თორნიკე რიჟვაძე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს შეხვდა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
„მოგვეცით გადაადგილების საშუალება“, „გვასწავლეთ, 200 ლარად როგორ ვარჩინოთ ოჯახები“, „დახმარება – ქირით მცხოვრებთ“ „სესხის გადავადება 0 პროცენტით“, „დაგვიბრუნეთ სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი“, – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით რამდენიმე დღის წინათ ბათუმში მშვიდობიანი აქცია გაიმართა.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა: მძღოლებმა, მუსიკოსებმა, კაზინოების თანამშრომლებმა, თურქეთში დასაქმებულებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრები დარჩნენ, აქცია სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ. რეგიონის პირველი პირი მათ მეორე დღეს შეხვდა. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გულო ხასაია გაზეთ ,,აჭარასთან’’ საუბარში აღნიშნავს, თორნიკე რიჟვაძისგან მათ დაპირება მიიღეს, რომ გარკვეულ პრობლემებს აუცილებლად მოაგვარებდა.
– როგორც უკვე იცით, გვქონდა მშვიდობიანი, აპოლიტიკური აქცია და ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების პროცენტის გადავადება, ასევე სახელმწიფოსგან დაწესებული საკომპენსაციო თანხის გაზრდა და დახმარების გაგრძელება. შევხვდით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს, თუმცა ამისთვის დაგვჭირდა დიდი ბრძოლა – მე და ჩემმა აქციაზე შეძენილმა მეგობრებმა მივმართეთ უკიდურეს ფორმას – შიმშილობას . ის დაგვპირდა, რომ განიხილავდა და გადახედავდა საერთო პრობლემებს და მაქსიმალურად თუ ვერა, მინიმუმის გაკეთებას მაინც შეძლებდა. ვიმედოვნებთ, რომ უმოკლეს დროში დანაპირებს შეასრულებს. რაც შეეხება საბანკო სექტორს, ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. ვიმედოვნებთ, რომ წამოვლენ დათმობაზე, რადგან სხვა გზა, უბრალოდ, არც მათ აქვთ და არც ჩვენ – თუ უნდათ, რომ გადამხდელუნარიანი ხალხი არ დაკარგონ. ვიცით, ჩვენნაირი პრობლემა საქართველოს თითქმის ყველა მეორე ოჯახშია, მაგრამ აქციის მეორე დღეს მხოლოდ 7 მოშიმშილე დავრჩით, რატომღაც მოსახლეობის თანადგომა ვერ ვიგრძენით. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომ ნელ-ნელა მოხსნიან შეზღუდვებს და ჩვენს პრობლემებს მოაგვარებენ, თუ ეს მინიმუმი არ შესრულდება, ჩვენი, იმ 7 ადამიანის შემდეგი ნაბიჯი იქნება მდუმარე აქცია, პლაკატების და შეძახილების გარეშე. არავის მოვუწოდებთ მოსვლას და გვერდში დგომას, გარდა მედიის წარმომადგენლებისა. ეს თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. იმედს ვიტოვებთ, ამის აუცილებლობა აღარ დადგება, – გვითხრა გულო ხასაიამ.
აქციის მონაწილეებს რეგიონის პირველი პირი დახურულ კარს მიღმა შეხვდა, რომლის დასრულების შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, განიხილოს და არსებული რესურსის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად, დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.
– როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური გამოწვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ვერ ფუნქციონირებს ბოლომდე და სრულყოფილად, განსაკუთრებით რეგიონში, ჩვენ ყველა ამ მოქალაქეს, რომელსაც აქვს კონკრეტული პრობლემები, ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვდებით და გავაკეთებთ მაქსიმუმს მათ მხარდასაჭერად. ეს იქნება როგორც ბანკებთან მიმართებაში, ასევე მათი მიმდინარე სოციალური პრობლემების გადაჭრა და არც ერთი მოქალაქე შესაძლებლობის ფარგლებში არ დარჩება უყურადღებოდ, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში დაწესებული რეგულაციების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში შესაძლოა, ამ კვირიდან დადგეს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც არსებული რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის საშუალებას იძლევა.
მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება.