმის დეპარტამენტს მთლიანად შეგვეცვალა სამუშაო დღის წესრიგი და განისაზღვრა კონკრეტული პრიორიტეტები. პირველი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, საკარანტინო სივრცეების მართვა და მოწყობაა. იდგა ყველაზე მწვავე საკითხი, რომელზეც დამოკიდებული იყო როგორც ჩვენი რეგიონი, ასევე ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მართვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო სერვისების განვითარება, რადგან როგორც კი აღდგება მოგზაურობა, კონკურენცია ძალიან მაღალი იქნება. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს მომზადებული სერვისები და ტურისტული პროდუქტები, რომლითაც ამ კონკურენციას ვუპასუხებთ. ამ კუთხით არცერთი პროექტი არ შეგვიჩერებია.
– კოვიდთან მიმართებაში, ტურიზმის კუთხით რა ტიპის ტრენინგები ჩატარდა ზღვისპირეთში და რომელ მუნიციპალიტეტებში?
– ყველგან, როგორც ზღვისპირეთში, ისე მაღალმთიანეთის კურორტებზე, სასტუმროების და კვების ობიექტების პერსონალისთვის, ტურისტული გიდებისთვის მუშაობა არ შეგვიწყვეტია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბოლო წლებში რეგიონში 3000-ზე მეტი ტურისტული სერვისის მიმწოდებლისთვის ჩაატარა ტრენინგები. გასულ წელს ამ მიმართულებით არაერთი საჯარო ლექცია, სემინარი და თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა, მათ შორის, მთიან აჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის. ამასთან ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთშორისო ორგანიზაციებთან. რაც შეეხება შავიზღვისპირეთს, აქ ჩვენ ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მობილიზება გავუკეთეთ სექტორს და რამდენიმე ჯგუფი დატრენინგდა როგორც ბათუმში, ისე ქობულეთში. ჩავატარეთ ტრენინგები კოვიდის მიმართულებითაც, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესახებ იყო საუბრები განთავსების და კვების ობიექტების წარმომადგენლებთან. სწორი ფუნქციონირება და კოვიდსტანდარტებთან თანხვედრა ტრენინგის მთავარი თემა გახლდათ. ტრენინგების მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გადიან პრაქტიკულ სწავლებას, როგორებიცაა კოვიდსტანდარტების დაცვით სასტუმრო ნომრებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება, შრომითი უსაფრთხოება, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის ქსოვილის, ზედაპირის რეცხვა-დასუფთავების სპეციფიკა და თავად დასუფთავების სამსახურის როლი სასტუმროში. ვცდილობთ, შევქმნათ ელექტრონული პლატფორმა, სადაც განთავსდება როგორც ვიდეოგაკვეთილები, ასევე ტრენინგები და ეს პლატფორმა ძალიან მალე დასრულებული იქნება. აქამდეც ელექტრონული ფორმით ძალიან აქტიურად ვურთიერთობდით კერძო სექტრთან და არაერთი მნიშვნელოვანი ტრენინგი ჰქონდათ მათ სერვისებთან მიმართებაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრადიციული, აჭარული კერძების პოპულარიზაციისა და მათი კვების ობიექტებში დანერგვის მიზნით, მზარეულებისთვის კულინარიულ მასტერკლასებს გეგმავს. პროექტი, რომელშიც პოპულარული შეფმზარეულები ჩაერთვებიან, ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი კერძების წარმოჩენას, ასევე ტურისტული სერვისის მიმწოდებლებისთვის სახელმძღვანელო ვიდეორგოლების შექმნას ისახავს მიზნად. მასტერკლასები ქობულეთში, სარფსა და მთიან აჭარაში ტურისტულად მიმზიდველ ადგილას, ღია სივრცეში ჩატარდება, სადაც თავდაპირველად ეთნოლოგი სტუმრებს კუთხისთვის დამახასიათებელ სამზარეულოს გააცნობს, რის შემდეგაც მომზადდება კერძები და ჩატარდება მისი სერვირების მასტერკლასი. იგეგმება მასტერკლასების შესახებ თემატური ვიდეორგოლებისა და ფოტორეცეპტების შექმნა, რომლებიც ნებისმიერი მსურველისთვის ონლაინ, ახალ ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. მასტერკლასებს აჭარაში მოქმედი კვების ობიექტების, საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები და გიდები დაესწრებიან.
– რამდენად სწორად წარიმართა ზაფხულის ტურისტული სეზონი, გამოიღო თუ არა ნაყოფი ტრენინგებმა?
– ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება დაახლოებით 200-300-მდე ობიექტმა გაიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის 300 ობიექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში იღებდა და მასპინძლობდა სტუმრებს. რა თქმა უნდა, მათ ამით შემოსავალი მიიღეს და რეგიონში, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, სერვისის მიმწოდებლები ძალიან აქტიურად მუშაობდნენ. ამის შედეგებს ჩვენ ნაწილობირივ ახლა ვიმკით და ამისთვისაც ტურიზმის დეპარტამენტი და ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობის სხვა უწყებებთან ერთად, ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად გაეცეს იმ გამოწვევებს პასუხი, რომელიც ახლა რეგიონში გვიდგას. აჭარის რეგიონი წითელ ზონადაა გამოცხადებული და ძალიან მზარდი იყო ინფიცირებულთა რაოდენობაც, თუმცა აღნიშნული პროცესი მართულია. დაახლოებით 50-მდე სასტუმროა, რომლის ნაწილი კოვიდსასტუმროდ მუშაობს და მსუბუქი სიმპტომის კოვიდინფიცირებულებს მასპინძლობს, ნაწილი სტანდარტული კარანტინის პროექტებშია ჩართული, ნაწილი კი ცხელების სასტუმროებადაა გადაკეთებული. ყოველდღიურად სასტუმროებში 3000-ზე მეტი ადამიანი გვყავს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ინფიცირებულებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ვცდილობთ, გამოწვევა, რომელსაც კოვიდ-19 ჰქვია, მაქსიმალურად სწრაფად და უმტკივნეულოდ დავძლიოთ.
– რამდენად აკმაყოფილებს აჭარაში არსებული სასტუმროები კოვიდუსაფრთხოების ნორმებს?
– კოვიდსასტუმროები, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, ისინი შემოწმებულია. ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგებიც და ყველაფერი კონტროლირებულია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სასტუმროების მფლობელებისგან ბევრი განაცხადი გაკეთდა, რომ აქვთ დაკმაყოფილებული ყველა სტანდარტი და კოვიდის პერიოდში სურვილი აქვთ მიიღონ სტუმრები. მათ შრომის ინსპექცია და აჭარის მუნიციპალური სერვისები ამოწმებს, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ სტუმრების მიღების უფლება. ამ ეტაპზე, უსაფრთხოების რეგულაციების მონიტორინგი რეგიონში არსებულმა 250-მდე სასტუმრომ გაიარა.
– ახალი ვებპლატფორმის შექმნის შესახებ რას გვეტყვით?
– კოვიდის პერიოდში მუდმივი ტრენინგებია, თუმცა ყველა ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს თავისუფალი დრო და ვერ შეუერთდდეს იმ შეხვედრას, რაც იმართება. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ, რომ გვქონდეს ონლაინპლატფორმა, რომლითაც ადვილად ისარგებლებენ მთიანი მუნიციპალიტეტების საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები. საიტს ექნება მარტივი საძიებო სისტემა, განთავსებული იქნება როგორც სატრენინგო პროგრამები, ასევე ვიდეოგაკვეთილები, მომხმარებლები ძალიან მარტივად შეძლებენ რეგისტრაციას და ონლაინრეჟიმში დაესწრებიან ყველა იმ ტრენინგს, რომელსაც ტურიზმის დეპარტამენტი განახორციელებს.
– ხართ თუ არა მზად ზამთრის ტურიზმისთვის?
– ამ ეტაპზე რეგიონში ძალზედ რთული ეპიდსიტუაციაა და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ დეკემბერშიც იგივე მდგომარეობა გვექნება, რაც ახლა გვაქვს, შესაძლებელია შევზღუდოთ ზამთრის და საახალწლო ტურიზმთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება. დღეს პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა, ამიტომ, სანამ რეგიონში ეპიდსიტუაცია არ დასტაბილურდება, ზამთრის პერიოდში აჭარაში დასვენების პოპულარიზაცია და სტიმულირება მიზანშეწონილი ვერ იქნება. იმედი გვაქვს, ნოემბერში გადავლახავთ ამ მწვავე კრიზისს, რაც კოვიდინფექციის თვალსაზრისით გვაქვს და უკვე შესაძლებელი იქნება, სტანდარტების დაცვით ყველა იმ სერვისის მიწოდება ვიზიტიორებისთვის, რაც ჩვენ ზამთრის კურორტებზე გვაქვს.
– კურორტი გოდერძი მიიღებს წელს ვიზიტიორებს?
– თუ პანდემიური სიტუაცია დასტაბილურდება, რა თქმა უნდა, მიიღებს. ევროპაშიც ასეთი ტენდენციაა, რომ კოვიდის პერიოდში ეკო, სამთო და სოფლის ტურიზმი ყველაზე უსაფრთხოა. ღია ცის ქვეშ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენებას ყველა უწევს რეკომენდაციას. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ მთის რესურსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ეტაპობრივად, სტანდარტების დანერგვის პარალელურად, უნდა გაიხსნას როგორც ეკონომიკის, ისე ტურისტული მიმართულებები. ეს უნდა იყოს დაფუძნებული ეპიდსიტუაციაზე და იმ შედეგებზე, რომელიც ჩვენ ამა თუ იმ პერიოდისთვის გვექნება. თვითონ კურორტი გოდერძი ახალი დასასვენებელი ადგილია. იქ ახლა მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. უკვე მზადაა ახალი სასტუმროები და საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომლებიც სეზონისთვის ემზადებიან. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება, ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყებთ ამ მიმართულებების სტიმულირებას და როგორც გოდერძიზე, ისე გომარდულში ზამთრის პერიოდში დასვენება შესაძლებელი იქნება.